ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს XXVII საზაფხულო უნივერსიადაში ქართველი სპორტსმენებიც ჩაებნენ. მოკრივეთა შეჯიბრში უკვე 2 შერკინების მოგება მოასწრო ჯაბა ხოსიტაშვილმა, რომელიც ქვეყნის ღირსებას 75 კგ. წონით კატეგორიაში იცავს.
ქართველმა მოკრივემ 1/32-ფინალში თურქმენ ნურსაჰეტ პაზიევს 3:0 სძლია და მომდევნო რაუნდში უნგრელი ლასლო ტოტიც ასეთივე ანგარიშით დაამარცხა. დღეს გასამართ მეოთხედფინალში ხოსიტაშვილი ყაზახ ნურდაულეტ ჟარმანოვს გაეჯიბრება.
დღესვე მეოთხედფინალში იბრძოლებს ვენეტიკ ერანოსიანი, რომელმაც 60 კგ-ში ყირგიზ ადილეტ ბეკეევს 3:0 მოუგო და სამხრეთკორეელ სანგმინ ლისთან ჭიდილი ელის.
ძიუდოში 100 კგ. წონით კატეგორიაში პირველივე წრეში იპონით დამარცხდა ლევან მათიაშვილი. მას რუსმა რენატ საიდოვმა სძლია, რომელიც მოგვიანებით ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა.
საქართველოს ნაკრები წარუმატებლად ასპარეზობს წყალბურთის ტურნირზე. ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთთან 3:20 წააგო, გუშინ კი ავსტრალიასთან 3:15 დამარცხდა. ქართველ წყალბურთელებს ჯგუფში კანადასთან, იაპონიასთან და რუსეთთან დაპირისპირებაც ელით.