საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და ვარშავის “ლეგიას” თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა ინტერნეტპორტალ “სუპერ ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები გავიდნენ.
- ევრო-2016-ის კენჭისყრის შედეგები როგორ აღიქვით?
- კენჭისყრას თვალი ყურადღებით ვადევნე. მე ორი ფავორიტი მყავს. მინდა, რომ საქართველო და პოლონეთი ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
- კენჭისყრის შესახებ საქართველოში მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ესაუბრეთ?
- დიახ, საქართველოდან დამირეკეს. თითოეული კენჭისყრის შემდეგ, ჩემს შთაბეჭდილებაზე მეკითხებოდა. მე ვუთხარი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ. პოლონეთს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ. მე ორივე ნაკრებს საუკეთესოს ვუსურვებ.
- ალბათ, ამ თემაზე გასახდელში კოლეგებთანაც ილაპარაკე “ლეგიადან”?
- რა თქმა უნდა, გასახდელში ვისაუბრეთ, მაგრამ არ გვიხუმრია და ფსონებიც არ გაგვიკეთებია, რადგან ამისთვის ჯერ ძალიან ადრეა. უბრალოდ, ბიჭებმა მითხრეს, რომ მათთან ძალიან ძლიერად არ მეთამაშა. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენს პატარა დაპირისპირებას უფრო მსუბუქად განვიხილავთ (იცინის).
- ასეთი ჯგუფიდან გასვლის შანსს როგორ შეაფასებთ?
- ფავორიტი გერმანიაა, რაც უდავოა. შოტლანდია, ირლანდია, პოლონეთი და საქართველო თანაბარი ძალის გუნდებია და მეორე-მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. ამ გუნდებთან თამაში და მოგება შეიძლება. გერმანიასთან შანსი არავის აქვს. თუ აქვს, ძალიან მცირე.
-კლუბში ძლიერი კონკურენტი გამოგიჩნდათ პორტუგალიელი ორლანდო სას სახით. ამის გამო, ცოტა ხომ არ ნერვიულობთ? თავის გამოჩენა უფრო რთული ხომ არ იქნება?
-კონკურენცია კარგია. ჩემი აზრით, ამჟამად ეს მისთვის უფრო რთული იქნება. ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც “ლეგიასთვისაა” უკეთესი. მე რთულ პირობებში ვარჯიში და მუშაობა მომწონს. ამაში სპეციფიური არაფერია. არ მეშინია. თავს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვგრძნობ. ფორმაში ვარ, მაგრამ მწვრთნელის გადასაწყვეტია მათამაშებს თუ არა. წითელი ბარათის გამო კიდევ ერთ თამაშს გამოვტოვებ და შემდეგ მოედანს დავუბრუნდები.