ინტერვიუები

17:25 | 7.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

დომენტი სიჭინავა: “გამორჩეული ფავორიტი ჩვენს ჯგუფში არ ჩანს”

ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია, მალტა – ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ვარშავაში ჩატარებულ წილისყრაზე ყველას თავისი აზრი ექნება, ზოგი უკეთესს ელოდა, ზოგიც უარესს...
“მსოფლიო სპორტი” სახელდახელოდ დაუკავშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავას, რომელიც სფფ-ის გენერალურ მდივან რევაზ არველაძესა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ერთად ესწრებოდა წილისყრას.
- საინტერესოა, როგორ შეაფასებთ ჯგუფს?
- ძალიან ძლიერი ჯგუფია. ხორვატიის ნაკრებმა ორწელიწადნახევრის წინათ ინგლისი ჩატოვა ჯგუფში და გასულ ევროპის ჩემპიონატზეც კარგად ითამაშა. საბერძნეთი ბოლოსწინა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და ზაფხულში მუნდიალზეც ითამაშებს. ისრაელიც საკმაო ძალას წარმოადგენს და ვერ გაიგებ, ვისთან მოიგებს და ვისთან წააგებს. მახსოვს, ისრაელს გრანდებიც არაერთხელ გაუმწარებია.
- საერთო აზრით, თანაბარ ჯგუფში მოვხვდით...
- ასეა. გამორჩეული ფავორიტი მართლაც არ ჩანს. მებრძოლი ჯგუფია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ნაკრებს, წინა ჯგუფთან შედარებით, იოლი მატჩები ელის, ძალიან ცდება.
- კალენდარი როდის გახდება ცნობილი?
- შვიდ მარტამდე არ იქნება. ჯერ უნდა მოვილაპარაკოთ. კალენდარს საბერძნეთში შევიმუშავებთ.
- წინასწარ მოფიქრებული გექნებათ თქვენეული კალენდარი – მაგალითად, რომელ გუნდთან თამაშით გსურთ შესარჩევი ციკლის დაწყება, ან შინ სჯობს დაწყება თუ სტუმრად...
- ყველას თავისი ვარიანტი აქვს და ჯერ ძნელია თქმა. როგორც ჩვენ გვინდა, ისეთ კალენდარს არავინ დაგვიმტკიცებს.
ილია ნანობაშვილი

 

0.122388