ფეხბურთი

12:29 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერომ ბოატენგი: “მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი მიუნხენში უნდა ჩავიტანოთ”

 ხვალ მაროკოში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის “ბაიერნი” “რაჯა კასაბლანკას” შეხვდება და პრესტიჟული თასის დაუფლებით 2013 წლის ამაღლებულ ნოტზე დასრულებას შეეცდება. გადამწყვეტი მატჩის წინ “ბაიერნის” ოფიციალურ ვებგვერდის წარმომადგენელი მიუნხენელთა ცენტრალურ მცველს ჯერომ ბოატენგს შეხვდა. ბავარიელთა უკანახაზელმა საკლუბო მუნდიალზე გამარჯვების მნიშვნელობაზე, საკუთარ პროგრესსა და ბრაზილიაში ჩასატარებელ მომავალ მსოფლიოს პირველობაზეც ისაუბრა. 

- მძიმე და მომქანცველი საფეხბურთო წელიწადი დასასრულს მიუახლოვდა. “ბაიერნს” შანსი ეძლევა მეხუთე თასით ხელდამშვენებული დაბრუნდეს მიუნხენში. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში საბრძოლველად ძალა გეყოფათ?

- გუნდმა ნებისყოფის სიმტკიცე უნდა გამოავლინოს. რასაკვირველია, წლეულს დიდძალი ენერგია გაღებული გვაქვს, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და შემდეგ თავს მოდუნების უფლებასაც მივცემთ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი მიუნხენში უნდა ჩავიტანოთ.

- მაროკოში ეს ტურნირი არნახული აჟიოტაჟით მიმდინარეობს. არ გაგიჭირდებათ “რაჯა კასაბლანკას” ძლევა?

- შანსი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ. ფინალში სათამაშოდ განსაკუთრებით მოტივირებულები გავალთ.

- ცოტა ხნის წინ “ბაიერნთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გააგრძელეთ. მიუნხენელთა კლუბი თქვენთვის იდეალური კოლექტივია?

- ბავარიაში ჩასვლის პირველივე დღიდან თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. უკეთეს კლუბს, ქალაქს, გულშემატკივრებს ვერცკი ვინატრებდი. ვამაყობ, ასეთი დიდი გუნდის წევრი რომ ვარ. როდესაც “ბაიერნში” დასადგურებულ ატმოსფეროს გაუშინაურდები, მასთან განშორება წარმოუდგენლად ძნელია.

- ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში “ლევერკუზენსა” და “დორტმუნდს” მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად?

- ბოლო ტურში ლევერკუზენელები საკუთარ მინდორზე დამარცხდნენ, რამაც კიდევ უფრო დაწინაურების შანსი მოგვცა. ამის მიუხედავად ბაიერელები კარგ სეზონს ატარებენ და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეც არიან. დორტმუნდელებს რაც შეეხება, იურგენ კლოპის გუნდში ბევრი ტრავმირებულია. თუკი მეორე წრეში წამყვანი ფეხბურთელები უკეთეს ფორმაში შევლენ, “ბორუსია” გაცილებით მეტ ქულას დააგროვებს, ვიდრე პირველ წრეში. ჩვენ კი საკუთარ თავს კონცენტრაციის ოდნავი გაფანტვის უფლება არ უნდა მივცეთ. პირველობისთვის ბრძოლა დასრულებული არაა.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “მანჩესტერ სიტისთან” 2:3 მარცხი ერთგვარ გამაფრთხილებელ სიგნალად იქცა?

- დიახ, ჩვენ თვალნათლივ გვაგრძნობინეს, რომ კონცენტრაციის დაკარგვა უკვალოდ არ ჩაივლის. ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში მთელი მატჩი მაქსიმალური ყურადღებითა და მონდომებით უნდა ჩაატარო.

- მიმდინარე სეზონში თქვენი პროგრესი თვალნათელია. რის ხარჯზე მიაღწიეთ თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესებას?

- თავისთავად არაფერი მოდის. ჩემი პროგრესი დაუღალავი შრომის შედეგია. ორთაბრძოლებში უფრო გააზრებულად ვერთვები, უფრო მშვიდად და უნარიანად ვამუშავებ ბურთს, ვცდილობ პარტნიორებს ზუსტი გადაცემა გავუკეთო, პოზიციური თამაში დავხვეწე. ახალ საფეხურზე ავედი, ამასთან ახალგაზრდა ვარ და მომატების პოტენციალიც მაქვს. უდავოა, წლეულს საუკეთესო სეზონს ვატარებ.

- მომავალ ზაფხულს ბრაზილიაში მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება. რა განწყობით შეხვდებით მუნდიალს?

- კენჭისყრისას ძალიან ვნერვიულობდი. კიდევ ერთხელ მოგვიწევს განის ნაკრებთან პირისპირ შეყრა, მე კი ძმის წინააღმდეგ თამაში. ვიმედოვნებ, ბრაზილიის სტადიონებზე დიდი სათამაშო დრო მომეცემა. ყოველმხრივ შევეცდები დავუმტკიცო იოაჰიმ ლიოვს, სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლის ღირსი რომ ვარ. თუმცა, ჯერჯერობით მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრი ნაადრევია – მანამდე “ბაიერნს” მნიშვნელოვან ტურნირებზე აქვს საასპარეზო.

0.117993