ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მეორე ნახევარფინალური წყვილი სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ამერიკელმა ჯონ იზნერმა შეადგინეს. ტურნირზე მეთორმეტე ნომერად განთესილმა იზნერმა მეოთხედფინალში ლატვიელ ერნესტს გულბისს მოუგო, ჯოკოვიჩმა კი ფრანგ ჟულიენ ბენეტოს სძლია. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და უკრაინელი ოლეკსანდრ დოლგოპოლოვი შეხვდებიან.
ჯოკოვიჩისა და ბენეტოს დაპირისპირებამ მხოლოდ საათსა და 8 წუთს გასტანა. 32 წლის ფრანგის წინააღმდეგ თამაშისას ნოვაკმა 4 ბრეიკი, 7 ეისი შეასრულა, მატჩი იოლად, 6:1, 6:3 მოიგო და ჟულიენთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 6:1 გახადა.
ჯოკოვიჩი მეოთხედ გავიდა ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში, ბენეტოსთან მატჩის შემდეგ კი რეპორტიორებს შემდეგი განუცხადა: “ასპარეზობის დაწყებისთანავე მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი. თუკი ტურნირის საწყის შეხვედრებში ჩავარდნები მქონდა, ამჯერად თავიდან ბოლომდე სტაბილურად ვითამაშე. კორტზე ყველაფერი გამომდიოდა”.
“ნოლემ” ჯონ იზნერთან სანახევარფინალე დაპირისპირებაზეც ისაუბრა: “ინდიან უელსში იზნერთან რამდენიმე წლის წინათ ვითამაშე. ძალიან რთული მატჩი იყო. შარშან ცინცინატიში კი მან მომიგო. ჯონი საკუთარ მოწოდებას პრაქტიკულად არ თმობს, ამიტომაც მასთან დაპირისპირებისას ტაიბრეიკისთვის მზად უნდა იყო”.