ინტერვიუები

16:08 | 12.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ტერი: “მახსოვს, როგორ ვუწმენდდი ბუცებს “ჩელსის” ფეხბურთელებს”

ჯონ ტერიმ 500 მატჩი “მოაგროვა” “ჩელსის” მაისურით. კაპიტანი, დაცვის ბურჯი, გასახდელის ლიდერი – “არისტოკრათა” 26 ნომერი წლეულს საუკეთესო სეზონს ვერ ატარებს, თუმცა კლუბის ისტორიაში დიდი სახელი ჩაწერა.
“ჩელსის” საიტზე ტერის ინტერვიუ გამოქვეყნდა:
- ის პერიოდი გაიხსენეთ, როდესაც “ჩელსიში” კარიერას იწყებდით.
- მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი. დავდიოდი და ჩემთვის ვფიქრობდი, აქ მოთამაშე ფეხბურთელებს განსაზღვრული აქვთ, რა უნდა აკეთონ, წინასწარ იციან გეგმები, მე კი... ჩემს მოვალეობაში შედიოდა ძირითადი გუნდის სამი გასახდელის გაწმენდა ბაზაზე და კიდევ, მატჩების დღეს მაისურები უნდა გამერეცხა. ამასთან, ბუცები უნდა გამეწმინდა დენის უაიზისთვის, დეივ ლისთვისა და ენდი ნიუტონისთვის. პირველი ვარჯიშისას ძალიან გამიძნელდა.
- და ახლა, როცა 500 მატჩი ჩაატარეთ “ჩელსიში”, პირველ თამაშს როგორ გაიხსენებდით?  

- იმ მატჩს გავიხსენებ, რომელიც ძირითადში დავიწყე. ჯანლუკა ვიალიმ ერთ-ერთ ვარჯიშზე თავისი არჩეული სქემა გამაცნო, შემდეგ კი მისმა თანაშემწე გრემ რიქსმა მითხრა, რომ უახლოეს მატჩში ძირითადში უნდა მეთამაშა მარჯვენა მცველად. საკვირველი იყო, რადგან მანამდე ინგლისის ლიგის თასზე ორჯერ შევედი შეცვლაზე და “საუთჰემპტონთან” საყრდენ ნახევარმცველადაც გამამწესეს. მოკლედ, მარჯვენა მცველად ვითამაშე “ოლდჰემთან” და მართალია, მინდორზე ატმოსფერო დაძაბული იყო, ვიგრძენი, რომ კარგად გამოვიყურებოდი. 2:0 მოვიგეთ.
-    პირველი ფინალი 2002 წელს გქონდათ, როცა თასის გადამწყვეტ მატჩში “არსენალთან” წააგეთ...
-    ახლა უკვე აღარ ვიხსენებ საშინლად, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. თუმცა, “ჩელსი” ნელ-ნელა დაიხვეწა, წლიდან წლამდე უკეთ თამაშობდა, მეც მოვუმატე და კლუბს ტიტულების მოგების ამბიცია გაუჩნდა. ინგლისის თასი მაინც მოვიგეთ, ეს კი არცთუ იოლია.
- როდესაც “ჩელსი” რომან აბრამოვიჩმა იყიდა, გუნდმა იმ ზაფხულს პირველი მატჩი ჩეხეთის ‘სპარტასთან” ჩაატარა და თქვენ სათადარიგოთა სკამზე იჯექით. ფიქრობდით, რომ “არისტოკრატებში” თქვენს ადგილს საფრთხე ემუქრებოდა?
-    ეს უცნაური მატჩი იყო. მახსოვს, თამაშის წინ კრებაზე შემადგენლობა რომ გამოაცხადეს, მე, ფრენკ ლამპარდმა და ეიდურ გუდიონსენმა ერთმანეთს იდაყვები მივარტყით. შოკში ვიყავით,  შემადგენლობაში რომ ვერ მოვხვდით, მაგრამ პროფესიონალები ვიყავით და წუწუნი არ დაგვიწყია. მახსოვს, ლამპარდი შევიდა შეცვლაზე, მე – ვერა. მწვრთნელი გვესაუბრა და დაგვარწმუნა, რომ ზედმეტები არ ვიყავით. ყველაფრის თავი და თავი ისაა, როგორ ფორმაში ხარ. ეს არაა ბირთვული ფიზიკა, ყველაფერი იოლი გასაგებია. თუ ცუდად თამაშობ, მინდორზე არ უნდა გახვიდე – მიუხედავად იმისა, რომ გუნდის კაპიტანი ხარ.
- რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება უშუალოდ ინგლისის ჩემპიონატზე ან თასზე?
- გასვლითი შეხვედრა “ბლექბერნთან”, რომელიც 1:0 მოვიგეთ. ჟოზე მოურინიუ მინდორზე გამოვიდა, პიჯაკი გაიხადა და გულშემატკივრებს ესროლა. ეს მატჩი ბევრ ტელეარხზე გადაიცემოდა და მახსოვს, რთული თამაში გამოვიდა. ჩვენ ინგლისის ჩემპიონები გავხდით.

 

მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 

0.11737