მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაის “მასტერზ1000”-ის ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 6:1, 3:6, 7:6 მოუგო და ზედიზედ მეორედ გახდა ამ შეჯიბრების გამარჯვებული. “ნოლემ” კარიერის განმავლობაში მეთხუთმეტე “მასტერზზე” იმარჯვა, ჩინეთში ჩატარებულ მატჩებში კი ზედიზედ მეოცე მოგება იზეიმა. ჯოკოვიჩი ზედიზედ 2 სეზონია პეკინისა და შანხაის შეჯიბრებებზე მთავარი პრიზის მფლობელი ხდება.
დღევანდელ ფინალს რაც შეეხება, 26 წლის ჯოკოვიჩმა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 2 საათსა და 32 წუთში სძლია. ნოვაკმა 2 ბრეიკი და 10 ეისი შეასრულა, თავად კი არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. კარიერის განმავლობაში “ნოლე” მეცამეტედ შეხვდა 25 წლის დელ პოტროს და მეათედ მოახერხა პატაგონიელის დამარცხება.
შანხაის “მასტერზ1000”-ის მოგებით ჯოკოვიჩმა 729725 დოლარი და ათასი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რომ ნოვაკმა წლეულს მეხუთე, კარიერის მანძილზე კი 39-ე ტიტული მოიგო.