საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის პირველი ნახევარფინალური წყვილი სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ლატვიელმა ერნესტს გულბისმა შეადგინეს. რეიტინგსიის მეორე ნომერ ჯოკოვიჩს სადიდსლემო ტურნირთაგან მხოლოდ “როლან გაროსი” არ მოუგია, ბალტიისპირელმა გულბისმა კი კარიერის განმავლობაში პირველად გააღწია დიდი სლემის შეჯიბრებათა ნახევარფინალში.
მეოთხედფინალში ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელი მილოშ რაონიჩის 7:5, 7:6, 6:4 დამარცხების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: “თავს მშვენივრად ვგრძნობ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ბრწყინვალე ატმოსფერო შემიქმნეს. საფრანგეთის ღია პირველობის მოგება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. ყოველ კონკრეტულ მატჩზე მთლიანად კონცენტრირებული ვარ და საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენებას ვცდილობ. ბევრი ტურნირის მოგების ფავორიტად მიმიჩნევს, მაგრამ ყოველი მეტოქე დიდ წინააღმდეგობას მიწევს. გულბისს რაც შეეხება, წლევანდელ “როლან გაროსზე” მან ფედერერსა და ბერდიხს მოუგო. ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ეარნესტს დამაჯერებლობა შემატა. ლატვიელს რომში მოვუგე და დამაჯერებლობა არც მე მაკლია, თუმცაღა გულბისი მეტად საშიში ოპონენტია”.
ლატვიელმა ერნესტს გულბისმა კი მეოთხედფინალში ჩეხ ტომაშ ბერდიხს 6:3, 6:2, 6:4 სძლია და ნამატჩევს დააადასტურა მიმდინარე “როლან გაროსზე” თავისი საუკეთესო მატჩი რომ ჩაატარა: “პრაქტიკულად იდეალურად ვითამაშე. ფიზიკურად კარგად ვარ მზად, ამიტომაც ნებისმიერი ბურთის ასაღებად ვიბრძოდი. ნოვაკთან მომავალ შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენი წინა დაპირისპირებები უნდა დავივიწყოთ, რადგან ახლა ოპტიმალურ ფორმაში ვარ და უპრიანი იქნება, თუკი მხოლოდ ნახევარფინალზე ვიქნები კონცენტრირებული”.
ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ერნესტს გულბისის ნახევარფინალური პაექრობა პარასკევს, 6 ივნისს ჩატარდება.