სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

1:23 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ლიდერთა სამეულშია

უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (2451), ქართველი ნანა ძაგნიძე (2541) და რუსი ვალენტინა გუნინა (2501), აი, ის სამეული, რომელიც 5 ტურის თავზე 4.5 ქულით ევროპის მე-15 ინდივიდუალურ ჩემპიონატს ლიდერობს და დამატებითი მაჩვენებლებით, აღნიშნული მიმდევრობა გააჩნია.

გასულ ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით სომეხი ლილიტ მკრტჩიანი (2446) დაამარცხა, ჟუკოვამ თეთრებითვე თანამემამულე მარია მუზიჩუკს (2521) სძლია, ხოლო გუნინამ შავებით რუმინელ კრისტინა-ადელა ფოიშორს (2382) მოუგო.

ლიდერებს ნახევარი ქულით 6 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელთა შორის 2 ქართველია. ლელა ჯავახიშვილმა თეთრი ფიგურებით უკრაინელი ინა გაპონენკო (2380) დაჯაბნა, ხოლო ნინო ხურციძემ თეთრებითვე რუს დარია ჩაროჩკინას (2375) აჯობა. დამატებითი მაჩვენებლებით, ლელა მეექვსეა, ნინო კი – მეშვიდე.

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპირველობაზე მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 13. სალომე მელია (2454) – 3.5; ...16. ნინო ბაციაშვილი (2417) – 3.5; ...34. მერი არაბიძე (2406) – 3.0; ...37. სოფიო გვეტაძე (2356) – 3.0; ...43. სოფიკო გურამიშვილი (2402); ...109. მადონა ბოკუჩავა (2027) – 1.0;

მე-6 ტურში პირველ დაფაზე გუნინა და ძაგნიძე ითამაშებენ, სხვა გამორჩეული წყვილები კი ასე გამოიყურება: ოლგა გირია (რუსეთი, 2493) – ჟუკოვა, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2476) – ხურციძე, მონიკა სოცკო (პოლონეთი, 2462) – ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მონაწილეთა შორის 26 ქვეყნის 106 მოჭადრაკეა, მათ შორის 96 – საერთაშორისო წოდების მქონე.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონის წილად 11 000 მოდის. მეორე ადგილი – 9 000-ს მიიღებს, მესამე – 7 000-ს, სულ კი საპრიზო თანხებს მოწინავე ოცეულში გასულები მიიღებენ. მე-20 ადგილოსანს 1 000 ევრო ერგება.

პირველ თოთხმეტ პოზიციაზე გასული მოჭადრაკეები ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

ჩემპიონატი 11 ტურად 17 ივლისის ჩათვლით ტარდება, 13 ივლისის გარდა. ამ დღეს მონაწილეები დაისვენებენ. ისიც ვთქვათ, რომ 40 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118297