კალათბურთი

16:48 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯი და დიურანტი ნოემბრის მოთამაშეებად აღიარეს

ინდიანა პეისერზის” კალათბურთელი პოლ ჯორჯი და “ოკლაჰომა სიტის” წევრი კევინ დიურანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA), შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ნოემბრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

ჯორჯის დახმარებით “პეისერზი” რეგულარული პირველობის ლიდერი გახდა, პოლის საშუალო მონაგარი კი 23.6 ქულა, 6.1 მოხსნა, 3.3 პასი და 2.13 ჩაჭრა გახლდათ.

ნოემბერში საშუალოდ 28.3 ქულას აგროვებდა დიურანტი, ხოლო ოკლაჰომელებმა 14-დან 11 მატჩში იმარჯვეს.

თვის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), დუაიტ ჰოვარდი (“ჰიუსტონი”), ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), არონ აფლალო (“ორლანდო”) და ლამარკუს ოლდრიჯიც (“პორტლენდი”) აცხადებდნენ.

ახალბედათა შორის ნოემბერში აღმოსავლეთში “ფილადელფია სიქსერზის” მცველი მაიკლ კარტერ-უილიამსი, ხოლო დასავლეთში “საკრამენტო კინგზის” მცველი ბენ მაკლემორი გამოარჩიეს.

კარტერ-უილიამსი, რომელიც გასულ დრაფტზე მე-11 ნომრად აირჩიეს, ახალბედათა შორის პირველ ადგილზეა ქულების (17.2), პასების (7.3) და ჩაჭრების (2.92) მიხედვით, მოხსნებში კი მე-2 მაჩვენებელი (5.3) გააჩნია. რაც შეეხება დრაფტის მე-7 ნომერ მაკლემორს, იგი საშუალოდ 9.1 ქულას აგროვებს.

თვის საუკეთესო ახალბედად აღიარების შანსი კელი ოლინიკს (“ბოსტონი”), სტივენ ადამსს (“ოკლაჰომა სიტი”) და ვიკტორ ოლადიპოსაც (“ორლანდო”) ჰქონდათ.

საინტერესოა, რომ დღეს დილით კარტერ-უილიამსის “ფილადელფია” და ოლადიპოს “ორლანდო” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა: პირველად ლიგის ისტორიაში ერთბაშად ორმა ახალბედამ სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.

კარტერ-უილიამსის მონაგარი 27 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი იყო, ხოლო ოლადიპომ 26 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ გასული მატჩი მე-2 ოვერტაიმში “სიქსერზმა” მოიგო – 126:125.

0.129756