სტატიები

17:00 | 11.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

დონ სანტიაგო ბერნაბეუ

მადრიდის “რეალი” მეოცე საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბად სავსებით სამართლიანადაა აღიარებული, კასტილიელთა საამაყო გუნდის წარმატებებში კი უმნიშვნელოვანესი როლი სანტიაგო ბერნაბეუმ შეასრულა, რომლის მოღვაწეობაზე ჩვენ მკითხველს გვსურს მოვუთხროთ.
 სანტიაგო ბერნაბეუ ესპანეთის ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდი იყო, თუმცა, ნაკრებში თამაში მაინც არ მოუწია. ამის მიზეზი კი მისი პირდაპირობა გახლდათ – ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა. ამ თვისებამ დონ სანტიაგოს მრავალი კეთილი და საჭირო საქმე გააკეთებინა, აი, მისი სანაკრებო კარიერა კი ჩაშალა. ბერნაბეუმ  ეროვნულ გუნდში პირენელ მოთამაშეთა აყვანის იმხანად დაწესებული სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრა. მისი აზრით, ესპანეთის ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ, თუმცა, ნახევარკუნძულზე ტერიტორიული კვოტების პრინციპით ხდებოდა ეროვნული გუნდის დაკომპლექტება. საფეხბურთო ჩინოვნიკებსა და მწვრთნელებს სანტიაგო ბერნაბეუს თამამი განცხადებები არ მოეწონათ და ნაკრებში არასდროს მიუწვევიათ.
1927 წელს სანტიაგო ბერნაბეუმ ბუცები ლურსმანზე დაკიდა (იგი ჯამაგირის გარეშე იცავდა მადრიდელთა ღირსებას), თუმცა კლუბიდან არ წასულა და ჩინოვნიკად დაიწყო მუშაობა. ერთი წლის შემდეგ იგი მადრიდელთა კლუბის სამეთაურო შემადგენლობაში მოხვდა, 1935 წლამდე კი გუნდის მეორე და მთავარ მწვრთნელადაც მოასწრო მუშაობა.
სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დონ სანტიაგო მადრიდში ბრუნდება, კლუბი კი პრაქტიკულად დაშლილი ხვდება... სტადიონი დანგრეულია, ფეხბურთელები გაფანტული. მოთამაშეთა ნაწილი ომში დაიღუპა, ნაწილი ხეიბარი გახდა, ზოგმაც თავს უცხოეთში წასვლით უშველა. კლუბის ქონება თითქმის მთლიანად განიავდა. მაროდიორებმა არც გუნდის მიერ მოპოვებული პრიზები დაინდეს და საკლუბო მუზეუმიდან “ააორთქლეს”. ამ დროს სახელმწიფომ “ატლეტიკო ავიასიონის” (მომავალი “ატლეტიკოს” აღორძინების საქმეში დიდი როლი არმიამ შეასრულა) მხარდაჭერა გადაწყვიტა, “რეალს” კი მოწყალე თვალით არ შეხედა...
აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა მთელი სიგრძე-სიგანით სანტიაგო ბერნაბეუს დაუდგრომელი და შემოქმედებითი ხასიათი. მან მარკიზ ბოლარკე, პედრო პარახესი, ადოლფო მელენდესი, ანტონიო სანჩეს პარალბა, რაიმონდ საპორტა შეიამხანაგა, სათანადო თანხა გამოიძებნა და “რეალ მადრიდისთვის” ფეხბურთელთა სელექციის მეტად ხანმოკლე პროცესიც ჩატარდა. გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეთა განაცხადში თავიდან ბოლომდე სანტიაგო ბერნაბეუს ავტორიტეტის წყალობით მოხვდა. აბა, რომელი ფედერაცია დაუშვებდა პირველობაზე გუნდს, რომელსაც არანაირი ფინანსური გარანტია არ წარუდგენია და არც საკუთარი სტადიონი ჰქონდა. ერთი სიტყვით, “სამეფო კლუბის” ხელახალი დაბადება მთლიანად სანტიაგო ბერნაბეუს დამსახურებაა.
1943 წლის 15 სექტემბერი მადრიდის “რეალის” საუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. სწორედ ამ დღეს დანიშნეს სანტიაგო ბერნაბეუ კლუბის “დროებით პრეზიდენტად” და ამ “დროებითმა” სტატუსმა 1978 წლის ორ ივნისამდე, დონ სანტიაგოს გარდაცვალებამდე გასტანა. 69 წლის წინათ კი ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა საქმიანობა კლუბის სტადიონის “ჩამარტინის” აღდგენით დაიწყო. ბერნაბეუს მოღვაწეობის პერიოდში ორი “საოცრება”, “ჩამარტინის” სტადიონი და კლუბის საწვრთნელი ბაზა აშენდა. ამ უკანასკნელის მინდორზე “რეალის” იმდროინდელი მოთამაშეები და კანტერას მომავალი თაობები ხვეწდნენ ოსტატობას.
 სანტიაგო ბერნაბეუმ კლუბის მმართველი ორგანოს რეფორმაც განახორციელა. მან დირექტორთა საბჭო ჩამოაყალიბა, რომლის რიგებში მომუშავე ფუნქციონერს თავისი ფუნქცია ჰქონდა. პრეზიდენტმა ირგვლივ ერთგული ხალხი შემოიკრიბა და ისეთი ადამიანები, როგორიც თუნდაც რაიმუნდო საპორტა იყო, ისინი მის გვერდით ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და სანტიაგო ბერნაბეუს იდეების მატერიალიზებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
 სანტიაგო ბერნაბეუმ “რეალის” პლანეტის საუკეთესო გუნდად გადაქცევა დაისახა მიზნად. იგი ხშირად ამბობდა, მადრიდში “საფეხბურთო ლა სკალა” უნდა ჩამოვაყალობოო და ამ მიზნით საქვეყნოდ აღიარებული ვარსკვლავების მადრიდში ჩაყვანა განიზრახა. თავიდან ამ იდეის ხორცშესხმა არცთუ იოლი შესასრულებელი აღმოჩნდა. “რეალის” პირველი უცხოელი დიდოსტატი კი ალფრედო დი სტეფანო (ისე კი, არგენტინელები მადრიდელთა კლუბში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში თამაშობდნენ) შეიქნა, რომელიც დონ სანტიაგომ “ბარსელონას” ცხვირწინ აართვა. “რადაც  უნდა დამიჯდეს, ეს ფეხბურთელი “რეალში” უნდა გადმოვიყვანო”,  უთქვამს დონ სანტიაგოს “თეთრ ისრად” წოდებული არგენტინელის თამაშის პირველად ნახვის შემდეგ და საწადელს დიდწილად საპორტას გულმოდგინეობით მიაღწია. ოდნავ მოგვიანებით კი კასტილიის დედაქალაქში რაიმონ კოპა, ფრანსისკო ხენტო, მიგელ მუნიოსი და ფერენც პუშკაში ჩავიდნენ.
 ამასობაში მთავრდებოდა “მადრიდიზმის ტაძრის” მშენებლობა. “რეალის” სტადიონს სახელიც შეურჩიეს და მას “ნუევო ჩამარტინი” უნდა დარქმეოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ  1955 წლის 4 იანვარს არენისთვის სანტიაგო ბერნაბეუს სახელის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. როგორ გგონიათ, დონ სანტიაგოს ეს ამბავი ესიამოვნა? პირიქით, იგი აღშფოთდა, “ჩამარტინის” გარეშე მას ხომ ცხოვრება ვერ წარმოედგინა, მაგრამ ეს ერთი იმ იშვიათი შემთხვევათაგანი გახლდათ, როდესაც ბერნაბეუმ თავისი ვერ გაიტანა და ვერც კოლეგები დაარწმუნა საკუთარი პოზიციის მართებულობაში.  
 ლამის თხუთმეტწლიანმა თავდაუზოგავმა გარჯამ თავისი ნაყოფი გამოიღო. ესპანეთში მხოლოდ “ბარსელონა” თუ უწევდა მეტ-ნაკლებად მძაფრ კონკურენციას კასტილიელებს, თუმცა, “რეალის” ამბიციურ პრეზიდენტს ეს არ აკმაყოფილებდა. შესაძლოა, დღეს ცოტამ თუ იცის, რომ ევროპის ქვეყნების საკლუბო ჩემპიონთა იდეა პირველად სწორედ სანტიაგო ბერნაბეუმ წამოაყენა. კონსერვატორულმა ევროპამ ამ იდეას “სულელურიც” კი უწოდა, მაგრამ მოგვიანებით ფრანგულმა “ეკიპმა”, მისი ჟურნალისტის გაბრიელ ანოს წინადადებით, დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი ტურნირი დააფუძნა.
 ალფრედო დი სტეფანოს წინამძღოლობით “სამეფო კლუბმა” ზედიზედ ხუთჯერ დაისაკუთრა ჩემპიონთა თასი. ამ მიღწევას გამეორება-გაუმჯობესება ნაღდად არ უწერია. გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს “ეკიპი” წერდა, “რეალმა” ფეხბურთი თავიდან გამოიგონაო, ინგლისური “ტაიმსი” კი კასტილიელთა “შესევას” კონტინენტის სტადიონებზე ვიკინგთა მიერ ევროპის დამორჩილებას ადარებდა. მადრიდის “რეალისთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 1966 წლის ფინალის მოგებაა. 11 მაისს ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე მადრიდელებმა ბელგრადის “პარტიზანს” 2:1 მოუგეს. მთავარი კი ისა, რომ სანტიაგო ბერნაბეუმ ამჯერად ჩემპიონთა თასის მოგება მხოლოდ ესპანელი ფეხბურთელებით მოიწადინა და მიზანსაც მიაღწია.
 ბერნაბეუს მმართველობის დროინდელი “რეალი” ყოველთვის ერთგულად მსახურობდა შემტევ ფეხბურთს. დონ სანტიაგო პირადად მუშაობდა სატრანსფერო საკითხებზე და ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ვარსკვლავთა გარდა, მან მადრიდში ისეთი დიდოსტატებიც მიიწვია, როგორებიც მოლოვნი, ხოსეიტო, რიალი, ამანსიო, პირი, სანტამარია, ნეტცერი, სანტილიანა, ხუანიტო, შტილიკე, დელ ბოსკე, კამაჩო და სხვანი იყვნენ...
 სანტიაგო ბერნაბეუ ათწლეულების განმავლობაში მოუღალავად იღვწოდა “რეალის” თავკაცის პოსტზე, მადრიდელებმაც ლამის ირწმუნეს, რომ მისი პრეზიდენტობა მუდმივად გაგრძელდებოდა. დონ სანტიაგო განუსაზღვრელი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა გუნდის ქომაგებში, ამასთან, ბერნაბეუს მტრებიც აფასებდნენ. თუმცა, ყველაფერს დასაწყისთან ერთად, თავისი დასასრულიც აქვს. 1977-ში 82 წლის სანტიაგო ბერნაბეუს ჯანმრთელობა შეერყა. მომდევნო წლის 19 აპრილს იგი უკანასკნელად მივიდა თავისსავე სახელობის სტადიონის საპრეზიდენტო ლოჟაში და იმავე დღეს სანტიაგო ბერნაბეუს ესპანეთის მეფემ ხუან კარლოსმა  ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ოქროს მედალი გადასცა. ამ ამბის შემსწრე 120 ათასიანი აუდიტორია ცრემლს ვერ იკავებდა და საყვარელ ადამიანს ხანგრძლივი ოვაციით აჯილდოვებდა, რაც “რეალის” პრეზიდენტისთვის “სამეფო დაფასებაზე” უფრო მეტად მნიშვნელოვანიც კი გახლდათ.
დონ სანტიაგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. სანტიაგო ბერნაბეუ 1978 წლის ორ ივნისს აღესრულა. მისი ცხედარი “რეალის” სტადიონზე დაასვენეს. ათეულათასობით ადამიანი განუწყვეტელ ნაკადად მიეშურებოდა მადრიდიზმის პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად.
 სანტიაგო ბერნაბეუ მშობლიურ ქალაქ ალმანსაში დაკრძალეს. მას შემდეგ მოყოლებული ყოველწლიურად ორ ივნისს მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი დონ სანტიაგოს საფლავზე გადის, რითაც მის  ხსოვნას მიაგებს პატივს. ბერნაბეუს მიერ ფეხზე დაყენებული კლუბი კი რეგულარულად ატარებს ყოფილი თავკაცის სახელობის თასის გათამაშებას, რომელშიც მიწვევას ნებისმიერი კლუბი დიდ პატივად მიიჩნევს. 1981 წელს “სანტიაგო ბერნაბეუს" თასზე თბილისის “დინამომაც” იასპარეზა...

გოჩა კაჭარავა

0.113655