ჭადრაკი

23:58 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და ხოტენაშვილი ლიდერებს ჩამორჩნენ

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში გრძელდება ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში, რომელშიც საქართველოს ღირსებას ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი სცდიან.

პირვე ეტაპზე მონაწილეები ერთმანეთს რაპიდში ეჯიბრებიან და უკვე 10 ტურიც ჩაითამაშეს. სამწუხაროდ, არსებული შედეგები ქართველთათვის არასახარბიელოა.

ამ დროისთვის, ხოტენაშვილს და ძაგნიძეს 4.5-4.5 ქულა აქვთ და შესაბამისად, ოცდამეოთხე-ოცდამეხუთე ადგილებზე იმყოფებიან.

ტურნირის მე-2 დღეს ხოტენაშვილი ინდოელ ჰარიკასთან, რუს დროზდოვასთან და უზბეკ მუმინოვასთან დამარცხდა, რუსებთან – სვირიდოვასთან და გორიაჩკინასთან კი გამარჯვებები იზეიმა.

სამწუხაროდ, მეექვსე-მეათე ტურები მოგების გარეშე განვლო ძაგნიძემ. ნანა უკრაინელებს – უშენინას და ლაჰნოს დაუზავდა, ბულგარელ სტეფანოვასთან, უკრაინელ გაპონენკოსთან და ჩინელ ქსაოსთან კი მარცხი განიცადა.

25 აპრილს რაპიდში დარჩენილი 5 ტურის პარტიები შედგება. მე-11 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით უზბეკ მუმინოვას ეთამაშება, ხოტენაშვილი კი თეთრებით უკრაინელ ჟუკოვას გაეჯიბრება.

10 ტურის თავზე 7.0 ქულით უკრაინელი ლაჰნო, რუსი კოსტენიუკი და ბულგარელი სტეფანოვა ლიდერობენ, რომელთაც 0.5 ქულით რუსები – გირია და გუსევა და სლოვენიელი მუზიჩუკი ჩამორჩებიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში 14 ქვეყნის წარმომადგენელი 34 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას, რაპიდში შეჯიბრის შემდეგ კი, 26-28 აპრილს, მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცში დაუპირისპირდებიან.

ორივე ასპარეზობა 15 ტურად იმართება, ოღონდ ბლიცებში, რაპიდისგან განსხვავებით, მეტოქეები დაწყვილებულ შეხვედრებს გამართავენ (თეთრებით და შავებით).

0.126187