ინტერვიუები

11:05 | 5.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე ფურინო: “მე ფსონს არიაუდოზე გავაკეთებდი და არა კანავაროზე”

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ჯუზეპე ფურინომ 528 მატჩი ითამაშა ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში. გუნდთან ერთად მან 8 სკუდეტო, თითო უეფას (1976/77) და თასების მფლობელთა თასი (1983/84) მოიპოვა. სხვა გულშემატკივრებთან ერთად, დღეს მასაც უკვირს, თუ რა მდგომარეობაშია მისი საყვარელი გუნდი. გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ ნახევარმცველთან, რომელიც მან ტურინულ გაზეთ Tuttosport-ს მისცა.
- ჯუზეპე, ჯერ კიდევ ზაფხულში თუ ვარაუდობდით, რომ 2010 წელი “იუვენტუსისთვის” ასე რთულად დასაწყები აღმოჩნდებოდა?
- გულწრფელად თუ ვიტყვი, არა. გაოცებული ვარ. ვფიქრობდი, მნიშვნელოვანი შენაძენები წინ წაგვწევდა და “ინტერთან” მიგვაახლოებდა. თუმცაღა, ბოლოდროინდელ პერიოდში მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენს წინაშეა გუნდი, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს და სრულიად დანაწევრებულია. “იუვენტუსისთვის” დაუშვებელი უნდა იყოს მარცხი ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან “კალიარი”, “ბარი”, და “კატანია”.
- თქვენ ამ ყველაფერს გვერდიდან შესცქერით და ამ პრობლემის მთავარი მიზეზი ხომ არ შეგიმჩნევიათ?
- უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. მე რომ მთავარი მიზეზი მცოდნოდა, ახლა ბეტეგას ადგილას ვიქნებოდი.
- რამეს ხომ არ ურჩევდით რობერტო ბეტეგას?
- მას ჩემი რჩევა ნამდვილად არ სჭირდება. რობერტოს საკმარისი ავტორიტეტიც აქვს და გამოცდილებაც იმისათვის, რომ არსებულ სიტუაციიდან გამოაძვრინოს გუნდი. დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნება მთელ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს.
- მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი პრობლემები მაინც მოედანზე რჩება: თქვენ რას შეცვლიდით კრიზისიდან გამოსასვლელად?
- “იუვენტუსს” პრობლემები პირველ რიგში დაცვაში აქვს. აქედან გამომდინარე, 4-4-2 სქემასთან დაბრუნება, როცა შემადგენლობაში დიეგოა, გუნდის დაცვაში ბევრად უფრო საიმედო თამაშის გარანტია იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ძალიან ბევრი მოძრაობა: მარჯვნიდან ამის მიღწევა კასერესს შეუძლია, მარცხენა ფლანგზე კი ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო.
- ფელიპე მელო თამაშში დაღმასვლას განიცდის. როგორ შეუძლია მას ამის გამოსწორება?
- შორიდან ყოველთვის რთულია განსაჯო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საჭირო განწყობა არ აქვს. ამ ეტაპზე მას თავის წარმოჩენა მხოლოდ მოწინააღმდეგის მოედანზე და მხოლოდ მშვიდ გარემოში შეუძლია. რა თქმა უნდა, ფელიპე კარგი მოთამაშეა, მაგრამ მას დახმარება სჭირდება.
- ფელიპე მელოს ნაცვლად, შეტევის დამწყები მოთამაშის პოზიციაზე რომ მარკიზიო იყოს, ეს თუ გადაჭრიდა რაიმე პრობლემას?
- არა, მსგავსიც კი არაფერი მომივიდოდა თავში.
- რატომ?
- კლაუდიო დინამიკური ფეხბურთელია, რომელიც პასებზე შესანიშნავად თამაშობს და ფიზიკურადაც ძლიერია. ვფიქრობ, ის დაცვის წინა რიგებში მოთამაშედ გამოდგება. დარწმუნებული ვარ, 4-4-2 სქემის შემთხვევაშიც კი ფლანგზე უკეთესად შეძლებს თამაშს.
- ბოლო შედეგების შემდეგ ფერარას მდგომარეობა გაურკვეველია...
- ჩირო მწვრთნელია და გუნდის შედეგებზე ის აგებს პასუხს. “იუვენტუსის” მთელი ისტორიის მანძილზე, ბოლო ორი თვე ყველაზე ცუდი პერიოდი იყო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოსა და სექტემბერში შესანიშნავი გუნდი იყო. ფერარამ აღიარა საკუთარი შეცდომები, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ძალიან გამოცდილ მწვრთნელსაც კი გაუჭირდებოდა გუნდის წარმატებისკენ წაყვანა.
- ბოლო დროს ფერარას შესაძლო შემცვლელად უფრო და უფრო ხშირად მოიხსენიებენ გუს ჰიდინკს...
- მე მსგავს აზრს არ ვიზიარებ. ეს გუნდის ისტორიას და მენტალიტეტს ეწინააღმდეგება. “იუვენტუსი” ყველა სხვა კლუბისგან განსხვავდება.
- და ვის ნახვას ისურვებდით მწვრთნელად?
-პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვიტყვი, რომ გამიხარდებოდა მწვრთნელი რომ იტალიელი ყოფილიყო. თუმცა სანამ ამ პოსტზე რაიმე ცვლილება განხორციელდება, იმედი მაქვს ჩირო ფერერა გუნდთან ერთად შეძლებს კრიზისის დაძლევას.
- სეზონის პირველ ნახევარში ყველაზე მეტად რის ნახვას არ მოელოდით “იუვენტუსში”?
- შედეგების სტაბილურობას, რა თქმა უნდა. ზედიზედ მოგებები და მარცხები “იუვენტუსის” გენეტიკაში არ ჯდება. იმისთვის, რომ სკუდეტო მოიგო, “კატანიასთან” და “კალიარისთან” არ უნდა აგებდე.
- გასული ზაფხულის სატრანსფერო კამპანიაში რას შეცვლიდით?
- ფაბიო კანავაროს ყიდვის ნაცვლად, ფსონს ახალგაზრდა არიაუდოზე გავაკეთებდი. მეჩვენება, რომ “იუვენტუსს” ახალგაზრდა მოთამაშეები ესაჭიროება და არა გამოცდილი.
- ბეტეგას შემდეგ შეიძლება ფურინოს დაბრუნებასაც ველოდოთ?
- გუნდის წინა მმართველობისგან შორს ვიყავი. ვიტყვი, რომ ჩემი გამოცდილება  გუნდს სასარგებლოდ წაადგებოდა და აქ გავჩერდები. იმათ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც თვითონ ახდენს საკუთარი თავის შეთავაზებას.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.117824