იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯენარო გატუზომ, რომელიც უმთავრესად თავისი ხასიათით იყო ცნობილი, ტიო-ს ინტერვიუ მისცა და მილანურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
- თქვენს კარიერაში მრავლად იყვნენ მწვრთნელები. რომელი შთაგაგონებდათ ყველაზე მეტად?
- ანჩელოტი, ძაკერონი, ლიპი, ბევრს შემოჰქონდა საინტერესო საფეხბურთო იდეები. მაგრამ თუ საკითხი ხასიათზე მიდგება, საკუთარი ყველას მირჩევნია. ეს ისაა, რასაც ვერ დააკოპირებ: ის ან გაქვს, ან არ გაქვს. თანმიმდევრული უნდა იყო. არ შეიძლება ბავშვს უთხრა - არ მოწიო და მერე თავად იარო კბილებში სიგარეტგაჩრილმა. თუ მსგავსი რამ მოხდება, ნდობა შეგიძლია დაივიწყო.
- არის ისეთი ვინმე, ვისთანაც ყველაზე მეტად იყავით დაკავშირებული?
- თუ მაინცდამაინც სახელი გჭირდებათ, ასეთი კარლო ანჩელოტია. როდესაც “მილანში” ვიყავით, ის ყველას მამასავით გვექცეოდა. თუ ვინმეს პრობლემები ექმნებოდა ცოლთან, ან სხვა რაიმე უსიამოვნება შეემთხვეოდა, ოფისში იბარებდა, მხარზე ხელს დაადებდა და ეუბნებოდა: “დღეს შენ არ ვარჯიშობ და საკუთარ პრობლემებს აგვარებ”.
- რა არის თქვენთვის “მილანი”?
- ოცნება, რომელიც ჩემთვის 13 წელიწადი გაგრძელდა. მოედანზე თავს არა მხოლოდ კაპიტნად, არამედ ულტრასების ლიდერადაც ვგრძნობდი. მწვერვალზე ვიყავი. ახლაც კი, Milan Channel-ის ჟურნალისტებთან მაგრად ვნერვიულობ, რადგან ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. “სიონშიც” მინდოდა ჩემი კვალი დამეტოვებინა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მხოლოდ იქ მყოფებმა იციან, რისი გამოვლა მოგვიხდა.
- კარიერის განმავლობაში უამრავი წარმატება გქონდათ, მაგრამ იყო უსიამოვნო ეპიზოდებიც...
- ყველაზე ხშირად ჯო ჯორდანთან კამათის ეპიზოდს იხსენებენ (“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) და ლეონარდოსთან დაკავშირებულ ამბავს (რომელიც “მილანიდან” “ინტერში” გადავიდა). ეს ორი ეპიზოდი ყველაზე სამარცხვინოა ჩემი “მილანში” ყოფნის პერიოდში.
- ორი ეპიზოდი კარიერის კარიერის განმავლობაში არც ისე ბევრია...
- შესაძლოა, მაგრამ ეს იდიოტური ქმედებები მაინც ჩავიდინე.
- გატუზოს უფრო მეტად იცნობენ როგორც ადამიანს, ვიდრე ფეხბურთელს...
- უბრალოდ, იმას ვაკეთებ რასაც ვგრძნობ. არაფერი პირადული. ვამაყობ ჩემი ფესვებით და წინაპრების გზას ვაგრძელებ. ამასთან, ვცდილობ ბავშვებს საუკეთესო მივცე: სკიავონაში, ჩემ მშობლიურ ქალაქში, გავხსენი საფეხბურთო სკოლა და იქ 150 ბავშვი სწავლობს. ავაშენე სტადიონი და დავაარსე საქველმოქმედო ფონდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.