ფეხბურთი

12:17 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე მაროტა: “ისეთ მოთამაშეებს დავიმატებთ, რომლებიც “იუვეს” იმიჯს შეესაბამებიან”

 ტურინის “იუვენტუსმა” ზედიზედ ორჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ჩემპიონტა ლიგაში წარმატებით გამოსვლაც სურს. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

- ზედიზედ 2 წელიწადია ტურინის “იუვენტუსი” სკუდეტოს ეუფლება. ხომ არ დადგა დრო გუნდმა წარმატებას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც მიაღწიოს?

- სწორედ ესაა, რაც ყველას, კლუბის პრეზიდენტს, მწვრთნელებს და მოთამაშებს აერთიანებს.

- გუნდის კომპლექტაციის პასუხისმგებელი პირი თქვენ ხართ?

- დიახ, თუმცა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ანტონიო კონტესთან საფუძვლიანი მოთათბირების შემდეგ ვიღებ.

- იქნებ, მუშაობის თქვენეული მეთოდები გაგვაცნოთ...

- ანტონიო კონტეს მონდომებული, კვალიფიცირებული სამსახურის შემდეგ კონკურენტუნარიანი კოლექტივი შევკარით. ტურინის “იუვენტუსი” იტალიის უძლიერეს კლუბთა მარაქაში დაბრუნდა. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში გუნდი განუხრელად პროგრესირებს. სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ საშინაო ფრონტზე – სერია A-ს მსვლელობისას უშუალო კონკურენტებს სოლიდური ქულათა მარაგით ვუსწრებდით.

- ევროპულ ასპარეზზე ანალოგიური წარმატების მისაღწევად რამდენი ახალი ფეხბურთელის დამატება დაგჭირდებათ?

- კონკრეტული რიცხვის დასახელება რთულია. ცხადია, რაც უფრო მეტ მაღალი კლასის მოთამაშეს დავიმატებთ, გუნდის ასპარეზობა კიდევ უფრო სოლიდური გახდება, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები გვყავს, როგორებიც ბუფონი, კიელინი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო არიან.

- პოტენციურ ახალწვეულებზე ვისაუბროთ. რა ტიპის ფეხბურთელთა შეძენას აპირებთ?

- ისეთ მოთამაშეებს დავიმატებთ, რომლებიც “იუვენტუსის” იმიჯს შეესაბამებიან. სათამაშო კლასთან ერთად, აუცილებლად გავითვალისწინებთ ადამიანურ თვისებებსაც. ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გარკვეული სატრანსფერო ღირებულება და სახელფასო ზღვარი გვაქვს შემოფარგლული.

- ანტონიო კონტეც ეთანხმება თქვენეულ მიდგომას?

- კონტესთან იდეალური სამუშაო ჰარმონია ჩამომიყალიბდა. სინიორ ანტონიო მთავარმწვრთნელობას განაგრძობს. მისი მუშაობით პრეზიდენტიც კმაყოფილია და გულშემატკივრებიც.

- ანიელიმ კატეგორიულად უარყო ტურინში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება. ეს თემა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ?

- დიახ, ასეა. ზლატანი “იუვეში” არ დაბრუნდება.

- არგენტინელ ფორვარდთან გონსალო იგუაინთან მოლაპარაკება რა სტადიაშია შესული?

- ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ესპანეთში ჩემპიონატი არ დასრულებულა. მადრიდის “რეალმა” ჯერ ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა მოიძიოს. შესაძლოა, მან იგუაინთან განშორება არ მოისურვოს. ისე კი, გონსალო კარგი თავდამსხმელია და ბევრი გუნდისთვისაა მისი გადაბირება სასურველი.

- სტევან იოვეტიჩის ყიდვის საქმეში კონკურენციას ლონდონის “არსენალი” გიწევთ. აჯობებთ არსენ ვენგერის გუნდს?

- ბოლო დროს ბევრს წერენ ფეხბურთელებზე, რომელთა ჩვენ რიგებში ხილვა გვინდა, გარწმუნებთ, ხშირად ეს ცნობები სიმართლეს მოკლებულია.

- თქვენი სიტყვებიდან გამოდის, “იუვენტუსს” იოვეტიჩი არ სჭირდება?

- სტევანი მაღალი კლასის მოთამაშეა, მაგრამ “ფიორენტინასთან” მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. მართალია, მისმა აგენტმა მოგვმართა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იოვეტიჩის ყიდვა გადაწყვეტილი გვაქვს.

თეგებიმაროტა
0.116403