ორი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს საბერძნეთის როდოსში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2694) როსტოვული კლუბის (PGMB) ღირსებას იცავს, ხოლო 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ლელა ჯავახიშვილი (2435) სომხური “მიკას” სახელით თამაშობს.
პირველ შეხვედრაში ჯობავამ ჰოლანდიელი დიდოსტატი როლანდ პრუიჯსერი (2529) დაამარცხა, ჯავახიშვილის წილად კი 1.5 ქულაა – გამარჯვება ლატვიელ გინტარე პაულაუსკატესთან (2053) და ყაიმი ევროპის ექს-ჩემპიონ პია კრამლინგთან (შვედეთი, 2515).
“ბებერი კონტინენტის” პირველობაზე ერთმანეთს ვაჟთა 53 და ქალთა 11 გუნდი ეჯიბრება. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ტარდება და 26 ოქტომბრამდე გასტანს. ვაჟებში გუნდის შემადგენლობაში 6 ძირითადი და 2 სათადარიგო მონაწილეა, ხოლო ქალთა შორის 4 ძირითადი და 2 სათადარიგოა.
ჩემპიონატის ფავორიტებად მამაკაცთა შეჯიბრში აზერბაიჯანის “სოკარი” (გუნდის მონაწილეების საშუალო რეიტინგი – 2753) და რუსეთის “მალაჩიტე” (2729), “სანკტ-პეტერბურგი” (2710) და “უგრა” (2700) მოიაზრებიან. ქალებში უდავო ფავორიტად მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალებით დაკომპლექტებული მონტე-კარლოს Cercle d'Echecs (2576) მიიჩნევა.
www.gcf.org.ge