ინტერვიუები

11:45 | 5.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

დმიტრი ტრაპეზნიკოვი: “ქუთაისში მხოლოდ საქეიფოდ კი არა, სათამაშოდაც ჩამოვალთ”

ამ დღეებში ქუთაისს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობდა. ქუთაისქალაქობის საზეიმო ღონისძიებებზე სხვებთან ერთად ქუთაისის დაძმობილებული ქალაქის - დონეცკის დელეგაციაც ბრძანდებოდა. უკრაინიდან ჩამოსულთა შორის იყო დმიტრი ტრაპეზნიკოვი - დონეცკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და ამავდროულად პეტროვსკის რაიონის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ალბათ ხვდებით, “მსოფლიო სპორტი” სტუმრით ამ სტატუსების გამო არ დაინტერესდებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ტრაპეზნიკოვი უკრაინულ ფეხბურთში გავლენიან პიროვნებად ითვლება, 10 წელიწადზე მეტია, რაც დონეცკის “შახტარის” გულშემატკივართა კლუბის საპატიო პრეზიდენტია და წარმატებულადაც უძღვება საქმეს. როგორც ამბობენ, ტრაპეზნიკოვი “შახტარის” მფლობელ რინატ ახმეტოვთანაა დაახლოებული და ფეხბურთის განხრით მისი მარჯვენა ხელია.

დმიტრი ტრაპეზნიკოვს სამშობლოში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ვესაუბრეთ.
- ჩემთვის ცნობილია, როგორ აღმოჩნდით დონეცკის დელეგაციაში, მაგრამ სჯობს, მკითხველს თავად უამბოთ.
- წლის დასაწყისში ქუთაისიდან შეტყობინება მივიღეთ. თქვენი ქალაქის მერია ჭაბუკ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირის გამართვას გეგმავდა, რომელშიც ორ უკრაინულ გუნდსაც უნდა მიეღო მონაწილეობა - “შახტარსა” და ხარკოვის “მეტალისტს”. ხარკოველებისა რა მოგახსენოთ, ჩვენ კი სრული სერიოზულობით ვემზადებოდით საქართველოში ჩამოსასვლელად. “შახტარის” საფეხბურთო აკადემიის 17-წლამდელთა გუნდის წევრებს საგანგებოდ დავუმზადეთ უცხოური პასპორტები, მშობლებისგან შესაბამისი ნებართვებიც მივიღეთ. გამომგზავრებას ავტობუსით ვაპირებდით. ბოლოს შევიტყვეთ, რომ ტურნირი აღარ გაიმართებოდა. რამდენადაც ვიცი, ხარკოველებმა თავიდან თანხმობა განაცხადეს ტურნირში მონაწილეობაზე, მაგრამ შემდგომ გაურკვეველი მიზეზით თავი აარიდეს მას. ტურნირი აღარ შედგა და ძალიან დამწყდა გული, თუმცა,როგორც ხედავთ, ქუთაისში ვარ. თქვენი ქალაქის ხელმძღვანელებიდან პირადი მოწვევა მივიღე და დონეცკის დელეგაციას შევუერთდი.
- “შახტარის” გულშემატკივართა კლუბზე გვითხარით...
- ყველაფერი ფანკლუბიდან დაიწყო, სადაც მეც ვიყავი გაწევრიანებული. სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი ვიყავით. ფანკლუბი თანდათან სულ სხვა განზომილებაში გადაიზარდა. “შახტარის” გულშემატკივართა კლუბი 2001 წელს დავარეგისტრირეთ და ახლა მასში 50 ათასი ადამიანია გაერთიანებული.
- ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი...
- დაიჯერეთ, კლუბის წევრთა რიცხვი ერთიორად მას შემდეგ გაიზარდა, რაც “დონბას არენა” აშენდა. რინატ ახმეტოვის წინადადებით შემუშავდა ლოიალური პროგრამა გულშემატკივრებისთვის.
- რას წარმოადგენს ეს პროგრამა?
- ყველაფერზე რომ ვისაუბრო, შორს წავალთ. მთავარს მოგახსენებთ. დავიწყებ სააბონემენტო სისტემით. გულშემატკივართა კლუბის წევრებს შეღავათიან ფასებში ეძლევათ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები აბონემენტები და ვისაც ეს აბონემენტი გააჩნია, შეუძლია გარანტირებულად, თანაც ურიგოდ შეიძინოს “დონბას არენაზე” გასამართი სანაკრებო დონის თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩების ბილეთები.
კლუბის წევრები დიდი შეღავათებით სარგებლობენ სტადიონის ტერეტორიაზე განლაგებულ მაღაზიებში, სადაც “შახტარის” ემბლემით წარმოებული სხვადასხვა სუვენირები და სპორტული საქონელი იყიდება - მაისურები, ხელჩანთები, შარფები, კეპები, ბოტასები, ველოსიპედები და უამრავი სხვა რამ. ჩვენი კლუბის წარმომადგენლებს შეღავათები აქვთ კაფე-ბარებში, სხვადასხვა ატრაქციონებზე და ა.შ.
- რამდენადაც ვიცი, თქვენ გულშემატკივართა ელექტრონული ბაზაც გაგაჩნიათ.
- გულშემატკივრებთან კონტაქტს ძირითადად ამ ბაზის მეშვეობით ვამყარებთ. ოფიციალურად ვეპატიჟებით მათ თამაშებზე და კორპორატიულ ღონისძიებებზე, ვუგზავნით დაბადების დღის მილოცვებს. გულშემატკივართა კლუბის ძალისხმევით სტადიონზე შეიქმნა საბავშვო სექტორი,სადაც პატარები მშობლებთან ერთად მოდიან და მატჩის დაწყებამდე და შესვენების დროს სპეციალურად მათთვის მოწყობილ ღონისძიებებს ადევნებენ თვალს. გვაქვს სასკოლო და სტუდენტური სექტორებიც. გულშემატკივართა კლუბის წევრებს მატჩის დღეს სტადიონთან მანქანის პარკირებისასაც კი ეძლევათ უპირატესობა. გვაქვს უნიკალური მუზეუმი, რომელიც ექსპონატებით სწორედ გულშემატკივართა კლუბის წევრებმა გაამდიდრეს. აი, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე “შახტარის” მიერ გამართული მატჩების თქვენს მიერ ნაჩუქარ პროგრამებსაც მუზეუმს გადავცემ.
ტრაბახში ნუ ჩამითვლით და ჩვენი ხუთვარსკვლავიანი “დონბას არენა” ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია. თუნდაც იმის, რომ ჩვენს სტადიონზე მოსულ ექსკურსანტს სულ მცირე ორსაათნახევარი სჭირდება მის დასათვალიერებლად.
- მართლაც, ბევრი გიმუშავიათ.
- ჩვენთან ასეა, ყველა საკითხს სკრუპულოზურად შევისწავლით და მხოლოდ შემდგომ ვიწყებთ ამა თუ იმ წინადადების პრაქტიკულად განხორციელებას. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.
- “შახტარის” საფეხბურთო აკადემია საუკეთესოა უკრაინაში...
- აკადემია 10 წლის წინათ ჩამოვაყალიბეთ. დღეს საუკეთესო მინდვრებზე და საერთოდ, საუკეთესო პირობებში უამრავი ბავშვი ვარჯიშობს. გახსნილი გვაქვს აკადემიის ფილიალები - მაკეევკაში, ენაკიევოში და სხვა ქალაქებში.
- რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს აკადემიაში?
- 7 წლიდან. აკადემიის დირექტორი ჰოლანდიელია. მას “შახტართან” 7-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, 4 წელია, რაც ჩვენთან მუშაობს. რაც შეეხება მწვრთნელებს, ადგილობრივ კვალიფიციურ კადრებზე ვაკეთებთ აქცენტს. ბავშვებთან “შახტარის”ყოფილი ფეხბურთელებიც მუშაობენ: იური დეგტიარიოვი, ვიქტორ გრაჩიოვი, გენადი ზუბოვი, სერგეი ატელკინი და სხვები.
- თქვენი გულშემატკივართა კლუბის გუნდიც ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში...
- მართალს ბრძანებთ, რეგულარულად ვმონაწილეობთ სხვადასხვა დონის ტურნირებში და, როგორც წესი, ვიმარჯვებთ.
- ისე როგორ იქნება, დიდ “შახტარზე” არ გკითხოთ. შემიძლია წინასწარ მოგილოცოთ უკრაინის ჩემპიონობა!
- უკრაინის ჩემპიონატში ერთი ტურიღა დარჩა. 10 მაისს შინ აუტსაიდერ “ოლექსანდრიას” ვეთამაშებით და ეჭვგარეშეა, მოვიგებთ. მეხუთედ ვიზეიმებთ ქვეყნის ჩემპიონობას. ჩვენი გულშემატკივართა კლუბის წევრებს ოთხი დღით ადრე ოფიციალურად ვთხოვთ ამ მატჩზე დასწრებას, ერთად უნდა ვიმხიარულოთ. სხვათა შორის, ქვეყნის თასის გათამაშების ფინალშიც გავედით და 6 მაისს კიევში ჩვენს თანაქალაქელ “მეტალურგს” შევხვდებით. სეზონში დუბლი ნამდვილად არ გვაწყენს.
- ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და მისი ჩატარება თქვენს ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას...
- ამ დიდი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობა უკრაინისთვის უდიდესი პატივია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- ქუთაისი როგორ მოგეწონათ?
- აბა, რა გითხრათ, ქუთაისში ჩვენდამი საოცრად კეთილგანწყობილი, სტუმართმოყვარე ხალხი დაგვხვდა. სამ დღეში საკმარისი შთაბეჭდილებები დამიგროვდა. აქ ძველი და ახალი კარგად ერწყმის ერთმანეთს. მოვინახულე ბაგრატის ტაძარი, გელათი, მოწამეთა. სხვაგან ამგვარი არაფერი მინახავს. ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას დავესწარი და ფეხბურთის მატჩსაც. ვფიქრობ, ქუთაისის და დონეცკის ურთიერთობები ყველა სფეროში უნდა გაღრმავდეს. პირობას გაძლევთ, გაისად ქუთაისში მხოლოდ საქეიფოდ კი არა, სათამაშოდაც ჩამოვალთ.
 
იუზა კაციტაძე
0.120083