ინტერვიუები

15:28 | 8.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერდან შაქირი: “ბაიერნი” ჩემპიონი გახდება”

ეროვნებით ალბანელი, შვეიცარიის ნაკრების წევრი ჯერდან შაქირი მიუნხენის “ბაიერნში” გასული წლის ზაფხულში “ბაზელიდან” გადავიდა. სპეციალისტთა სოლიდური ნაწილი მიიჩნევდა, რომ მას ბავარიულ გრანდში ფეხის მოკიდება გაუჭირდებოდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგად მოერგო ახალი კლუბის სათამაშო მექანიზმს და გუნდის ღირსეულ წევრადაც იქცა. “შაკმა” სეზონის პირველ ნაწილში “ბაიერნის” მატჩების 80 პროცენტში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლიც გაიტანა და პარტნიორებს ასისტენტობაც გაუწია.fcbayern.de-ს კორესპონდენტთან საუბრისას შაქირი ოპტიმისტურ განწყობას აფრქვევს და “ბაიერნს” ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებს.

 
- ჯერდან, “ბაიერნის” ღირსებას ბოლო წლინახევრის განმავლობაში იცავთ, ამასობაში კი გუნდის გულშემატკივართა სიყვარულის და პატივისცემის დამსახურება მოასწარით...
- ეს ძალიან მახარებს და არასდროს ვიზარებ ქომაგებისთვის ავტოგრაფის მიცემას. “ბაიერნს” ყატარში საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი წამოჰყვა. “ბაზელში” ყოფნისას ასეთი რამ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.
- ბასტიან შვაინშტაიგერმა ამასწინათ განაცხადა, რომ “ბაიერნს” შუასასეზონო ანტრაქტმა სულზე მიუსწრო. ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?
- ჩემთვის პირიქითაა. სეზონის დასაწყისში გუნდთან ადაპტაციის სირთულე მქონდა. ასე რომ, ზამთრის შესვენება ჩემთვის კარგი სულაც არაა.
- გასულ ზაფხულს თუ წარმოიდგენდით, იუპ ჰაინკესი ამდენ მატჩში რომ მოგცემდათ თავის გამოჩენის საშუალებას?
- საამისო იმედი იმ დღიდანვე გამიჩნდა, როდესაც “ბაიერნის” წევრი გავხდი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის როგორც ჩემთვის ასევე მთლიანად გუნდისთვის. ბევრს ეგონა, რომ შვეიცარიიდან გერმანულ ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ დავიბნეოდი და სათანადოდ ვერ ავთამაშდებოდი. ჩემდამი ამგვარი მიდგომა მაღიზიანებდა და ყოველმხრივ შევეცადე, საუკეთესო თვისებები სრულად წარმომეჩინა. საბედნიეროდ, ეს მოვახერხე. კარგია, მწვრთნელსაც იმედი რომ გავუმართლე.
- მიუნხენში ყოფნის ნახევარი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
- რასაკვირველია, ჩემი პირველი გოლი “ბაიერნის” მაისურით თამაშისას გატანილი. ჩემპიონთა ლიგაში ბატე-ს თავით გავუტანე. ამან ორმაგად გამახარა, რადგანაც თავით თამაში ჩემი ძლიერი მხარე არაა.
- ცხადია, “ბაიერნში” მისვლამდე ამ კლუბის თაობაზე ბევრი რამ გქონდათ გაგონილი. რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად მიუნხენში ჩასვლის შემდეგ?
- კლუბის მასშტაბმა. ბაზელში ბევრს ვესაუბრებოდი ოტმარ ჰიტცფელდს. მან “ბაიერნის” ავან-ჩავანი ზედმიწევნად ზუსტად იცის, მაგრამ ნანახმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა. ავიღოთ თუნდათ პრესის მხრიდან გამოჩენილი ინტერესი. თავდაპირველად ჩემთვის ეს მეტად უჩვეულო იყო.
- შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ “ბაზელსა” და “ბაიერნს” შორის?
- “ბაზელი” მინიატურული “ბაიერნია”. შვეიცარიაშიც ერთი და იგივე ამოცანა გვქონდა შესასრულებელი – ქვეყნის ჩემპიონობა და თასი უნდა მოგვეგო. ეს გამოცდილება ბავარიაში ძალიან გამომადგა. დაძაბულობას გავუძელი და მხოლოდ ფეხბურთზე ვიყავი კონცენტრირებული.
- ამის გამო გუნდთან შერწყმა გაგიადვილდათ?
- დიახ, “ბაიერნის” ფეხბურთელებთან საერთო ენა მალე გამოვნახე. საერთოდ, ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, რის გამოც შეკავშირებული კოლექტივი გვაქვს. კარგი ურთიერთობა გვაქვს მინდორს გარეთაც. ერთი სიტყვით, “ბაიერნი” ჩემთვის იდეალური კლუბია.
- ძირითადად შეცვალზე გიწევთ მატჩებში ჩაბმა, თუმცა, როგორც კი მინდორზე გახვალთ, პირველივე წამებიდან საკუთარ თამაშს აჩვენებთ. საკუთარ თავს “ჯოკერად” თუ თვლით?
- ამგვარი დახასიათება მაინცა და მაინც არ მომწონს. სეზონის მეორე ნახევარში ჩემი ამოცანა კიდევ უფრო მეტი სათამაშო დროის დამსახურებაა. გუნდში მაღალი კონკურენციაა, ბრწყინვალე ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამზე უწევთ ჯდომა, მაგრამ შევეცდები დავამტკიცო, სასტარტო შემადგენობის ღირსი რომ ვარ. ისე კი, 5 წუთს ვითამაშებ, 10-ს თუ 90-ს, ბოლომდე დავიხარჯები და მაქსიმალურ სარგებლობას მოვუტან “ბაირნს”. მთავარ მწვრთნელს ჩემი იმედი უნდა ჰქონდეს.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- “ბაიერნის” ძირითადში სტაბილურად მსურს ადგილის დაბევება და გუნდთან ერთად ტიტულების მოპოვება მინდა. საამისოდ ბევრს ვიმუშავებ. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავარ.
- როგორ გგონიათ, “ბაიერნი” “ვერცხლის სასალათეს” მიუნხენში ჩაიტანს?
- მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგა აუცილებლად უნდა მოვიგოთ. “ბაიერნი” ჩემპიონი გახდება.
 
გოჩა კაჭარავა
 
0.145503