ინტერვიუები

15:12 | 2.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე მაროტა: “სერია A-ს გუნდების რაოდენობა 18-მდე უნდა შემცირდეს”

გასულ უიკენდზე იტალიის ჩემპიონატის ლიდერმა “მილანმა” ფრედ დაასრულა თავისი შეხვედრა სიცილიის “კატანიასთან”, ტურინის “იუვენტუსმა” კი დამაჯერებლად მოუგო “ნაპოლის” და “როსონერისთან” ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. ტურინში გამომავალი გაზეთის Tuttosport-ის ჟურნალისტი ვიტორიო ორეჯა “იუვეს” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტას დაუკავშირდა და გულშემატკივართათვის საინტერესო კითხვები დაუსვა.


- ძნელი სათქმელია, როგორ დამთავრდება სკუდეტოსთვის ბრძოლა თქვენსა და “მილანს” შორის, მაგრამ ერთი რამ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. მომავალ სეზონში ორ ფრონტზე ბრძოლა არ გაგიჭირდებათ?
-ახალ რეჟიმში საასპარეზოდ უპირველესად მენტალურად უნდა მოვემზადოთ. ისე კი, ჩემი აზრით, ანტონიო კონტე დაკისრებულ ამოცანას თავს კარგად გაართმევს. მისი წვრთნების ინტენსივობა და მრავალფეროვნება ამის თქმის სრულ საფუძველს მაძლევს.
- ლამის ყოველ ინტერვიუში აცხადებთ, რომ ტურინის “იუვენტუსის” უმთავრესი “ვარსკვლავი” ანტონიო კონტეა. ბრიტანულ პრესაში გაიჟღერა, რომ თუკი ჰარი რედნაპი ინგლისელთა ეროვნული გუნდის დამრიგებელი გახდა, კონტეს გადაბირებას “ტოტენჰემ ჰოთსპური” შეეცდებაო...
- ასე არ მოხდება. კონტეს არ შეველევით, ისევე, როგორც ჯიჯი ბუფონს. ჩვენ განვითარების გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომელიც ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს უკავშირდება. ანტონიომ კარგი კოლექტივი შეკრა. ეს კი უმნიშვნელოვანესია. წარმატებას მთლიანი გუნდი აღწევს და არა ცალკეული ვარსკვლავები. კონტემ ისეთი საფეხბურთო სისტემა ჩამოაყალიბა, რომელშიც ორიენტაცია გუნდურ პრინციპებზე კეთდება და არა ინდივიდუალურ მოქმედებებზე.
- მაისში პირლო 33 წლისა გახდება. მის შეცვლაზე ხომ არ ფიქრობთ?
- პირლო ერთადერთი და განუმეორებელია. იგი შემთხვევით არ მოგვიწვევია ტურინში. ნახევარდაცვის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ვფიქრობთ, თუმცა, “ახალი პირლოს” მოძიებას სულაც არ ვაპირებთ.
- დღემდე არ ცხრება საუბარი იმის თაობაზე, რომ კარლოს ტევესის გადაბირება გსურთ...
- საყოველთაო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, იტალიური საფეხბურთო სისტემა არ გვაძლევს საშუალებას 30-40 მილიონის ღირებულების ფეხბურთელი ვიყიდოთ და შემდეგ ხელფასის სახით ყოველწლიურად 7-8 მილიონი გადავუხადოთ. ამას არა მარტო “იუვე”, სხვა კლუბის ვერ გაწვდება. ამბობენ, ტევესი რომ გყავდეთ, ჩემპიონობას მოიპოვებდითო. იმასაც ამტკიცებენ, “მილანის” ლიდერობა დიდწილად ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამსახურებააო, მაგრამ ავიწყდებათ, რომ შვედ ფორვარდს “ბარსელონასთან” კონფლიქტი ჰქონდა და “როსონერიში” იგი საიჯარო ხელშეკრულებით მოხვდა. თუკი ტევესთან მიმართებაში ასეთი შანსი ჩვენც მოგვეცა, ცხადია, მას გამოვიყენებთ. ისე კი, უპირველესად, კონტეს აზრს გავიზიარებ. რაც არ უნდა ძლიერი ფეხბურთელის აყვანის პერსპექტივა შეგვექმნას, ჯერ მის ადამიანურ თვისებებს გავითვალისწინებთ.
- “იუვენტუსი” სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ბაზარზე პასიურობს...
- დამისახელეთ სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში რომელიმე იტალიურ გრანდში დამკვიდრდა. ძალიან ცოტა მაგალითს მომიყვანთ. ამასთან, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას პოტენციურ ვარსკვლავში 15 მილიონი გადავიხადოთ. როდესაც შემადგენლობას სრულად დავაკომპლექტებთ, მხოლოდ ამის შემდეგ გადავალთ სამხრეთ ამერიკის ბაზრის ათვისებაზე.
- სერია A-ს ფინიშამდე 8 ტურია დარჩენილი, “მილანს” კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებით...
- მიმდინარე სეზონში “იუვენტუსმა” გიგანტური ნაბიჯი გადადგა წინ. “მილანს” არ ჩამოუვარდებით, თუმცა, “როსონერის” შემადგენლობა მაინც უფრო გამოცდილი მოთამაშეებით ჰყავს დაკომპლექტებული, თანაც, ამ ფეხბურთელებმა დიდი გამარჯვებების გემო კარგად იციან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მეტოქეები “მილანს” უფრო უფრთხიან, ვიდრე ჩვენ. “იუვენტუსმა” უნდა მიაღწიოს, რომ მასაც ანალოგიურად მოეპყრან.
- თქვენი აზრით, იტალიურ ფეხბურთში რა რეფორმებია გასატარებელი?
- კალჩო რამდენიმე მიმართულებით საჭიროებს სახეცვლილებას. ანდრეა ანიელი ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ტურინის “იუვენტუსი” მოითხოვს სერია A-ში გუნდების რაოდენობის 18-მდე შემცირებას.
 
 
მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

0.118941