სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
რაგბი

20:39 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჯიქებს” გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

“შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მისულმა მაყურებელმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი რაუნდის მეორე სათამაშო დღეს საინტერესო ბრძოლა იხილა. გასული გათამაშების მეხუთე-მეექვსეადგილოსანი გუნდები ამჯერადაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ ერთმანეთს და მაყურებელს თავდაუზოგავი ბრძოლა შესთავაზეს.

დედაქალაქურ დერბიში “ჯიქები” “ლოკომოტივს” ეთამაშებოდა. “რკინიგზელები”, რომელთაც სეზონის წინ ძლიერი სპონსორი იშოვეს, ამ მატჩში ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ გია ამირხანაშვილის შეგირდებმა, შარშანდელის მსგავსად ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, ისინი მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ და გარდასახვა რომ გამოეყენებინათ, ეგებ ფრეზეც დაეყოლიებინათ მეტოქე, მაგრამ ასე არ მოხდა და ბექა წიკლაურმა “ლოკომოტივს” გამარჯვება მოუტანა.

თემურ ბენდიაშვილის შეგირდები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. ისინი მეტოქეს შერკინებაში ხომ ჯაბნიდნენ და ღია თამაშისასაც უფრო კომბინაციურად უტევდნენ, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო იერიშები ლოგიკურ დასასრულამდე არ მიდიოდა. სამაგიეროდ, მათ ჯარიმის შესრულების უფლება რომ მიიღეს, წიკლაურმა საშუალო დისტანციიდან ანგარიში გახსნა, ხოლო რამდენიმე წუთში გოდერძი ჭინჭარაულმა არეკნი შეასრულა ზუსტად.

“ჯიქებმა” მალევე რამაზ ხარაზიშვილის ჯარიმით უპასუხეს, მერე “ლოკომოტივმა” ბურთი თამაშში ვერ შეიყვანა, ცენტრის სიახლოვეს დაჯარიმდა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შანსი მისცა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. სამაგიეროდ, წიკლაურმა ასევე ცენტრიდან, ოღონდ მარცხენა ფლანგიდან 55 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა, თუმცა, ვლადიმერ კუპრეიშვილმა მას ასევე ზუსტი ჯარიმით უპასუხა - 6:9.

ტაიმის ბოლოს “ლოკომოტივმა” სალელოვე შეტევა წამოიწყო, რომელიც “ჯიქებმა” ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. რკინიგზელებმა 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში ამჯობინეს და არც შემცდარან, რადგან დერეფანში ბურთის კარგად მოგების შემდეგ, მათ მოლით შეუტიეს და მიზანსაც უწიეს, ხოლო წიკლაურმა მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა. კუპრეიშვილმა 38-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ზედ შესვენების წინ კი, ვახტანგ ახვლედიანი მარცხება ფლანგზე რამდენიმე მცველს დაუსხლტა და “ლოკომოტივს” მეორე ლელოს გატანის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა იერიშს საჭირო განვითარება არ მოყვა, რადგან შემტევს ბურთი წინ დაუვარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა უკვე “ჯიქების” მხარეს იყოს და კუპრეიშვილმა გასატანი პოზიციიდან ზუსტად დაჰკრა. ორიოდე წუთში დიტო კალანდაძეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანის შანსი მიეცა, თუმცა, ცენტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა, ხოლო შემდეგი შეტევისას მას არეკნი გაუცუდდა. დასკვნით მეოთხედში “ჯიქებმა” ჯარიმის გატანით ქულების აღებას ლელოზე თამაში ამჯობინა და არც შემცდარა. მესამე ცდაზე მათ კარგი მოლი დააყენეს და “ლოკომოტივის” ჩათვლის მოედანში შეაღწიეს, რის შემდეგაც მატჩში პირველად დაწინაურდნენ, მაგრამ კუპრეიშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 1 ქულა დარჩა.

ახლა “ლოკომოტივი” გააქტიურდა, წიკლაურმა ფეხით გადაკიდებულს მეტოქის 22-ში თავადვე მიასწრო და ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ შემტევს ბურთი წინ დაუვარდა. მიუხედავად ამისა, რკინიგზელებმა მეტოქეს საკუთარი 22-იდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და წიკლაურმა საკუთარ გუნდს ლიდერობა ორ-სამ წუთში დაუბრუნდა. “ჯიქებმა” გაიბრძოლა, მაგრამ მეტოქემ თავი დაიცვა და გამარჯვებაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს დარჩა, ხოლო “ჯიქები” ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 19:17.

დღის მეორე შეხვედრაში, ასევე დედაქალაქურ დერბიში “არმიამ” “აკადემიას” ორი ლელო გაუტანა 21:9 იმარჯვა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. I რაუნდი

7 სექტემბერი

თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 39:17

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

ლელო (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 13:32

ქუთაისი. “დინამო”.

აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 17:12

8 სექტემბერი

თბილისი. “ავჭალა”.

არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 21:9

2 ლელო: ქორიძე, საჯარიმო; 1 გარდასახვა: კობახიძე; 3 ჯარიმა: კობახიძე - 3 ჯარიმა: დავითაშვილი

ჯიქები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 17:19

თბილისი. “შევარდენი”.

ჯიქები (სასტარტო შემადგენლობა): 15. დიმიტრი კიკნაძე, 14. ნიკოლოზ ბიწაძე, 13. ნიკოლოზ ბერძული, 12. ვლადიმერ კუპრეიშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი, 10. დიმიტრი კალანდაძე, 9. გიორგი ჭინჭარაული; 1. არჩილ გაგნიძე, 2. ირაკლი სვანიძე, 3. დავით ოქრიაშვილი, 4. ვლადიმერ გოგოლიძე, 5. გიორგი მჭედლიშვილი, 6. გურამ შენგელია, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. არსენ ტრაპაიძე.

1 ლელო: მჭედლიშვილი

4 ჯარიმა: ხარაზიშვილი, კუპრეიშვილი (3)

ლოკომოტივი (სასტარტო შემადგენლობა): 15. ბექა წიკლაური, 14. სანდრო ქავთარაძე, 13. დიტო ჭურღულია, 12. ვახტანგ კავთიძე, 11. გიორგი ბიწაძე, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ალექსანდრე ზაბახიძე; 1. დავით გასვიანი, 2. ლევან გენებაშვილი, 3. ომარ ბალიაშვილი, 4. გიორგი გეგია, 5. გიორგი ხულუაშვილი, 6. ვახტანგ ახვლედიანი, 7. ლაშა თავბერიძე, 8. ჯაბა კიკვაძე.

1 ლელო: გეგია

1 გარდასახვა: წიკლაური

3 ჯარიმა: წიკლაური

1 არეკნი: ჭინჭარაული

 

1 არმაზი 1 1 0 0 39-17 5
2 აია          
1 1 0 0 17-12 5
3 ყოჩები      
1 1 0 0 32-13 4
4 არმია        
1 1 0 0 21-9 4
5 ლოკომოტივი       
1 1 0 0 19-17 4
6 ჯიქები       
1 0 0 1 17-19 1
7 ხარები      
1 0 0 1 12-17 1
8 აკადემია    
1 0 0 1 9-21 0
9 ლელო              
1 0 0 1 13-32 0
10 ბათუმი      
1 0 0 1 17-39 0

 

II ტური. 14-15 სექტემბერი

აკადემია - ლელო, ლოკომოტივი - არმაზი, ხარები - არმია, ბათუმი - აია, ჯიქები - ყოჩები

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117573