ვარშავის "პოლონიას" ქართველმა ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა განაცხადა, რომ კლუბში ბედნიერია და ის მეთოდებიც მოსწონს, რაც იოზეფ ვოიცეხოვსკის ("პოლონიას" პრეზიდენტი) აქვს. ცნობისთვის, ვოიცეხოვსკი განსაკუთრებულად ემოციური ადამიანია და არცერთ პოლონურ კლუბს არ ჰყავს მსგავსი პოპულარული პრეზიდენტი.
"კლუბის პრეზიდენტი მართალია. მისი საქმისადმი მიდგომა მომწონს. მხოლოდ ორი მიმართულება აქვს: თუ იგებს, ბედნიერია, თუ ვერა – ბევრს ყვირის", – თქვა დვალიშვილმა TVP-სთან საუბარში.
"პოლონიას" "პოლონურ “ჩელსის" ეძახიან, რადგან მდიდარი კლუბია.
"ეს კარგია. "პოლონური “ჩელსი" სახელს ამართლებს. ჩვენ ამბიციური და მუდამ მოსაგებად შემართული გუნდი ვართ", – ამბობს ლადო.
პოლონური ექსტრაკლასას გასულ ტურში, "შლასკთან" (3:0) მატჩში ქართველმა 37-ე წუთზე გახსნა ანგარიში და ეს სეზონში მისი მეორე გოლია. დვალიშვილმა "შლასკთან" მატჩზეც ისაუბრა:
- ეს იყო მწვრთნელ ჩესლავ მიხნევიჩის პირველი მატჩი "პოლონიას" სათავეში. კარგი თამაში აჩვენეთ. რისი გაკეთება მოასწრო მიხნევიჩმა რამდენიმე დღეში?
- უპირველესად, ძალიან კარგად ვითამაშეთ დაცვაში. მეტოქეს გოლის გატანის საშუალებას თუ არ მისცემ, 90 პროცენტით მოგებული გაქვს მატჩი. მიხნევიჩმა სულ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა და სიტუაციის შესაცვლელად დრო არ ჰქონია. ისე, ბევრის შეცვლაც არაა საჭირო, რადგან ყოფილმა მწვრთნელმა იაცეკ ზელინსკიმ კარგად იმუშავა.
- ზელინსკი შეტევის მარცხენა ფლანგზე გათამაშებდათ, "შლასკთან" კი უკანდახეული ფორვარდი იყავით. ეს თქვენი საყვარელი პოზიციებია თუ ცენტრალურ თავდამსხმელად გირჩევნიათ?
- ისრაელში გამოკვეთილი თავდამსხმელი ვიყავი და სწორედ აქ ვგრძნობდი თავს ყველაზე კონმფორტულად. თუმცა, არ ვწუწუნებ. სადაც გუნდს და მწვრთნელს დავჭირდები, იქ უნდა ვითამაშო. "შლასკთან" დავალება მქონდა, რომ ბურთი ფლანგებისკენ, ან ცენტრფორვარდის ზონაში გადამეცა. რამდენჯერმე კარშიც დავარტყი.
- კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით?
- თავს ნუ შემაფასებინებთ. მოდით, ჟურნალისტებმა განსაჯონ. განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, მწვრთნელებმა.
ილია ნანობაშვილი