ფეხბურთი

23:57 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული, საინტერესო და ხარისხიანი ფეხბურთი ზესტაფონში

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქართულ საფეხბურთო სივრცეში ყველაზე საინტერესოდ და დაძაბულად “ზესტაფონი” – “დინამოს” დაპირისპირებები ითვლებოდა. რა მნიშვნელობის მატჩიც არ უნდა ყოფილიყო, ამ გუნდების დუელი ყოველთვის ყურადღების ცენტრში გახლდათ. ამასთან ერთად სანახაობრივადაც სწორედ ფეროელთა და ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონთა ჯახი იყო ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო 7 წლის განმავლობაში. მართალია, ამჯერად საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ისეთი დროება აღარ უდგას, როგორც ეს 2-3 წლის წინ იყო, მაგრამ “დინამოსთან” პაექრობაში იმერლები, ისევე როგორც სხვა გუნდები ყოველთვის განსაკუთრებული შემართებით არიან განმსჭვალულნი. მართლაც თამაში ძალზე შთამბეჭდავი და თვალსასეირო სანახავი გამოდგა, რისთვისაც ორივე გუნდის ფეხბურთელები მადლობას ალალად იმსახურებენ.

ყოველივე ზემოთქმულს უნდა დავამატოთ ის ფაქტიც, რომ “ზესტაფონს” დაუბრუნდა გამოცდილი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, რომელმაც პირველად გააჩემპიონა იმერული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში და ნორმალურად გამოიყვანა გუნდი ევროსარბიელზე. სწორედ გეგუჩაძის ფორმაციის “ზესტაფონი” უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ კლუბად. ახლა გეგუჩაძემ სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი ჩაანაცვლა. ბუნებრივია მისი და კლუბის ყველა ქომაგის სურვილი გახლდათ ის, რომ მას წარმატებული დებიუტი ჰქონოდა, თან თბილისის “დინამოსთან”, რომელსაც თავის დროზე გეგუჩაძე წარმატებით წვრთნიდა. კარგი დასაწყისის სურვილი ყველას აქვს, ხოლო როგორ სჭირდებათ ფეროელებს ქულები საუკეთესოთა ექვსეულში მოსახვედრად, ამას დიდ ახსნა-განმარტება არ უნდა. რაც შეეხება “დინამოს”, ისინი ერთპიროვნულად ლიდერობენ ჩემპიონატს და არაა გასაკვირი, რომ ზესტაფონში მათი სტუმრობის მიზანი სამი ქულა გახლდათ.

შეხვედრა მოწინააღმდეგეებმა განსხვავებული სათამაშო სქემებით დაიწყეს. “დინამოს” ჩეხმა სპეციალისტმა დუშან უჰრინმა კლასიკური 4-4-2  განლაგება აირჩია. სეთურიძე-კვარაცხელია-გველესიანი-კვირკველიას ოთხეული დაცვას ამაგრებდა. საყრდენად ხმალაძე  და ძარია მოქმედებდნენ, ხოლო ფლანგებზე ელგუჯა გრიგალაშვილი და მერებაშვილი. წინ მასპინძელთა კარის დალაშქვრას რუმინელი გოგას და ჯაბა დვალის დუეტი ცდილობდა. რაც შეეხება “ზესტაფონს”, გია გეგუჩაძემ დასავლელები 4-3-2-1 სათამაშო ტაქტიკური სქემით გამოიყვანა. დაცვაში თორნიკე გრიგალაშვილი-კაჭკაჭიშვილი-რენე ფერეირა-კანდელაკის კვარტეტი ირჯებოდა. საყრდენად აჯურუ იყო გამწესებული, ხოლო მის წინ შარიქაძე და ჭანკოტაძე მოქმედებდნენ. ფლანგებზე კუტალია და ჭანტურიშვილი თამაშობდნენ, ხოლო წინ ეულ ფორვარდად საბა ლომია იყო გამწესებული. საერთოდ ზესტაფონელებს ამ მატჩის წინ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ ტრავმების გამო გუნდის განაცხადში არ იყვნენ ქობალია, ადამია და სანდრო გურული, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო არ თამაშობდა თედორე გრიგალაშვილი.

მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. ორივე გუნდის ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ, რომ საბრძოლო მოტივაცია მაღალი ჰქონდათ. სწრაფი და კომბინაციური თამაში – ეს მეტოქეთა მთავარი მიზანი იყო. პირველი ხიფათის შემცველი ჩაწოდება “დინამოს” კარის მიმართულებით ჩაწოდდა, როდესაც ლომია ცდილობდა დასწრებაზე თამაშს, მაგრამ მას გველესიანმა დაასწრო. საპასუხო შეტევაში, დინამოელებმაც სახიფათოდ ჩააწოდეს და ერთ-ერთ ზესტაფონელმა ბურთი კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალურად სახიფათო მომენტი ფეროელთა კართან მე-15 წუთზე შეიქმნა, როდესაც სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს დედაქალაქელებმა და დორინ გოგას პასის წყალობით მერებაშვილი რჩებოდა კვასხვაძესთან პირისპირ, მაგრამ კიპერმა შემტევს დაასწრო და ბურთი საბოლოოდ კუთხურზე გადავარდა. სტანდარტულის გათამაშებას კი აუტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ მასპინძელთა კარში გოლით დამთავრდა. მერებაშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულზე, რენე ფერეირას დორინ გოგამ დაასწრო თავურით და როინ კვასხვაძეს ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვა – 0:1.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ზესტაფონელებს მალევე მიეცათ ხელსაყრელი მდგომარეობა, როდესაც მერებაშვილს შემთხვევით შორეული პასი გამოუვიდა ლომიაზე და მასპინძელთა ფორვარდი, რომელსაც კვალში ედგნენ მცველები ოდნავ მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა. ლომიამ დროულად დაარტყა ძლიერად და მეკარისთვისაც საკმაოდ უხერხულად, მაგრამ ლორიამ მდგომარეობაც კარგად შეარჩია და ბურთსაც ადგილზე დაუხვდა. 25-ე წუთზე აშკარა გოლს ისევ მასპინძლები გადაურჩნენ, როდესაც გოგას პასის წყალობით დვალი იყო კარგ მდგომარეობაში. ჯაბამ შემოტრიალებით დაარტყა და ალბათ გოლიც გავიდოდა, რომ არა როინ კვასხვაძის საოცარი რეაქცია, რომლის წყალობითაც მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ თამაში ერთგვარად შეიცვალა. ტაიმის ბოლომდე სახიფათო მომენტების მხრივ სიმწირე იყო. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შორეულ დარტყმას აღსანიშნავი არც არაფერი იყო. ყველაზე მეტად მაინც ლომიას თავური უნდა გამოვყოთ, როდესაც ფორვარდს ასისტენტობა შარიქაძემ გაუწია. საბას დარტყმულს სიზუსტე კი ჰქონდა, მაგრამ ძალა დააკლდა და ლორიამაც აუღელვებლივ მოახერხა ბურთის დაუფლება. შესვენებამდე კი ისევ შარიქაძის ჩაწოდებულზე, ამჯერად გიორგი კაჭკაჭიშვილი ურტყამდა, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე აკლდა და ბურთმა მოედანი დატოვა.  

მეორე ტაიმი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ჯერ კუტალია-ლომიას დუეტმა გაითამაშა რამდენიმეჯერ ბურთი ოსტატურად, მაგრამ კარში დარტყმით მათი ეს მცდელობა არ დასრულდა. საპასუხოდ დვალმა დაარტყა ძლიერად შორიდან და კვასხვაძემ ბურთი გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე. თავის მხრივ შორიდან ჭანკოტაძემაც დაარტყა და ლორიამაც ძვლივს შეძლო მისი მოგერიება. თითქმის მაშინვე კანდელაკმა მოჭრილი დარტყმით სცადა ჩაეხვია ბურთი შორეულ კუთხეში, მაგრამ ლორიამ ამჯერად დამაჯერებლად ითამაშა და არც თუ ისე იოლად მოსაგერიებელი ბურთი კუთხურზე გადააგდო. ცოტა ხანში ჭანტურიშვილი ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად, თუმცა არაზუსტად. 56-ე წუთზე გოგა-ხმალაძის გათამაშებულ კომბინაციას, თბილისელთა კაპიტანი ასრულებდა ძლიერი დარტყმით, მაგრამ კვასხვაძემ იმარჯვა და ნახტომში შეძლო ბურთის უკუგდება. რამდენიმე წუთში ჭანტურიშვილმა მოჭრილი დაარტყა და ლორიას მცირე ტრამვის ფასად დაუჯდა ბურთის კუთხურზე მოგერიება.

62-ე წუთზე “ზესტაფონი” მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასპინძლებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ცენტრალური მცველი კაჭკაჭიშვილი გაუძევეს. გიორგი დორინ გოგაზე მაშინ დაჯარიმდა, როდესაც ეს უკანასკნელი ელგუჯა გრიგალაშვილის დიდებული გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გადიოდა. წესების დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა, მაგრამ ზესტაფონელ მცველს რადგანაც ათი წუთის წინ ჰქონდა მიღებული ყვითელი ბარათი, მეორედაც უჩვენეს ყვითელი და მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. დარჩენილ დროში კაცნაკლულ გუნდს უნდა მოეხერხებინა ანგარიშის გათანაბრება, რათა მინიმუმ ქულა მოეპოვებინათ.

75-ე წუთზე მარგველებს მართლაც რეალური შანსი მიეცათ გათანაბრებისა, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა კანდელაკმა, რომელმაც ჯერ მეურვე ჩამოიშორა და საჯარიმოში მყოფმა ძლიერად გაისროლა “დინამოს” კარის “ცხრიანისაკენ”. გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ლორიამ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ჩინებული ნახტომით მოწინააღმდეგეს გათანაბრების საშუალება არ მისცა. საპასუხოდ, გრიგალაშვილს ჰქონდა ერთი შეტევისას ორგზის მცდელობა გატანისა, მაგრამ პირველად ელგუჯას დარტყმული ხარიხამ აისხლიტა, ხოლო განმეორებით დარტყმულზე როინ კვასხვაძემ ითამაშა დიდებულად და საგოლე სიტუაციაც განიმუხტა.

თამაშის ეპილოგი მსვლელობასთან შედარებით ერთი შეხედვით მშვიდი უნდა გამომდგარიყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ წინ დრამატული დასასრული გველოდა.  მასპინძლები არ ეპუებოდნენ რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ მეტოქეს და უტევდნენ კიდეც. ზესტაფონელთა მცდელობებმა შედეგი 87-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ლევან შარიქაძის ჩინებული გადაცემის შემდეგ, დინამოელთა საჯარიმოში შეჭრილმა ჭანტურიშვილმა თავურით ლორიას მისხალისოდენა შანსიც არ დაუტოვა - 1:1.

მოვლენების ასეთმა წარმართვამ ყველას აფიქრებინა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დუშან უჰრინის გეგმებში ზესტაფონში ქულების დაკარგვა არ შედიოდა. ჩეხმა სპეციალისტმა მოედანზე კამერუნელი პატრიკ ვუო შეუშვა შეტევის გასაძლიერებლად. თბილისელთა ერთ-ერთი ბოლო შეტევა შედეგიანი გამოდგა. დორინ გოგას მიერ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულზე რენე ფერეირამ ყველას დაასწრო, მაგრამ ბურთის შორს მოგერიება ვერ მოახერხა. ბურთი ზესტაფონელთა საჯარიმოს ხაზთან მყოფ გველესიანს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლივ დაჰკრა და კვასხვაძეს დაბალ კუთხეში გაუტანა – 1:2. ბუნებრივია, წაგებულიდან შემოტრიალებული პაექრობის დათმობა იოლი არ გახლდათ და დიდად გულდასაწყვეტიც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ კაცნაკლულად მოთამაშე “ზესტაფონს” რამდენიმე წუთი დააკლდა, რათა დამსახურებული ქულა მოეპოვებინა.

 

ერთიანობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისითაც და დაძაბულობითაც სასიამოვნო საცქერი გამოდგა. უკმაყოფილო დარჩნენ წაგებული გუნდის ერთგული გულშემატკივრები, რომლებმაც თავიანთ აგრესია არბიტრების და “დინამოს” ფეხბურთელების მიმართ გამოხატეს. დედაქალაქელებზე უკმაყოფილონი იყვნენ იმიტომ, რომ როცა ზესტაფონელი ფეხბურთელები გამთანაბრებელ გოლს ზეიმობდნენ, ამ დროს ცენტრიდან ბურთი გაათამაშეს. რაც შეეხება მსაჯებს, ნაღდად ვერ ვიტყვით, რომ მათი გადაწყვეტილებები თამაშის საერთო შედეგზე აისახა. მთლიანობაში შეიძლება მათ ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ არა ისეთი, რომ საერთო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა მოეხდინა.

დუშან უჰრინი (“დინამო”) – “პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და მეტი გოლის გატანა გვმართებდა. მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც მეტოქეს კაცი გაუგდეს, ჩემმა ფეხბურთელებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს ფიქრი. გოლის გაშვების შემდეგ საბედნიეროდ ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობა გამოვლინეს და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ”.

გია გეგუჩაძე (“ზესტაფონი”) -  “დასანანი მარცხი ვიწვნიეთ ბოლო წუთებზე. რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით, მაგრამ გათანაბრება მაინც მოვახერხეთ. წაგება მაინც გამოუცდელობის ბრალია, მოგეხსენებათ გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვიცი რომ ქომაგებს შედეგის ხილვა დაუყონებლივ სწადიათ, მაგრამ ეს ძალიან რთული გასაკეთებელია. ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ყოველთვის ასეთი ანთებული თვალებით ითამაშებენ”.           

 ზესტაფონი – დინამო 1:2 (0:1) 

10 ნოემბერი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 3000 მაყურებელი

ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, კანდელაკი, რენე ფერეირა, აჯურუ, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, ჭანკოტაძე (გაგოშიძე, 66), კუტალია (რეკრუკი, 61), საბა ლომია (სამუშია, 75)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო: ლორია, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, მერებაშვილი (გლიშიჩი, 77), კვირკველია, დვალი, გოგა, გველესიანი, ძარია (ვუო, 90), ელგუჯა გრიგალაშვილი (პაპავა, 83).

მწვრთნელი: დუშან უჰრინი

გოლები: 0:1 გოგა (16), 1:1 ჭანტურიშვილი (87), 1:2 გველესიანი (90+2).

გაფრთხილება: ხმალაძე (25), კაჭკაჭიშვილი (52), კაჭკაჭიშვილი (62), სეთურიძე (90+3) .

გაძევება: კაჭკაჭიშვილი (62).  

მსაჯი:  აბდულა ბასლეჰლო (სირია).       

 

ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან

 

0.41972