ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2706) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე დავიდ ბრონშტეინის მემორიალის მოგების ჩინებულ შანსს ინარჩუნებს. დასკვნითი ტურის წინ ჯობავას 6.5 ქულა აქვს და იგი ერთპიროვნული ლიდერია.
ბოლოსწინა მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ჰოლანდიის სახელით მოთამაშე სერგეი ტივიაკოვს (2639) დაუზავდა და მას და კიდევ ოთხ მოჭადრაკეს ნახევარი ქულით უსწრებს.
უკანასკნელ ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ალეკსანდრ შიმანოვს (რუსეთი, 2658) ეთამაშება. ცენტრალური იქნება ფედორჩუკ (უკრაინა, 2641) – დუბოვის (რუსეთი, 2614) და ოლეკსიენკო (უკრაინა, 2630)-ტივიაკოვის პარტიებიც.
შეგახსენებთ, რომ მინსკის ტურნირის გამარჯვებული სარეიტინგო ქულებთან ერთად სოლიდურ ფულად ჯილდოს – 10 ათას დოლარსაც მიიღებს.