საშუალო ტანის, კისრამდე დაკუნთული (რატომ კისრიანადაც არა), გიჟპოეტური წვერითა და ველური მზერით... უხიაგი და მოძველბიჭო, დამრტყმელი და შეუპოვარი... და, რა თქმა უნდა, საშინლად დიდი პროვოკატორი! ჯენარო გატუზოს ყაიდის ადამიანები საქართველოში ფეხბურთელები არ ხდებიან. საქართველოში ასეთი ხალხი ბანკებში, პრობლემურ განყოფილებებში მუშაობენ და ურჩი გადამხდელი კლიენტების ნამდვილი ინკვიზიტორები არიან. გატუზო კი, აგერ ათ წელზე მეტია მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე დარბის და ამ ხნის განმავლობაში იმდენი მტერი შეიძინა, მისი სახელის ხსნებაზე ”მილანისა” თუ იტალიის ნაკრების მეტოქე გუნდის ქომაგები გაჯიუტებულ შვილებს აშინებენ ხოლმე – “საჭმელი ჭამე, თორემ გატუზო მოვა და მაგ ჯამს თავზე ჩამოგამხობსო”...
“მილანი”-“ტოტენჰემის” მატჩის შემდეგ, გატუზომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სამხრეთული ხასიათის მთელი ცეცხლოვანება და ეს უკვე მერამდენედ დაიტეხა თავს მილიონობით ქომაგის რისხვა. და მაინც – არაფრით მემეტება ეს კაცი იმ გინების ნიაღვარისათვის, რაც მას ბოლო დღეებში დაატყდა თავს. არ მემეტება არა იმიტომ, რომ გამართლებული იყო ჯენაროს საქციელი მილანელთათვის ავადსახსენებელ მატჩში. “ტოტენჰემის” ერთ-ერთ მწვრთნელთან მიმართებაში გატუზოს ქცევა ნამდვილად არაა მოსაწონი. უბრალოდ, თუკი კაცი აღიარებ, რომ ფეხბურთში გამიზნული პასებისა და ლამაზი გოლების გარდა, “სხვა რამეც” ფასობს, მაშინ სულ სხვა თვალით შეხედავ გატუზოს ტიპის ხალხს. გატუზოსი, რომელიც ჭეშმარიტად კოლორიტული კაცია და თავისი სამხრეთული ბუნებით არასოდეს ყოფილა სხვათა მსგავსი.
დიახ, რა თქმა უნდა, არ არის მთლად “დალაგებული” ეს კაცი, მაგრამ ფსევდომორალისტების მიერ ჯენაროს მისამართით გამოთქმული მოთქმა-კრულვის შემდეგ, შეიძლება დადგეს წუთი, როდესაც გაბანჯგვლული ჯენაროს მხარეს დაიჭერ. მით უმეტეს, რომ ეს ფსევდომორალისტები, თავის დროზე, არანაკლებ შეშლილი ზინედინ ზიდანისა და პოლ გესკოინის დიდი ქომაგებიც იყვნენ და მათი მხრიდან გატუზოს ზიზღს ხანდახან იტალიოფობიის სუნიც კი დაჰკრავს.
თუ რაიმეს ვაჭარბებ, მაშინ გატუზოს გამკიცხავმა, ინგლისური თუ არაინგლისური ფეხბურთის ქომაგებმა, გულზე ხელი დაიდონ და თქვან, რომ პოლ გასკოინი არ უყვარდათ. ისიც თქვან, რომ, გასკოინი მწვანე მინდორზე თუ მის გარეთ, ჯენაროზე არანაკლებ საძაგლობებს ჩადიოდა. მაგრამ, პოლის ხუშტურებს მის დაუოკებელ, ბრიტანულ ხასიათს უკავშირებდნენ და დღეს ვერ ნახავთ ინლისური ფეხბურთის მოტრფიალეს, რომელსაც გასკოინზე აუგი დასცდება.
და ზიდანი? განა დაგვავიწყდა ამ მართლაც რომ უდიდესი ფეხბურთელის გიჟური გამოხტომები?! მე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, მატერაცისათვის თავის ჩარტყმას არ ვგულისხმობ. არ გახსოვთ, “იუვენტუსში” მობურთალი ზიდანი, რომელიც მეტოქეებს სილაქებითა თუ პანჩურებით არაერთხელ გამასპინძლებია?! და ეს საკმარისია იმასათვის, რომ ზინედინის სიდიადეში ოდნავ მაინც შევიტანოთ ეჭვი?!
სპორტულ თემაზე საუბრისას, ბიბლიური ისტორიული პარალელები ცოტა არ იყოს, უხერხული მოსაყვანია, მაგრამ ამ დროს შეუძლებელია არ გაგახსენდეს ბიბლიაში გაჟღერებული უკვდავი სიტყვები: ”ვინც უცოდველია, პირველად მან ისროლოს ქვა!”. ვისაც პოლ გასკოინი არ უყვარს, ზინედინ ზიდანს მყრალი ხასიათის გამო არარად რაცხს, გენიალური, მაგრამ მუშტების ქნევის მოყვარე ერიკ კანტონასათვის ტაში არასოდეს დაუკრავს, ხოსე ლუის ჩილავერტი მხოლოდ ფურთხებისმოყვარეობით ახსენდება და ვისთვისაც ნაკლებად უხეში, მაგრამ არაფრის მაქნისი დენილსონი უფრო დიდი ფიგურაა, ვიდრე ჯაჯგურა, უხეში, ხშირად ავკაცი, მაგრამ მაინც დიდი ემერსონი, დაე მან აგინოს ჯენაროს! მან უწოდოს ამ ნაგიჟარ სიცილიელს ”უსინდისო”, “არაკაცი იტალიელი”, “ამორალური” და მისთანანი...
დასაწყისში ვთქვი და არც ამჯერად დავიზარებ გამეორებას, რომ ჯენარო გატუზოს მიერ ლონდონელებთან მატჩში ჩადენილი საქციელი ნამდვილად არაა მოსაწონი და მომავალმა ფეხბურთელებმა, ტელევიზორებს ასეთი დიდი ინტერესით რომ მისჩერებიან, სასურველია, არ გადაიღონ ასეთი შიზოიდური ჟესტები. მაგრამ ფაქტია, რომ ყალბი ფსევდომორალისტების გულის გასახეთქად, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მუდამ დარჩება გატუზოცა და კანტონაც, გასკოინიცა და ემერსონიც... ამ ფეხბურთელების მიერ (ხშირად, რა თქმა უნდა, უსამართლოდ) პანღურამოკრული მეტოქეები კი, გავა დრო და აღარავის ემახსოვრება. და სამართლიანია ეს? მე ვფიქრობ რომ სამართლიანია!
ლევან სეფისკვერაძე