უკრაინელი დმიტრო ჩიგრინსკისთვის, “ბარსელონაში” გატარებული პირველი თვეები წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა. 23 წლის ცენტრალურმა მცველმა კატალონიელთა შემადგენლობაში 12 მატჩი ითამაშა (10-ჯერ ძირითად შემადგენლობაში), მაგრამ მასში გადახდილ 25 მილიონ ევროს ჯერჯერობით აშკარად ვერ ამართლებს. ის, რაც ჩიგრინსკის არ გაუჭირდა, არის ესპანურის ათვისება და თავისი ბოლო ინტერვიუც ჟურნალისტს სწორედ ამ ენაზე მისცა.
- ელოდი, რომ “ბარსელონაში” პირველი თვეები ამდენად რთული იქნებოდა?
- დიახ, ვიცოდი, რომ ასეთი დონის გუნდში იოლად არაფერი ხდება და ნებისმიერი სიტუაციისთვის ვიყავი მზად. საქმეები შეიძლება მიდიოდეს კარგად, ან ცუდად, მაგრამ ყოველთვის უნდა შეგეძლოს ცივი გონებით აზროვნება. ჩემი სურვილია, მომეცეს უფრო მეტი სათამაშო დრო და იგი მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო. ისე, როგორც ამას უკრაინაში ვაკეთებდი.
- ეთანხმები მოსაზრებას, რომ ამჟამად არცთუ კარგად თამაშობ?
- დიახ. ბევრად უკეთ თამაში შემიძლია. მეტიც, მე ეს უნდა შევძლო. ბევრი რამის გაუმჯობესება მმართებს, მაგრამ მთავარია თავი თავისუფლად ვიგრძნო. “შახტარში” ყველაფერი გარკვეული იყო. ცნობილი იყო, როდის უნდა გამეკეთებინა მოკლე გადაცემა და როდის გრძელი. აქ ჯერ ის სიმშვიდე ვერ მოვიპოვე, რომელიც აუცილებელია მართებული გადაწყვეტილების მისაღებად.
- “ბარსელონაში” ყველფერი განსხვავებულია?
- დიახ. არაერთი რამის შეცვლა მომიწია. ქალაქი, სამწვრთნელო პროცესი, გუნდი, ენა... თავი უკეთ უნდა წარმომეჩინა როგორც თამაშებზე, ასევე ვარჯიშებზე. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მწვრთნელი მეუბნება, რა მხრივ მმართებს პროგრესირება. პეპი მენდობა და ეს მნიშვნელოვანია.
- ესპანეთის თასზე, “კამპ ნოუზე” “სევილიასთან” გამართულ შეხვედრაში საკუთარი გულშემატკივარი გისტვენდა? როგორ გადაიტანე ეს?
- უცნაურად მეჩვენება, როდესაც გულშემატკივრები საკუთარ ფეხბურთელებს უსტვენენ, მაგრამ მათი მესმის. იმ შემთხვევაში ყველა თანაგუნდელმა მხარი დამიჭირა. ზოგიერთმა მათგანმა მითხრა, რომ რამდენიმე წარმატებულმა მცველმა კლუბში კარიერა ცუდად დაიწყო. ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად ვაანალიზებ – ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რომლის გულშემატკივრებსაც სურთ სანახაობრივი და ფენომენალური თამაშის ხილვა.
- კრიტიკა დანებებისკენ ხომ არ გიბიძგებთ?
- პირიქით. სტვენას გამოწვევად ვღებულობ. ვიცი, რომ საბოლოოდ მაინც მოვახერხებ ჩვეული თამაშის ჩვენებას, ხოლო გულშემატკივრები ტაშს დამიკრავენ. მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებ. ახლა მთავარი ისაა, რომ გუნდი კარგად თამაშობს და შეხვედრებს იგებს.
- გჯერა, რომ დღევანდელი “ბარსელონაში” არის დმიტრო ჩიგრინსკის ადგილი?
- დიახ, რა თქმა უნდა. ვაღიარებ, რომ “სევილიასთან” ცუდად ვითამაშე (“ბარსელონამ” ჩიგრინსკის მიერ აკიდებული თერთმეტმეტრიანით წააგო სათასო შეხვედრა - მ.ზ.), მაგრამ მჯერა ჩემი შესაძლებლობების და თანაგუნდელების.
- რას გეუბნება პეპ გვარდიოლა?
- იგი ცდილობს მორალურად ვიყო ძლიერი, რადგან აქ ძალზე მომთხოვნი ხალხია. მინდა, რაც შეიძლება მალე დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. საქმე ისაა, რომ საკუთარ ქმედებებში დარწმუნებული არ ვარ ხოლმე. ზუსტად არ ვიცი, რა და როდის უნდა გავაკეთო. “შახტარში” ამ მხრივ ყველაფერი ავტომატიზირებული იყო. “ბარსელონას” სტილთან შესაჩვევად დიდი გზაა გასავლელი და მე ამ გზის ბოლო ეტაპზე ვარ. გარდა ფეხბურთისა, განსხვავებული სიტუაცია დამხვდა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც. კატალონიაში ყველაფერი განსხვავებულია და ცვლილებებთან შესაჩვევად დროა საჭირო.
- “შახტარის” მაისურით “ბარსას” წინააღმდეგ არაერთხელ გითამაშია. რამ მოგხიბლა ყველაზე მეტად ამ კლუბში?
- ლეო მესიმ, ის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. მეტის დამატება არ შემიძლია. იგი განსაკუთრებული შემთხვევაა, ასეთი რამ არასდროს მინახავს.
- გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ცხოვრებაში ასეთი უბრალო ბიჭია...
- ვთვლი, რომ იგი ძალზე მორცხვია. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთთან ძალზე უშუალო დამოკიდებულა აქვთ. გუნდში დაუჯერებლად კარგი ატმოსფეროა შექმნილი და სწორედ ეს დაეხმარა “ბარსას” მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ტიტულის მოპოვებაში. ჩვენ ყოველთვის ერთად, ერთი ოჯახივით ვართ.
- რა გაკლია ყველაზე მეტად?
- მშობლები და გიტარის გაკვეთილები. გაკვეთილებზე რამდენიმე თვის განმავლობაში დავდიოდი. ეს მეხმარება რთული პერიოდების გადატანაში. ბარსელონაში აკუსტიკური გიტარა მაქვს, ჩემი ელექტროგიტარა ჯერ კიდევ დონეცკშია, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი (ევგენი კოპილი, პოლონეთის პირველი ლიგის გუნდის, “ზაგლემბეს” მეკარე) საშობაო არდადეგებზე ჩამოსული იყო ჩემთან და ელექტროგიტარა მაჩუქა. ეს ჩემთვის ძალზე სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
- როგორ მოგწონს კატალონიური სამზარეულო?
- ძალიან მიყვარს თევზი. უკრაინაში ძირითადად ხორცი იყიდება, რადგან იქ იშვიათობაა ახალი თევზი. როდესაც ბარსელონაში ჩამოვედი, აღმოვაჩინე, რომ აქ თევზი ყოველთვის ახალი და მაღალი ხარისხისაა. მიყვარს თევზისგან მომზადებული ყველა საჭმელი და ამ მხრივ ბარსელონა საუკეთესო ადგილია.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა