ფეხბურთი

16:26 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დრულოვიჩი: "საქართველოს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს"

როგორც იცით, 23 ივლისს, თბილისის დროით 19:30 საათზე ლიტვის ქალაქ მარიამპოლეში საქართველო-სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩი დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ისეთი ვითარებაა, რომ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, თუმცა II ტური ძალიან ბევრს გაარკვევს. სერბეთმა პირველ ტურში თურქებს 2:1 სძლია, საქართველო-საფრანგეთი კი 0:0 დასრულდა. ასე რომ, ბალკანელებთან თამაშის მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სერბების მწვრთნელი, "პორტუს" ყოფილი ლიდერი ლიუბინკო დრულოვიჩი საქართველოს ნაკრებს ასე ახასიათებს: "ბრწყინვალე გუნდი".

"თურქებთან თამაშის შემდეგ, გახარებული და ამაყი ვარ. ეს პირველი ნაბიჯი იყო. ჯგუფში ფავორიტად არ გვასახელებდნენ, ახლა კი სხვა სტატუსი გვაქვს და ყველაფერი ჩვენს ხელშია. საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ და გვესმის, რომ დიდი ბრძოლა იქნება. მათ ელიტ-რაუნდში ინგლისი, ბელგია და შოტლანდია ჩამოიტოვეს, ლიტვაში კი ფრანგებს 0:0 ეთამაშნენ. ქართველებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ: ფიზიკურად ძლიერი ბიჭები არიან და დიდი მოტივაციით თამაშობენ. ქართველებთან საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს მინდორს მიღმა, რადგან წლეულს უკვე ორჯერ ვეთამაშეთ. ვეცდებით, ნახევარფინალის საგზური ხვალვე მოვიპოვოთ. საამისოდ კარგი შანსი გვაქვს", - თქვა დრულოვიჩმა.

თურქებთან ერთ-ერთი გოლის ავტორმა ანდრია ლუკოვიჩმაც მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნაკრებს:

"საქართველოს ნაკრებს ვიცნობთ, მშვენიერი გუნდია და გამართულად თამაშობენ. არავისი გვეშინია და არც არავის ვემუქრებით. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ".

შეხსენებისთვის, საქართველოს ნაკრებმა დრულოვიჩის გუნდთან წლეულს პორტუგალიის ტურნირზე 1:2 წააგო, შემდეგ კი სერბეთში, ამხანაგურ მატჩში 1:0 სძლია.

აქვე ვთქვათ, რომ საქართველო-სერბეთს ორელ გრინფილდი (ისრაელი) იმსაჯებს.

0.117031