ვარშავის "ლეგია", რომლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლადო დვალიშვილია, პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ეს მოხდა ექსტრაკლასას დასრულებამდე 2 ტურით ადრე. მართალია, "ლეგიამ" თავისი მატჩი ვერ მოიგო (1:1 "ვიძევთან"), მაგრამ ერთადერთმა კონკურენტმა "ლეხმა" შინ მოულოდნელად წააგო "პოდბესკიძიესთან" (0:2), სხვაობა კი გუნდებს შორის 6 ქულა გახდა და რადგან ურთიერთშეხვედრებში "ლეგიას" უპირატესობა აქვს, ავტომატურად ჩემპიონობაც იზეიმა.
"ლეგია" 2006 წლის შემდეგ პირველად, სულ კი მეცხრედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. როგორც იცით, დვალიშვილის გუნდმა წლეულს თასიც მოიგო და თანაც, ზედიზედ მესამედ.
27 მატჩი, 12 გოლი - ასეთია ლადოს სტატისტიკა მიმდინარე სეზონში (მხოლოდ ექსტრაკლასაში). ამ 12 გოლიდან, ქართველმა 7 "პოლონიას" რიგებში შეაგდო. დვალიშვილი მეორე-მესამე ადგილებს იყოფს ბომბარდირთა დავაში, პირველზე კი "პოდბესკიძიეს" ფორვარდი დემიანია 13 გოლით.
პოლონეთის ექსტრაკლასაში სხვადასხვა დროს არაერთ ქართველს უთამაშია (გია გურული, გია ჯიშკარიანი, ზაზა რევიშვილი, მამია ჯიქია, კობა შალამბერიძე, ნიკა ძალამიძე...), თუმცა დვალიშვილი პირველია, რომელიც ჩემპიონი გახდა.