ნოვაკ ჯოკოვიჩის და რაფაელ ნადალის რიგით მე-40 დაპირისპირება სერბი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა მაიამის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 469 405 დოლარი) ფინალში შედგა და ნოვაკმა 6:3, 6:3 იმარჯვა.
მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, სერბის და ესპანელის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ისე რაფას მხარეს არის. ნადალი ჯოკოვიჩს 22:18-ს უგებს, თუმცა, ჰარდზე უპირატესობა “ნოლეს” მხარესაა – 14:7.
Sony Open Tennis-ის მოგების წყალობით, სერბმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 1000 ქულა შეიმატა, საპრიზო თანხიდან კი 787 ათასი დოლარი ერგო.
ცნობისთვის, ნოვაკმა ინდიან უელსსა და მაიამიში მიმდინარე მარტის მასტერსები მიჯრით კარიერაში უკვე მეორედ მოიგო (პირველად 2011 წელს) და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის შემდეგ მხოლოდ მე-2 ჩოგბურთელი გახდა, ვინც აღნიშნული რამ მოახერხა.
ჯამში ნოვაკმა კარიერაში მე-18 “მასტერსი” მოიგო და ამ მაჩვენებლით, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. მის წინ მხოლოდ რაფაელ ნადალი (26), ივან ლენდლი (22), როჯერ ფედერერი (21) და ჯონ მაკინროი (19) არიან.