თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში “ტოტენჰემთან” გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს. “დინამოს” ნახევარმცველმა ირაკლი ძარიამ კი აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი, ვინც კი მოედანზე გავა, ბოლომდე დაიხარჯება.
დუშან უჰრინი:
-ძალიან რთული თამაში გვექნება. ამ მატჩს დიდი ხანი ველოდით. საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებთ. მეტოქეს ვაფასებთ, მაგრამ ხვალ სახლში ვთამაშობთ და გამარჯვებას შევეცდებით. ვარაუდების გამოთქმაც შეიძლება - თუ გავუშვებთ, მეტოქეზე მეტი გოლის გატანას შევეცდებით. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, რადგან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. ამიტომ საკუთარ კარში გოლი არ უნდა მივიღოთ.
ირაკლი ძარია:
-ძალიან რთული თამაში გველის, “ტოტენჰემს” წარგდენა არ სჭირდება - ის ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ყველა საბრძოლველად ვართ განწყობილი. გამარჯვება და გულშემატკივრის გახარება გვინდა.
- “სტიაუასთან” პენალტის გაფუჭების შემდეგ გუნდში პენალტის დამრტყმელს თუ შეცვლით?
დუშან უჰრინი:
არ არის გამორიცხული, პენალტის დამრტყმელიც შევცვალოთ.
-კარგა ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყავით. ითამაშებთ თუ არა “ტოტენჰემის” წინააღმდეგ?
ირაკლი ძარია:
-მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვითამაშებ თუ არა. თავს კარგად ვგრძნობ, ერთი კვირაა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. თუ მათამაშებენ, რამდენი წუთიც არ უნდა იყოს, თავს არ დავზოგავ.
- “ტოტენჰემთან” თამაში ძალიან რთულია, როგორი განწყობაა გუნდში?
დუშან უჰრინი:
-ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ იმ ტურნირს, სადაც ვთამაშობთ. ის უფრო რთულია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები იბრძოლებენ. გუშინ ყარაგანდის “შახტიორმა” “სელტიკს” აჯობა. რა თქმა უნდა “ტოტენჰემს” “სელტიკს” არ ვადარებ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
- კიდევ თუ იგეგმება “დინამოში” ტრანსფერები?
- მინდა გადაჭრით ვთქვა - ამ ეტაპზე ტრანსფერები არ იქნება.
- დაცვის თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- ბოლო მატჩში “დილასთან” სამი მიუტევებელი შეცდომა დავუშვით. დაცვის თამაშით მთლიანად კმაყოფილი ვერ ვიქნები. უკანა ხაზმა “სტიაუასთან” გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე “დილას” წინააღმდეგ.
- “დინამოს” რის ხარჯზე შეუძლია წარმატებას მიაღწიოს?
ირაკლი ძარია:
- პირველყოვლისა, ბრძოლითა და თავდადებით. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, ისინიც ადამიანები არიან და ჩვენც. ვინც გავა მოედანზე, წარმატების მისაღწევად არაფერს დაიშურებს.
- “სტიაუასთან” მატჩში ცდილობდით მაღალი ტრაექტორიით ბურთის ჩაწოდებებით გეთამაშათ, ხვალინდელ მატჩში თუ შეცვლით ტაქტიკას?
დუშან უჰრინი:
- ხვალისთვის ტაქტიკას შევცვლით.