ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში სტარტი აიღო მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა საჭადრაკო ფესტივალმა. ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე Tata Steel Masters-ში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები არიან ჩართულნი, რომელთაც მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი სომეხი ლევონ არონიანი (2812) უდგას სათავეში, სხვები კი, მათ შორის ქართველი ბაადურ ჯობავა (2710) Tata Steel Challengers-ში ჩაებნენ.
ჰოლანდიურ შეჯიბრში უკვე 4 ტური მიილია და საქართველოს უძლიერეს მოჭადრაკეს ჩინებული შედეგი გააჩნია. ჯობავამ შავებით ეტიენ გოუდრიანს (ჰოლანდია, 2431) სძლია და იან-კრისტოფ დუდას (პოლონეთი, 2553) დაუზავდა, თეთრებით კი ქალთა რეიტინგში მე-4 ადგილზე მყოფი ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2567) და მერიინ ვან დელფტი (2430) დაამარცხა.
შედეგად, ქართველმა დიდოსტატმა 3.5 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ბაადურს 0.5 ქულით ჩამორჩებიან ივან სარიჩი (ხორვატია, 2637) და ქალთა კლასიფიკაციის მე-5 ნომერი ანა მუზიჩუკი (2566).
15 იანვარს მოჭადრაკეები დაისვენებენ, 16-ში კი ჯობავა შავი ფიგურებით Tata Steel Challengers-ზე უმაღლესი რეიტინგის მქონე რადეკ ვოიტაშეკს (2711) გაეჯიბრება. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა არცთუ წარმატებული სტარტი აიღო და 4 ტურის თავზე 2.0 ქულით 14 მონაწილეს შორის მხოლოდ მე-9 საფეხური უკავია.
Tata Steel Challengers-ი 13 ტურად მიმდინარეობს და 26 იანვარს დასრულდება.