მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მეცამეტედ გავიდა სადიდსლემო ტურნირის ნახევარფინალში. ეს სერბმა მიმდინარე უიმბლდონზე ჩეხი ტომაშ ბერდიხის 7:6 (7:5), 6:4, 6:3 ძლევის შემდეგ მოახერხა. ბოლო მეიჯორი, რომელზეც “ნოლემ” ნახევარფინალში გაღწევა ვერ მოახერხა, 2010 წლის “როლან გაროსია”. დიდი სლემის შეჯიბრებებზე მიჯრით ნახევარფინალში გასვლის რაოდენობით ჯოკოვიჩი მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება. “მხიარული როჯერმა” ზედიზედ 26-ჯერ ითამაშა საუკეთესო ოთხეულში.
ჯოკოვიჩისა და ბერდიხის დღევანდელ დაპირისპირებას რაც შეეხება, პირველ სეტში 27 წლის ჩეხმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ერთი წლით უმცროს სერბს და საწყისი პარტია ტაი-ბრეიკით დათმო. მეორე სეტში თავდაპირველად ტომაში 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ნოვაკმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მეოთხედფინალში გამარჯვებულის ვინაობაც აქ გაირკვა. 2 საათსა და 14 წუთში “ნოლეს” აქტივში 16 ეისი და 4 ბრეიკია. ბალკანელმა 14-ედ დაამარცხა დასავლეთსლავი, ჩეხს კი მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული სერბთან დაპირისპირებისას. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება.
ჯოკოვიჩის მსგავსად დელ პოტრომაც მეოთხედფინალი 3 სეტით მოიგო. 24 წლის პატაგონიელმა მასზე 7 წლით უფროს, საფრანგეთის წლევანდელი ღია პირველობის ფინალისტს დავიდ ფერერს 6:2, 6:4, 7:6 (7:5) მოუგო. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეს მეოთხედფინალიც პრაქტიკულად იგივე დროში (2 საათი, 15 წუთი “ჩაეტია”). “დელპოს” ანგარიშზე 3 ბრეიკი (ფერერმა ბრეიკის შესრულება ვერ მოახერხა) და 12 ეისია. დღევანდელი გამარჯვების მიუხედავად, დელ პოტრო ფერერს პირად შეხვედრებში მაინც ჩამორჩება – 3:6.
დელ პოტრო პირველად გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში და ერთადერთი სადიდსლემო შეჯიბრება, რომლის საუკეთესოთა ოთხეულში ხუან მარტინი არ გასულა, ავსტრალიის ღია პირველობაა.