სხვა

15:25 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუშეთი ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

11-13 სექტემბერს დუშეთის კულტურის სახლი ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს პირველობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდება, ჩემპიონობისთვის კი 60 სპორტსმენი იბრძოლებს.

11 სექტემბერს საუკეთესოები 60, 62, 69 წონით კატეგორიებში გამოვლინდება, 12 სექტემბერს მედლებს 77, 85 და 94 წონაში გამომსვლელი ძალოსნები გაითამაშებენ, 13 სექტემბერს კი – 105 და მძიმე წონაში მონაწილე სპორტსმენები. ჩემპიონატი ყოველდღე 12:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 6-16 ნოემბერს ალმატიში (ყაზახეთი) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა. მსოფლიოს პირველობაზე დაიწყება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ბრძოლაც.

ძალოსნები ოლიმპიადის ლიცენზიებს წლეულს და გაისად გასამართი მსოფლიოს პირველობებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაითამაშებენ. ოლიმპიადის საგზურები გუნდური შედეგების მიხედვით გადანაწილდება. ქულების საერთო მაჩვენებლით 1-6 ადგილზე გასული ნაკრებები 6 ლიცენზიას მიიღებენ, მე-7 მე-12 ადგილოსნები 5-ს, მე-13 მე-18 პოზიციაზე მოხვედრილი გუნდები 4-ს, ხოლო 19-დან 27-ე პოზიციაზე მოხვედრილი ნაკრებები 3 ლიცენზიას.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.121812