ხორვატიის ნაკრებთან მატჩის დასრულებამდე 21.9 წამით ადრე ვიქტორ სანიკიძემ სამქულიანით საქართველოს ეროვნული გუნდი 76:75 დააწინაურა და ევრობასკეტზე მე-2 მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა, საპასუხო შეტევაში ანტე ტომიჩმა ფარქვეშიდან ორქულიანი მიითვალა და როგორც აღმოჩნდა საბოლოო ანგარიში – 77:76 დააფიქსირა. არადა, დასკვნითი იერიში ქართველების იყო და გიორგი ცინცაძეს, რომელმაც ჩინებული მატჩი ჩაატარა, ერთხელაც რომ ზუსტად შეეტია, ყველაფერი საჩვენოდ დასრულდებოდა. არადა, გიორგიმ 25 ქულიდან 13 სწორედ დასკვნით მეოთხედში ჩააგდო...
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ხორვატებთან თამაში უმძიმესი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატი ფანების უმრავლესობამ ესპანეთთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ნაკრებს ბოიკოტი გამოუცხადა და ცელიეს დარბაზში არც შემოსულა, მეტოქემ საკუთარ თავში ძალა გამონახა და გულშემატკივართა წინაშე სრულიად სხვა სახით წარსდგა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც აგერ უკვე მე-2 თამაშია სასიამოვნოდ გვაოცებს, ფავორიტად მიჩნეულ მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო და გამარჯვებამდე 1 ზუსტი სროლა დააკლდა.
თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ქართველთა დამრიგებელმა იგორ კოკოშკოვმა სათადარიგო კალათბურთელებს ნაკლები დაუთმო და ნაკრების ლიდერები მაქსიმალურად დატვირთა. მწვრთნელი გარკვეულწილად რისკზეც წავიდა და ეს გამართლებულიც იყო, რადგანაც ხორვატებთან მატჩს უდიდესი ფასი ჰქონდა. სამწუხაროდ, მცირედით არ გავიმართლა.
საბოლოოდ, მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ, გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემ 33-33 წუთზე მეტი ითამაშეს, ნიკა მეტრეველი, ოთარ ფხაკაძე და დუდა სანაძე კი თამაშში საერთოდ არ ჩართულან. ცინცაძის ყოჩაღობაზე ზემოთაც მოგახსენეთ, შერმადინმა 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და პოლონელებთან მატჩის მსგავსად, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 15 ქულით და 7 მოხსნით გამოირჩა სანიკიძე, მარკოიშვილს კი სამწუხაროდ თამაში არ წაუვიდა. “მანუმ” მატჩი მხოლოდ 4 ქულით დაასრულა, რის გამოც შეხვედრის შემდეგ თანაგუნდელებს და ქომაგებს ბოდიშიც მოუხადა.
არსებული მოლოდინის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა რიკი ჰიკმანმა. ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 27:06 წუთში 20 ქულა მიითვალა და თანაც თამაშიდან 9-დან 7 ტყორცნა (3-ვე სამქულიანი) გამოიყენა. იმედია, რიკი ქართველ კალათბურთელებს საბოლოოდ შეეწყო და მომავალ მატჩებშიც ასევე სარგებლიანი იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს. ხორვატები ლიდერის რანგში 27:29 წუთის განმავლობაში იყვნენ და შესაძლოა, მათი გამარჯვება კანონზომიერიც იყო, თუმცა, შეხვედრის შემდეგ მათმა თავკაცმა იასმინ რეპეშამაც აღნიშნა, რომ მათი წარმატება იღბლიანობამ განაპირობა.
მართალია, საქართველოს ნაკრები დაცვაში ძალიან აკურატულად თამაშობდა (პირველი პერსონალური ფოლი საწყისი მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მივიღეთ), შეტევაში ბევრი წუნი იყო. შედეგად, ხორვატები 25:17 დაწინაურდნენ და კარგ ხასიათზეც მოვიდნენ, მაგრამ აღნიშნული დიდხანს არ გაგრძელებულა. საქართველოს ნაკრებმა მომდევნო მონაკვეთი ჩინებულად ჩაატარა და დიდ შესვენებამდე 50 წამით ადრე, გიორგი შერმადინმა ზუსტი შეტევით უკვე ქართველები დააწინაურა.
საბოლოოდ, ტაიმი მაინც ხორვატებმა მოიგეს (35:34), თუმცა აღნიშნულიდან მოყოლებული დიდი სხვაობით დაწინაურება ვერავინ მოახერხა და ეს ტრილერი რითიც დასრულდა, თავშიც აღვნიშნეთ. იგორ კოკოშკოვის შეგირდებს ყველაზე წარმატებული პერიოდი მე-3 მეოთხედის შუაწელს ჰქონდათ, როდესაც 9 უპასუხო ქულა მიითვალეს და მატჩის განმავლობაში ყველაზე დიდი უპირატესობა (45:40) დააფიქსირეს.
ფაქტობრივად იგივე მოხდა მე-4 პერიოდში, ოღონდ იმ დროს უკვე ხორვატებმა იყოჩაღეს. მეტოქემ 53:56-დან ტაბლოზე 61:56 დააფიქსირა. ქართველებმა ამ ჩამორჩენის აღმოფხვრაც შესძლეს და როგორც აღვნიშნეთ, ოციოდ წამით ადრე ისევ დაწინაურდნენ. სამწუხაროდ, ბოლო სიტყვა ტომიჩის გახლდათ, რომელმაც არცთუ ბევრი – 7 ქულა ჩააგდო, თუმცა, მისი ბოლო ტყორცნა გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ხორვატთა წარმატების ასახსნელად, სტატისტიკისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია. თუკი იასმინ რეპეშას შეგირდებმა ესპანეთთან შეხვედრაში 17-დან მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდეს, ამჯერად შესაშური ჩუბინობა გამოვლინეს და 22-დან 11 შორეული ტყორცნა გამოიყენეს. ამ მხრივ თავი განსაკუთრებით ხორვატთა ნატურალიზებულმა მცველმა დონტეი დრეიპერმა გამოიჩინა, რომელმაც 5-დან 4 სამქულიანი მიითვალა და 16 ქულით გუნდში საუკეთესო იყო. ისიც ვთქვათ, რომ დრეიპერმა 16-დან 10 ქულა ბოლო მეოთხედში ჩააგდო...
6 სექტემბერი C ჯგუფში დასვენების დღეა და გუნდებს ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ. ცხადია, ძალების აღდგენას ეცდება საქართველოს ნაკრებიც, რომელსაც 7-ში ევრობასკეტის მასპინძელ სლოვენიასთან მორიგი უმნიშვნელოვანესი მატჩი
2013 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ცელიე (
ხორვატია – საქართველო 77:76 (17:15, 18:19, 15:18, 27:24)
ხორვატია: ტომიჩი (21 წ. 7 ქ. 7 პ.), ბოგდანოვიჩი (35 წ. 15 ქ.), უკიჩი (25 წ. 6 ქ. 3 პ.), სიმონი (38 წ. 9 ქ.
მწვრთნელი: იასმინ რეპეშა.
საქართველო: ცინცაძე (36 წ. 25 ქ.
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.
მსაჯები: ბორის რიჟიკი (უკრაინა), ოლეგს ლატისევსი (
გუნდური სტატისტიკა
ხორვატია – საქართველო
თამაშიდან სროლა: 31/57 – 31/63
ორქულიანი: 20/35 (57.1%) – 24/43 (55.8%)
სამქულიანი: 11/22 (50.0%) – 7/20 (35.0%)
საჯარიმო: 4/9 (44.4%) – 7/13 (53.8%)
მოხსნა: 29 (შეტევაში 6) – 30 (შეტევაში 10)
პასი: 18 – 11
დაკარგვა: 11 – 6
ჩაჭრა: 2 – 6
დაფარება: 0 – 2
პერსონალური ფოლი: 21 – 15
ქულა დაკარგვის შემდეგ: 4 – 10
ქულა სამწამიანი ზონიდან: 30:38
“მეორე შანსის” ქულა: 5 – 12
ქულა სწრაფი გარღვევის შემდეგ: 6 – 2
სათადარიგოების ქულა: 30 – 22
უდიდესი ლიდერობა: 8 – 5
უდიდესი “გაქცევა”: 8:0 (61:56) – 9:0 (40:45)
ლიდერის შეცვლა: 8
საყაიმო ანგარიში: 6
ლიდერობის დრო: 27:29 – 8:42
www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma