ფეხბურთი

2:05 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა “სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება

 

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს გასამართი დაპირისპირებებიდან მეოთხედფინალისტი მხოლოდ ერთში ირკვევა. “ჩელსისა” და “გალათასარაის” მატჩს, პრაქტიკული მნიშვნელობის გარდა, ინტერესს ისიც სძენს, რომ ლონდონელთა ლეგენდა დიდიე დროგბა “სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება.

 

ჩელსი-გალათასარაი (პირველი მატჩი 1:1)

675 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც დიდიე დროგბამ “სტემფორდ ბრიჯზე” უკანასკნელად ითამაშა. 2012 წლის 13 მაისს, ის იმ სტადიონს დაემშვიდობა, რომელზეც 8 წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ თამაშიდან 6 დღეში, კოტ დ’ივუარელმა “ჩელსის” მაისურით კიდევ ერთი და უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, როდესაც მან გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოაგებინა. დღეს, დროგბა “სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ ერთხელ ითამაშებს, მაგრამ უკვე “ჩელსის” კარს შეუტევს.

“ჩელსისა” და “გალათასარაის” დაპირისპირება ერთ-ერთია იმ იშვიათ 1/8-ფინალურ წყვილებს შორის, რომლებსაც ინტრიგა პირველი თამაშის შემდეგ შემორჩათ. თავიდანვე წყვილის ფავორიტად მიჩნეულმა “ჩელსიმ” თურქეთში სასურველი შედეგი კი დააფიქსირა, მაგრამ “გალათასარაის” შემადგენლობაში საკმარისი რაოდენობის მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს იმისათვის, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს პრობლემები შეუქმნას.

ურთიერთშეხვედრების ისტორია “გალათასარაის” ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს. 3 კვირის წინანდელ დაპირისპირებამდე, გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან. 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ჩელსიმ” ლონდონში 1:0, ხოლო სტამბულში 5:0 მოიგო.

“ჩელსი” თურქულ კლუბებს სულ 7-ჯერ შეხვედრია. ლონდონელებს 4 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში გამართული 3 დაპირისპირებიდან “არისტოკრატებმა” 2 მოიგეს და 1 წააგეს.

ინგლისის წარმომადგენლებთან გამართული 18 თამაშიდან “გალათასარაიმ” 3 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. სტუმრის სტატუსით ჩატარებული 8 დაპირისპირებიდან თურქებმა 3 ფრედ დაასრულეს და 5 დათმეს.

“ჩელსი” თამაშს ცუდი განწყობით ხვდება. თურქეთში გამართული დაპირისპირების შემდეგ, ლონდონელებმა პრემიერლიგის 2 მატჩი კი მოიგეს, მაგრამ გასულ უქმეებზე, მოურინიოს გუნდი “ასტონ ვილასთან” დამარცხდა. ლონდონელები ლიდერობას ინარჩუნებენ, მაგრამ “სიტის” 3 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და სამივე მათგანის მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე სწორედ “ქალაქელები” გადაინაცვლებენ.

3 კვირის წინათ ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, შიდა ასპარეზზე წაუგებელია “გალათასარაი”, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდმა 3 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. შედეგად, მე-2 ადგილზე მყოფი “გალათასარაი” ლიდერ “ფენერბაჰჩეს” 1 თამაშით უსწრებს და 5 ქულით ჩამორჩება.

“ჩელსის” ტრავმირებული მარკო ვან გინკელი ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დავიდ ლუიზისა და ეშლი კოულის თამაში. რაც შეეხებათ მოჰამედ სალაჰსა და ნემანია მატიჩს, მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვთ.

“გალათასარაის” დანაკლისს აიდინ ილმაზი, ერაი ისჯანი და ემრე ჯოლაქი შეადგენენ. საეჭვოა მუსლერასა და ქაიას მოედანზე გამოჩენაც.

შეხვედრას გერმანელი ფელიქს ბრიხი განსჯის, რომელსაც “ჩელსის” თამაშში 2-ჯერ უმსაჯია. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/-8 ფინალში, ლონდონელებმა “ნაპოლი” 4:1 გაანადგურეს, ხოლო იმავე გათამაშების ნახევარფინალში, მათ “ბარსელონას” 1:0 მოუგეს.

“გალათასარაის” მატჩში ბრიხი პირველად იმსაჯებს.

  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 7 თამაშიდან “ჩელსიმ” 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • “ჩელსიმ”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩში გასვლაზე ფრედ 6-ჯერ დაასრულა. ლონდონელები შემდეგ ეტაპზე 4-ჯერ გავიდნენ;
  • “გალათასარაიმ” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში ფრედ 10-ჯერ ითამაშა. თურქები შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 2-ჯერ გავიდნენ;
  • პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ჩელსიმ” 23 გოლი გაუშვა. 2004-05 წლების სეზონში, როდესაც ჟოზე მოურინიომ ლონდონური გუნდი პირველად ჩაიბარა, “არისტოკრატებმა” მთელს გათამაშებაში 8 გოლით ნაკლები გაუშვეს;
  • “გალათასარაიმ”, ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 23 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “გალათასარაიმ”, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 19 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 4 მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 4 გასვლითი თამაშიდან “გალათასარაიმ” 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო;
  • “ჩელსიმ”, ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 16 საშინაო თამაშიდან 14 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, სტუმრად 1:1 თამაში შემდეგ ეტაპზე გასვლის 76%-იან გარანტიას იძლევა;
  • “გალათასარაის” თავდამსხმელი დიდიე დროგბა, 2004-2012 წლებში, “ჩელსიში” თამაშობდა. პრემიერლიგაში ჩატარებულ 226 თამაშში მან 100 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, ლემპარდი, რამირესი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, ეტოო.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, ებუე, ბალთა, შეჯუ, ტელესი, კურტულუსი, ინანი, მელო, სნეიდერი, ბ. ილმაზი, დროგბა.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

 

რეალი-შალკე (პირველი მატჩი 6:1)

მადრიდში გასამართი დაპირისპირება ფორმალობაა. ამის მიზეზი ისაა, რომ გელზენკირხენში, “რეალმა” 6:1 მოიგო და 1/4-ფინალის საგზური გაინაღდა.

პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგისა და იმის გათვალისწინებით, რომ “რეალს” კვირის ბოლოს “ელ კლასიკო” ელის, კარლო ანჩელოტის მიერ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დასვენება ივარაუდება. სავარაუდოდ, მათ შორის არ მოხვდება კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობას უმიზნებს.

გუნდები ერთმანეთს პირველად 3 კვირის წინათ შეხვდნენ. “რეალს” გერმანულ გუნდებთან დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. ჩატარებული 53 შეხვედრიდან მადრიდელებმა 23 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს და 20 წააგეს. საკუთარ კედლებში, “სამეფო კლუბს” 18 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება დაუგროვდა.

“შალკე” ესპანურ გუნდებს 24-ჯერ შეხვედრია. გელზენკირხენელებმა შვიდ-შვიდჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 10-ჯერ წააგეს. სტუმრად გამართულ 12 მატჩში გერმანელებს 2 მოგება, 5 ფრე და 5 მარცხი აქვთ.

“რეალი” მატჩს შესანიშნავი განწყობით ხვდება. გელზენკირხენში გამართული დაპირისპირების შემდეგ, მადრიდელებმა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, “ატლეტიკოსთან” სტუმრად ფრედ ითამაშეს, რასაც 2 მშრალად მოგებული თამაში მოაყოლეს. 28 ტურის შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდი გათამაშებას ლიდერობს.

“შალკემ”, “რეალთან” 1:6 განადგურების შემდეგ, თითქმის იგივე ანგარიშით ბუნდესლიგაში წააგო. გელზენკირხენელები “ბაიერნთან” 1:5 განადგურდნენ. ამის შემდეგ, “შალკემ” 2 თამაში მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

“რეალს”, ტრავმების გამო, არბელოა, ხედირა და ბენზემა ვერ დაეხმარებიან. კიდევ უფრო დიდია სტუმართა დანაკლისი, რომლებსაც აოგო, ფარფანი, ფუხსი და ჰოგერი არ ეყოლებიან, ხოლო კლემენსის, ფელიპე სანტანასა და უჩიდას თამაში საეჭვოა.

შეხვედრის განსასჯელად UEFA-მ სერგეი კარასევი მიავლინა. რუს არბიტრს “რეალის” მონაწილეობით გამართულ მატჩში მონაწილეობა არასდროს მიუღია. “შალკეს” თამაშში მან ერთხელ იმსაჯა. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გელზენკირხენელები "მონპელიეს" დაუზავდნენ, ანგარიშით 2:2.

  • “რეალმა”, მიმდინარე გათამაშებაში, 26 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია;
  • მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, 11 გოლით, კრიშტიანუ რონალდუა;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 15 საშინაო თამაშიდან 13 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
  • “შალკემ”, ევროტურნირის ბოლო 14 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო;
  • 2008-09 წლების მე-2 ნახევარში, კლას-იან ჰუნტელაარი “რეალში” თამაშობდა. მადრიდული გუნდის მაისურით მან 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა;
  • “რეალმა” გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 32 თამაშში გაიტანა, რაც რეკორდია;
  • “რეალს”, ყველა ტუნირზე, 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო შედეგია. ბოლო 20 თამაშიდან მადრიდელებმა 18 მოიგეს;
  • “რეალმა”, ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 16 თამაში მოიგო;
  • კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 39 თამაშში კრიშტიანუ რონალდუმ 48 გოლი გაიტანა;
  • “შალკეს”, ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კასილიასი, ნაჩო, რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ისკო, ილიარამენდი, მოდრიჩი, ხესე, მორატა, რონალდუ.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, ჰიოვედესი, მატიპი, სანტანა, კოლასინაცი, ბოატენგი, ნოიშტადტერი, ობასი, მაიერი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

0.116982