სტატიები

14:17 | 4.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

დროში ამონაკრები (მურთაზ ხურცილავა)

 იმხანად „სარბიელში“ ვწერდი. ახალაყვანილი ჟურნალისტი მერქვა და ბუნებრივია, უფრო მეტს ვისმენდი, ვიდრე ვლაპარაკობდი. მე შენ გეტყვი, მოსასმენი გამოგელეოდა - ისეთი ხალხი იყო თავმოყრილი (მაშინ „სასტავს“ ვეძახდით, ახლა „სტაფი“ ჰქვია)...
ჰოდა, გაიმართა მორიგი სჯა-ბაასი და მოსჯაბაასეთა უმრავლესობა მივიდა ერთ აზრამდე: ყველაზე მაგარი მაინც მურთაზ ხურცილავა იყოო...
 
ფეხბურთში მოწონება-არმოწონება სუბიექტური საგანია - კაცია და ხასიათი, მაგრამ მე მაშინ ვერც ამას ვიტყოდი, ვერც იმას - მისი მხოლოდ გაცილება მახსოვდა, ისიც ბუნდოვნად და ცოცხლად თამაშს რაც შეეხეება, მხოლოდ მუშტაეთში, წიდისსაფარიან მოედანზე მყავს ნანახი, თან სულ თავდასხმაში თამაშობდა.
კიდევ გოჩა კაჭარავას ნათქვამი მახსოვს: კაცი, რომელიც ასე გამართულად ლაპარაკობს, არ შეიძლება ჭკვიანიც არ იყოს, არ მიკვირს მისი მაგარი ფეხბურთელობაო...
და ბუნებრივია, მისი ნალაპარაკებიც მრავლად მახსოვს - ვინ იცის, რამდენჯერ შევხვედრივარ „კალისტრატოვიჩს“, რამდენ რამეზე გვისაუბრია...
ამ საუბრებიდან უფრო უცნობ რაღაცებს ამოვკრებ, იმას, რაც შეიძლება ნაკლებად იცოდეს გულშემატკივარმა:
...რომ არა ანდრო ჟორდანია, მართლა ვერ ვითამაშებდი ფეხბურთს. კი, ყველამ იცის, როგორ დადიოდა რაიონებში, როგორ ეძებდა ფეხბურთელებს და რა საოცარი ალღო ჰქონდა, მაგრამ ისეც არ იყოს საქმე, მართლა სიმინდის ყანებში მიპოვა. რაიონისა და ზონალურ პირველობაზე მანამდეც ვთამაშობდი და იქ შემამჩნია. ის კია მართალი, საიდან მოიყვანე ეს შტანგისტიო, რომ უთხრეს, მაგრამ ის ცნობილი ფრაზა უპასუხა - „ძიავოლ, ონ ბუდეტ ფუტბოლისტომ!“ და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.
მერეც არსებობდა გარკვეული პრობლემები - საბჭოურ საფეხბურთო სისტემაში არსებობდა გარკვეული ნორმატივები, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა ჩაებარებინა - სიგრძეზე, სიმაღლეზე ხტომა, გარკვეული მანძილის გარკვეულ დროში დაფარვა და ვინ იცის, რა აღარ... არ ყოფილა ნორმატივი, რომლის ჩაბარებაც მურთაზ ხურცილავას შეძლებოდა - რომ არა ანდრეი დიმიტრიჩი, ვინ დამაცლიდა ფეხბურთელობას.
... ანდრო ჟორდანიამხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ, როცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ხვდებოდნენ, რომ მის გარდა ვერავინ გამოასწორებდა გუნდში საქმეს. საფეხბურთო პრობლემების გარდა, არც ცხოვრებისეული წინააღმდეგობები აკლდა - განსაკუთრებით ნოე ჟორდანიასთან ნათესაობის გამო არ ჰქონდა მოსვენება. მიუხედავად იმისა, აზროვნებით დროს უსწრებდა და კომუნისტებზე კარგს ვერ წამოაცდენინებდი, ხმამაღლა კატეგორიულ ლაპარაკს ყოველთვის ერიდებოდა. შიში იყო თუ სიფრთხილე, საჭირო იყო ნამდვილად - „ძიავოლ, ამათთან ხუმრობა არ შეიძლება, ციმბირს უკან დაგვატოვებინებენო“, ამბობდა.
...ზაზა ჯანაშია დავინახე თუ არა, მივხვდი, კარგ ფეხბურთს ითამაშებდა. რასაც მიაღწია, სულ ნიჭით, თორემ ხასიათი არ ეყო, ბოლომდე გამოეყენებინა შესაძლებლობები. ორ მაგალითს მოვიყვან. ორივე დისციპლინასთანაა დაკავშირებული. პირველი, „შევარდენს“ რომ ვწვრთნიდი, მაშინ მოხდა. ვარჯიშამდე რამდენიმე საათით ადრე თავად მივიყვანე, სადაც ცხოვრობდა და მკაცრად ვუთხარი, ვარჯიშზე არ დაეგვიანებინა. მოვიდა ვარჯიშის დრო, გუნდი გამოვიდა და... სადაა ჯანაშია... თუ არ მოვკლავდი, არ მეგონა. შინ არ იყო, გუნდთან არ იყო... როგორც იქნა, მივაგენით - პატარა ბავშვებთან ბურთს თამაშობდა. გაგიჟებული ვიყავი, ეს ნორმალური თუა მეთქი... „კალისტრატოვიჩ, მოვდიოდი, მაგრამ გზაზე ესენი დავინახე, თამაშობდნენ, ვარჯიშამდე კიდევ მქონდა დრო, ცოტა ხანი ვითამაშებ-თქო, ვიფიქრე და მერე კი გადამავიწყდა ყველაფერიო...
მეორედ წონის გამო ვეჩხუბე - საოცრად სწრაფად იმატებდა წონაში და სულ ჭამის გამო მეჯუჯღუნებოდა, არ მიშლის ხელს, მშია, არ მინდა ასეთი ფეხბურთი, მშიერი თუ მომკალითო.
ავდექი და ბაზაზე ოთახში ჩავკეტე. მაინტერესებდა, როგორ გადაიტანდა და გარდა ამისა, თამაშამდე გამოძღომასაც ვერ მოახერხებდა. გუნდმა უმისოდ ისადილა და ივახშმა, მაგრამ მისგან ჩამიჩუმი არ ისმოდა. დავეჭვდი, შევამოწმე და... რატომ იხმაურებდა, ვიღაცის დახმარებით ერთი „ბუხანკა“ პური შეუცოცებია ოთახში, პლასტმასის ბოთლით წყალი მიუდგამს და შეგშურდებოდა, ისე გემრიელად ილუკმებოდა.
...ერთხელ „დინამოს“ ბაზის შენობის გამოსასვლელთან შევხვდი ბატონ მურთაზს - შვიდი-რვა წლის ამბავი იქნება. მისებურად დამარტყა მხარზე ხელი, გამიცინა და - „არ იქნება, კიდევ კარგა ხანს არ იქნება ფეხბურთი, ჭირიმე-ო“, მითხრა.
ეს კარგა ხანს, როგორც ვთქვი, კაი შვიდი-რვა წელიწადია გრძელდება.

კონსტანტინე გოგიშვილი



 

0.116155