დაახლოებით ერთი წლის წინ, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” 25 წლის მცველი ჯონ ევანსი გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. ახლა მის გარეშე “წითელი ეშმაკების” ხილვა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა, აქამდე დიდი გზა იყო და ამის შესახებ ფეხბურთელი Inside United-ს ესაუბრა.
მანჩესტერული გრანდის საფეხბურთო სკოლის აღზრდილ ფეხბურთელს, პრემიერლიგაში დებიუტი 2006/2007 წლების სეზონში ჰქონდა, ოღონდ “სანდერლენდის” შემადგენლობაში, სადაც ის განათხოვრების წესით თამაშობდა. მერე იყო ბელგიური “ანტვერპენი”, კვლავ განათხოვრება “სანდერლენდში” 2008 წლიდან ევანსმა უკვე მეთოდურად დაიწყო ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება.
- შობის წინ თქვენ ახალ კონტრაქტს მოაწერეთ ხელი. გსურთ, რომ ერთი კლუბის ერთგული იყოთ?
- რა თქმა უნდა. მართალია, ერთი-ორჯერ განათხოვრებული ვიყავი, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილი ვარ და უკვე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ. ახალგაზრდობაში რამდენჯერმე მივიღე სხვა კლუბებიდან შეთავაზება, მაგრამ უარი განვაცხადე. ადრეც ასე იყო და ახლაც მსურს, რომ მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედში” ვითამაშო. სწორედ ამიტომ, მთელი კარიერის გატარება საუკეთესო ვარიანტი იქნება. მაგრამ ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და ასე შორს ვერ გავიხედავ.
- მიმდინარე სეზონში იყო არაერთი დიდი გამარჯვება, მათ შორის დრამატულ მატჩებში. მათგან რომელმა მოგანიჭათ ყველაზე დიდი სიხარული?
- ბრწყინვალე იყო “სიტისთან” გამარჯვება. ის თამაში ტრავმის გამო გამოვტოვე. მახსოვს, ნამატჩევს ტომ კლევერლის ჩავეხუტე და ლამის დავახრჩე. ვცდილობდი, სიხარულისგან მეტი არ მომსვლოდა და ხტუნაობით ტრავმა არ დამემძიმებინა. უფრო დიდი სიამოვნება მომანიჭა “საუთჰემპტონთან” მატჩმა, რომელშიც მონაწილეობა ასევე არ მიმიღია. მაშინაც სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, თამაში არ გამოგვდიოდა. როდესაც რობინმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა ვიფიქრე, რომ ჩვენი დღე არ იყო. მაგრამ უკანასკნელ წუთებზე განვითარებული მოვლენები ბრწყინვალე იყო. როცა თამაშს შორიდან უყურებ, თავს გულშემატკივრად გრძნობ და უფრო მეტად განიცდი. მოედანზე ყოფნისას ასეთი ემოცია არ გეუფლება, რადგან ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია. თამაშის ყურება უფრო ამაღელვებელია, ვიდრე მოედანზე ყოფნა.
- მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი გაიტანეთ. რაში მდგომარეობს თქვენი საიდუმლო?
- ვფიქრობ, იმაში, რომ გავიზარდე, უფრო გამოცდილი და თავდაჯერებული, მშვიდი გავხდი. აქამდე ისე მსურდა გოლის გატანა, მოედნის მეორე ბოლომდე ისე გავრბოდი, რომ მოსალოდნელ შედეგებზე არ ვფიქრობდი. მხოლოდ ერთს ვიმეორებდი: “უნდა გავიტანო”. თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ზედმეტად მონდომებული არ ხარ, მაშინ უფრო მართებულად თამაშობ.
- მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად რომელი თანაგუნდელის თამაშით ხართ მოხიბლული?
- ყველაზე მეტად რაფაელი გაიზარდა, მან დიდი ნახტომი გააკეთა. მისი ძმა განათხოვრებულია და სჩანს, ამან მისი პასუხისმგებლობა გაზარდა. აქამდე ტრავმების გამო მას არცთუ ხშირად უწევდა თავის პოზიციაზე თამაში, წელს კი, გუნდში დამკვიდრება მოახერხა და ეს სრულად მისი დამსახურებაა.
- რაფაელის სიტუაცია თქვენსას ხომ არ წააგავს?
- რაფაელი ჩემზე ახალგაზრდაა, მაგრამ პირველ გუნდში პრაქტიკულად ერთდროულად, ერთსა და იმავე სეზონში მოვხვდით. მიმდინარე სეზონში მან დაახლოებით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან ბევრია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. ყველას სჯეროდი მისი და მანაც იმედები გაამართლა. ზოგი მას თამაშის აქტიური სტილისთვის აკრიტიკებდა, მაგრამ ახლა ბალანსი იპოვა და პირადად მე მიმაჩნია, რომ დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ მცველებს? მეგობრობთ? ვარჯიშებისას ერთმანეთს გვარდით უდგახართ?
- რა თქმა უნდა. ჩვენ მუდამ ვაქებთ ერთმანეთს კარგი თამაშისთვის. ზუსტად ვიცი, რომ სხვა გუნდებში, როდესაც ერთი ფეხბურთელი საკუთარ ადგილს მეორეს უთმობს სურს, რომ ის ჩავარდეს. ასეთია ცხოვრება - ადამიანებს არ სურთ, რომ მათ ადგილას სხვა მივიდეს და მათი საქმე უკეთ გააკეთოს, მაგრამ ასეთ შეხედულებას არასდროს ვიზიარებდი. არა მგონია, ჩვენს გუნდში ვინმე ფიქრობდეს: “ვიმედოვნებ, ის ამ თამაშს ჩააგდებს”. ჩვენ გუნდი ვართ, ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედი” ვართ და ჩვენ ჯილდოების მოგება გვსურს. თუკი მე ვერ მოვხვდები შემადგენლობაში, ის კი, ვინც ითამაშებს შეცდომებს დაუშვებს, ტიტულებს ხომ ვერ მოვიგებთ? ჩვენ ყველამ კარგად უნდა შევასრულოთ სამუშაო.
- თქვენ ხუთი წელია გუნდში ხართ და ისეთი მცველების მხარდამხარ მოგიწიათ თამაში, როგორებიც ფერდინანდი და ვიდიჩი არიან...
- როდესაც პირველ გუნდში მოვხვდი, ამ ორის სათამაშო დონე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მათი მოედანზე ყოფნა, სათამაშო კლასი - მსოფლიო დონისაა! ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან მაღალი თამასა იყო და ის ახლაც ასეთად რჩება. მე ახალგაზრდული გუნდიდან ამ ფეხბურთელების კვალდაკვალ მოვედი, მუდამ ვცდილობდი, მათი დონისთვის მიმეღწია, არა მომენტალურად, არამედ, ეტაპობრივად და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებდი. ეს იყო უდიდესი გამოწვევა. ამრიგად, მიზანი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა კი არა, მსოფლიოს ამ ორი საუკეთესო ცენტრალური მცველის დონეზე თამაში იყო. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში.
- ეს ყველაფერი არ გაშინებდათ?
- ვერ ვიტყოდი, რომ მაშინებდა. არასდროს მდომებია ზუსტად მათნაირი გავმხდარიყავი, საკუთარი მე უნდა შემენარჩუნებინა. შეუძლებელია რომელიმე ფეხბურთელს დაემსგავსო, რადგან ყველა განსხვავებულია. მსგავსი მცდელობა რომ მქონოდა, ახლა ისეთი ვერ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. ვერ ვიტყვი, რომ შეშინებული ვიყავი, უბრალოდ, ეს იყო დიდი გამოწვევა, რომ პირველ გუნდში მათი ადგილი დამეკავებინა. აუცილებელია, რომ გწამდეს და მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებდე. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე გახვიდე და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენო. ზეწოლით არაფერი გამოვა.
- ჩანს, თქვენ დაცვის ხელმძღვანელობა ისწავლეთ და გუნდის თამაშის ორგანიზებაში დიდ როლს ასრულებთ...
- მინდა ვიფიქრო, რომ ეს სისხლში მაქვს. როდესაც გუნდში ახალი ვიყავი, ძალიან მიჭირდა. ვფიქრობდი: “როგორ გინდა ამ ბიჭებს უთხრა სად უნდა იდგნენ?” მაგრამ ძალიან მალე თანაგუნდელებისგან პატივისცემა ვიგრძენი და თავდაჯერებულობაც მომემატა. ურთიერთობა მცველის სამუშაოს უდიდესი ნაწილია. ეს მცირედი ნაწილებია, რაც ძლიერ მოქმედებს შენს თამაშზე და ეხმარება პარტნიორებს.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა