ლადო დვალიშვილი გამოჯანმრთელდა და პოლონური ექტსრაკლასას უახლოეს ტურში სათამაშოდ მზად იქნება. ვარშავის “ლეგიას” ქართველ ფორვარდს სიცხე და ვირუსი ჰქონდა, რის გამოც ბოლო მატჩები გაუცდა.
“ანტიბიოტიკებმა მიშველა. შეუძლოდ ვიყავი და ორი კვირა გამიცდა. ახლა კი მწყობრში ვარ და ვვარჯიშობ. ცოტა დრო მინდა, რომ აღვიდგინო ფორმა. თამაში შემიძლია, მაგრამ ვნახოთ, მწვრთნელი როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე იქნება” – უთხრა დვალიშვილმა ”მსოფლიო სპორტს”.
პოლონურ ექტსტრაკლასაში 30-ტურიანი რეგულარული სეზონი დასრულდა და ახლა 8 საუკეთესო გუნდი ცალკე, განახევრებული ქულებით გააგრძელებს ბრძოლას. ისინი ერთმანეთში ერთ წრედ ითამაშებენ. “ლეგია” 10-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა, მაგრამ ქულების განახევრების შემდეგ, უახლოეს მდევარ “ლეხს” 5 ქულითღა უსწრებს. 26 აპრილს “ლეგია” “ზავიშას” უმასპინძლებს.
“7 მატჩი დაგვრჩა, აქედან 4 შინ. ბოლო 2 თამაში სწორედ შინ გვექნება. ჩემპიონობის შანსი? ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენს ხელშია. 5 ქულა მცირე სხვაობა არაა. ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და მჯერა,”ლეგია” წლეულსაც ჩემპიონი გახდება”.
დვალიშვილს მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, ბომბარდირთა შორის პირველზე კი “პოგონის” ფორვარდი რობაკია 20 გოლით.