“აეროფლოტის” საჭადრაკო ტურნირის უძლიერეს A ჯგუფში მოთამაშე ბაადურ ჯობავამ (2704) ბოლოსწინა მე-8 ტურში შავი ფიგურებით ყაიმი ისრაელის წარმომადგენელ მაქსიმ როდშტეინთან (2634) გააფორმა და ათეულში შეაღწია.
ჯობავას მონაგარი 5.0 ქულაა, რითაც იგი კიდევ 14 მოჭადრაკეს გაუტოლდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მეათეა. ბაადური ანტონ კორობოვს (უკრაინა, 2660), მატეუშ ბარტელსა (პოლონეთი, 2658) და პაველ ელიანოვს (უკრაინა, 2690) ქულით ჩამორჩება, ალექსანდერ ხალიფმანთან (რუსეთი, 2632), ჰრანტ მელკუმიანთან (სომხეთი, 2620), დმიტრი ანდრეიკინთანა (რუსეთი, 2688) და ფაბიანო კარუანასთან (იტალია, 2736) კი სხვაობა 0.5 ქულაა.
დასკვნით ტურში ბაადური სწორედ კარუანას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, ასპარეზობას საპატიო ადგილზე ხომ დაასრულებს და რეიტინგშიც ფრიად იხეირებს.
A ჯგუფში წარუმატებელ თამაშს განაგრძობს ნაზი პაიკიძე (2411), რომელმაც ტურნირზე მე-6 მარცხი რუს ბორის სავჩენკოსთან (2609) განიცადა და 1.0 ქულით 85 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე დარჩა.
”აეროფლოტ ოუფენის” B ჯგუფში უკრაინელ სერგეო პავლოვთან (2477) წააგო მერი არაბიძემ (2358), რის შემდეგაც 3.5 ქულით 92-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.
მოსკოვური ტურნირის საპრიზო ფონდი 125 ათასი ევროა, საიდანაც A ჯგუფში გამარჯვებული 20 ათასს მიიღებს, B-ს ჩემპიონი კი – 10 ათასს. საჭადრაკო ფესტივალის ბოლო ტური დღეს გაიმართება.