”აეროფლოტის” საჭადრაკო ფესტივალის A ჯგუფში, 7 ტურის თავზე, 5.5 ქულით პოლონელი მატეუშ ბარტელი (2658) და უკრაინელი პაველ ელიანოვი (2690) დაწინაურდნენ, ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2704) კი 4.5 ქულით მეჩვიდმეტეა, თუმცა, მე-5 ადგილზე მყოფ სომეხ ჰრანტ მელკუმიანს (2620) მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება.
გასულ ტურში ჯობავამ თეთრი ფიგურებით რუსი დმიტრი ბოჩაროვი (2611) დაამარცხა და მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა, თორემ ტურნირის შუაწელს აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლისთან (2638) გამოისობით, ცხრილის ქვედა ნახევარში გახლდათ. ბოლოსწინა მე-8 ტურში, ბაადური შავებით მაქსიმ როდშტეინს (ისრაელი, 2634) ეთამაშება და ათეულში მოსახვედრად უთუოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს.
A ჯგუფშივე მხოლოდ 1.0 ქულა გააჩნია ნაზი პაიკიძეს (2411), რომელმაც ორი პარტია ყაიმით დაასრულა, ხუთში კი მარცხი განიცადა და 85 მონაწილეს შორის ძალიან უსიამოვნო, ბოლო ადგილზე იმყოფება.
”აეროფლოტ ოუფენის” B ჯგუფში შედარებით გამოასწორა მდგომარეობა მერი არაბიძემ (2358), რომელსაც საწყისი 4 ტურის თავზე მხოლოდ 0.5 ქულა გააჩნდა, ბოლოსკენ კი ზედიზედ 3 გამარჯვება იზეიმა და 3.5 ქულით 130 მოჭადრაკეს შორის 81-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
მოსკოვში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის საპრიზო ფონდი 125 ათასი ევროა, საიდანაც A ჯგუფში გამარჯვებული 20 ათასს მიიღებს, B-ს ჩემპიონი კი – 10 ათასს. საჭადრაკო ფესტივალი 9 ტურად ტარდება და 15 თებერვალს დასრულდება.