ინტერვიუები

12:03 | 13.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძის ინტერვიუ!... ფეხბურთი და ბევრი სხვაც

კარგა ხანია, ჯანო ანანიძეზე გვესმის, რომ მას არათუ ინტერვიუს, კომენტარის მიცემაც აკრძალული აქვს. გვესმის კი არა, ასეც იყო – მცდელობა ხშირად ყოფილა, მაგრამ ჯანოს მოუბოდიშებია, არ შემიძლიაო. ამას `სპორტ-ექსპრესიც~ აღნიშნავს, თუმცა ამ რუსულმა გამოცემამ მოსკოვის “სპარტაკის” 18 წლის ქართველ ტალანტთან ვრცელი და ძალიან საინტერესო ნაუბარი გამოაქვეყნა.

აქ საგულისხმოა ერთი კითხვა, რომელიც ინტერვიუს შუაშია:
- ბევრნი ამბობენ, რომ მუდმივად პოლიტიკაზე და რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო მიღებაზე დასმული კითხვების გამო განაწყენდით. 
- მხოლოდ ერთხელ მეწყინა. საქართველოდან, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან დამირეკეს. მკითხეს, საქართველოს ნაკრებში რატომ არ ჩამოდიხარო. მათ ვუთხარი: “გეტყვით, რაც ხდება, მაგრამ არ ჩაწეროთ, რადგან ინტერვიუს მიცემა არ მსურს და არც შემიძლია”. და 5 წუთში მშობლები მირეკავენ. აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი გაუკეთებიათ და უახლოეს საინფორმაციო გამოშვებაში გადაუციათ. მაშინვე ვუთხარი კლუბის ხელმძღვანელობას, რომ პრესასთან ურთიერთობისთვის მზად არ ვარ და როცა ვნებები ჩაცხრება, მაშინ ვისაუბრებ-მეთქი.
 
როგორც იცით, ჯანო “სპარტაკს” ავსტრიის შეკრებაზე ახლავს და ინტერვიუც იქ შედგა - ვარჯიშის შემდეგ: 
- ველიტონს და იბსონს ველოსიპედით სეირნობის ძალა შერჩათ...
- მართლა? არ მინახავს. ახლა ამის სურვილი არ მაქვს.
- მაშინ, “ვასლუიზე” ვილაპარაკოთ (“სპარტაკმა” ამ გუნდთან ორი დღის წინ ტესტ-მატჩი 0:3 წააგო – რედ.)...
- ჰმ... ეგებ, არაა საჭირო.
- ანგარიშზე არ გკითხავთ. მარჯვენა ფლანგზე ითამაშეთ “ვასლუისთან” და ეს თქვენი ადგილია?
- როგორ გითხრათ. ალბათ, არა. ცენტრში, ან მარცხნივ უკეთესად ვარ, თუმცა მარჯვნივაც მიწევს. იქ მაყენებენ? ესე იგი, ასეა საჭირო.
- თქვენ ხომ მარჯვენა ფეხი გაქვთ “მუშა”?
- დიახ.
- ამიტომაც, თამაშის წინ ჯერ მარჯვენა ფეხზე იცვამთ ბუცს?
- დიახ, ჩვევად მაქვს.
- მწვრთნელებმა თქვეს, რომ რუმინულ “ვასლუისთან” მატჩი არა შეთამაშებაზე, არამედ ფიზიკურ მომზადებაზე იყო ორიენტირებული...
- თამაში ყოველთვის თამაშია. “ფიზიკა” ადრე გვქონდა, დავრბოდით და დავრბოდით. მერე კი ბურთთან კონტაქტია საჭირო. ზოგჯერ გიჭირს, ხშირად არ გამოგდის.
- ანუ, ავსტრიაში ბევრს გტვირთავენ?
- არა, ბოლო დღეებში ნორმალურადაა საქმე. “ვასლუისთან” მატჩამდე ორი ბურთიანი ვარჯიში გვქონდა. მანამდე კი დავრბოდით, ორი-სამი დღე მძიმე გამოვიდა. ახლა უკვე აღარ.
- რადგან დატვირთვების ფონზე თამაშობდით, ალბათ, მწვრთნელიც არ გაგიბრაზდათ წაგების გამო...
- ამხანაგური მატჩი იყო. აი, პრემიერლიგაში რომ წაგვეგო 0:3, ეს უკვე... თუმცა მარცხი მაინც საწყენია. 
- მით უმეტეს, თქვენი შვებულება მხოლოდ ერთკვირიანი იყო, რუმინელებისა კი, ალბათ, თვეზე არანაკლები...
- ალბათ, არდადეგებისას მუშაობდნენ და ფორმას ინარჩუნებდნენ. ასე არაა?
- თქვენ ინარჩუნებდით?
- რა თქმა უნდა. ერთკვირიანი შვებულებისას სამჯერ ვივარჯიშე ქამრით, რომელსაც სენსორები და პულსომეტრი ეყენა. დავრბოდი საქართველოშიც.
- როცა ხანგრძლივი არდადეგებია, მაშინაც ასეთ მძიმე დატვირთვებს იღებთ?
- დიახ. 25 დღეში, მინიმუმ, 10 ვარჯიში. საწყის ერთ კვირას ვისვენებ, მერე კი ფორმაში შესვლის დროა.
- და ქართულ ღვინოს როდისღა სვამთ?
- არ ვსვამ. არ მაქვს ეს პრობლემა.
- არ ფიქრობთ, რომ ბოლო წელიწადი ისეთი კარგი ვერ გამოგივიდათ, როგორც შარშანწინდელი?
- არა. როცა პირველ სეზონს ვატარებდი პრემიერლიგაში, ბევრნი ვერ მცნობდნენ, ხოლო მეორე და მესამე სეზონში ამ მხრივ ვითარება შეიცვალა. შენგან მეტს ელიან, მეტოქეც უფრო მომზადებულია. არა, ნამდვილად არ გავჩერებულვარ, თუმცა რა თქმა უნდა, უნდა მოვუმატო.
- ერთი ხელისშემშლელი გუნდში აღარაა – ალექსი “სპარტაკიდან” წასულია. იგრძენით, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა შედარებით გაიოლდა? 
- ხელისშემშლელი? არც ვიცი, რა ვთქვა.
- ალექსი გუნდისთვის არ იყო ხელისშემშლელი, თუმცა თქვენი კონკურენტი გახლდათ. ასე არაა?
- ჩემთვის ეიდენ მაკგიდიც კონკურენტია. ასევე, პაველ იაკოვლევი, დმიტრი კომბაროვი. ერთი-ორი წლის წინ შედარებით იოლი იყო ძირითადში მოხვედრა. რუსული პასპორტით, ალბათ, მეტი შანსი მექნებოდა, მაგრამ რაც არის, არის. 
- ალექსისგან რამე ისწავლეთ? თუ სხვადასხვაგვარად უყურებდით ფეხბურთს?
- ვფიქრობ, ორი ერთნაირი ფეხბურთელი არ არსებობს. რა უნდა მესწავლა? აი, ახლა ტელევიზორში მესის თამაშს რომ უყურებ, მასსავით ითამაშებ? ჩემს თავში სხვა აზრებია, ალექსის თავში სხვა იყო... ისე, განსაკუთრებულად არც მასწავლიდა. 
- მინდორზე თუ რაღაცას არასწორად აკეთებთ, ვინ გიყვირით?
- ვალერი გეორგიევიჩი (კარპინი – რედ.).
- შეგიძლიათ, პარტნიორებს დაუყვიროთ?
- მინდორზე ასაკი არ თამაშობს როლს. საქმე თუ მოითხოვს, ნებისმიერს შეუძლია, დაიყვიროს. აი, მინდორს მიღმა კი მსგავსი არ შეიძლება – მხოლოდ რჩევა-დარიგება.
- ნუთუ შეგიძლიათ, ანდრეი დიკანსაც დაუყვიიროთ თამაშის დროს?
- თუ სიტუაცია მოითხოვს, ხმამაღლა შეიძლება ვუთხრა, ხოლო ყვირილი გამორიცხულია. როგორ უნდა დავუყვირო დიკანს, როცა ლამის მამაჩემის ტოლია?
- “სპარტაკში” იყო ფეხბურთელი იგორ ნეტო. გაგიგიათ?
- დიახ, სტადიონიცაა მისი სახელობის.
- აი, ნეტოს შეეძლო, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერისთვის ეყვირა. მისი ეშინოდათ და როგორც ლიდერს, პატივს სცემდნენ. ანდრეი ტიხონოვიც, როცა მინდორზეა, ხომ შეუძლია ამის გაკეთება?
- შეუძლია.
- და თუ ტიხონოვი არ თამაშობს, ვინ იკისრებს ამ როლს? 
- ბობს შეუძლია – შეშუკოვს. შტრანცლს შეეძლო.
- შეშუკოვს ბობს რატომ ეძახით?
- არ ვიცი, ყველა ასე ეძახის.
- რევაზ ჩელებაძე კარიერის დასაწყისში გვერდიდან არ გცილდებოდათ. ახლაც გაქვთ მასთან ურთიერთობა?
- კვირაში რამდენჯერმე ვურეკავთ ერთმანეთს. როცა მოსკოვში ჩამოდის, ჩემს ბინაში ცხოვრობს.
- მის რჩევებს უსმენთ?
- ახლა ნაკლებად იძლევა რჩევებს, ხოლო როცა ძალიან პატარა ვიყავი, მაშინ კი... ჩელებაძე კიევში ჩემთან ერთად ცხოვრობდა, ყოველთვის მეხმარებოდა. კიევის “დინამოში” რომ არ მეთამაშა, არა მგონია, მოსკოვის “სპარტაკში” მოვხვედრილიყავი.
- და ვინ გირჩიათ, რომ პრესასთან ურთიერთობაში ამხელა პაუზა აგეღოთ?
- გაჩუმდიო, არავის უთქვამს ჩემთვის. თუმცა მივხვდი, რომ არსებობდა ასეთი კოლექტიური აზრი. რთული სიტუაცია იყო ჩემს მოქალაქეობასთან დაკავშირებით და საერთოდაც, პაუზა აუცილებელი იყო და მეც გავჩუმდი. საქართველოში რომ ჩავდიოდი, იქაც არ ვსაუბრობდი ჟურნალისტებთან. ახლა ვითარება შედარებით მიწყნარდა და თუ “სპარტაკის” ხელმძღვანელობა ნებას დამრთავს, ვისაუბრებ.
- ცნობილი ქართველი ლეგიონერების (ქინქლაძე, არველაძეები, კალაძე, კობიაშვილი) დრო წავიდა, ზოგიერთის კი მიდის... თუმცა, საქართველოს ნაკრები პროგრესირებს. მიზეზი?
- არ მახსოვს, საქართველოს ნაკრები ასე კარგად გამოსულიყოს. პირველად ხდება. ვფიქრობ, მიზეზი მწვრთნელია. მოვიდა კაცი, რომელსაც მუშაობა უნდა და ცოდნას საქმით ამტკიცებს – თემურ ქეცბაია. უცხოელ მწვრთნელებს, ჩემი დიდი პატივსცემის მიუხედავად, კონტრაქტის საფასური უფრო აინტერესებდათ. ბოსკამპმა, შუშაკმა, ჟირესმა, ტოპმიოლერმა, კუპერმა ცუდად იცოდნენ ქართული ფეხბურთი. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს. ქეცბაია თავადაც თამაშობდა ნაკრებში და ყველაფერი იცის. მას ესმის ჩვენი მენტალიტეტი, როგორი დისციპლინაა საჭირო... ქეცბაია ინგლისში თამაშობდა, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. როგორც მწვრთნელმა, ბევრს მიაღწია კვიპროსზე, ჩემპიონთა ლიგაშიც გაიბრწყინა. ქეცბაიამ ნაკრებში ყველაფერი შეცვალა. ჩემი აზრი ასეთია.
- საქართველოს 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. შარშან ვინ აღიარეს?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე მაშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ საუკეთესო გავხდი. ვფიქრობ, ეს არცთუ სამართლიანი იყო. 2009 წელს საუკეთესო ლაშა სალუქვაძე უნდა გამხდარიყო. “ბარსელონას”, მესის წინააღმდეგ როგორც ითამაშა, ნებისმიერისთვის დიდი მიღწევაა. ვინც დამირეკა და საუკეთესოობა მაცნობა, მასაც ვუთხარი, რომ სალუქვაძე უფრო იმსახურებდა...
- ...და ახლა ვინ იმსახურებს?
- ლეგიონერებზე თუ ვილაპარაკებთ, ყველაზე ცნობილი კახა კალაძეა.
- ...და საქართველოს ჩემპიონატში?
- ისე ხდება, რომ ვერ ვუყურებ. რუსეთში არაა ისეთი არხი, სადაც საქართველოს ჩემპიონატს აჩვენებენ. ინტერნეტით კი ხეირიანად ვერ ვუყურებ. ხანდახან გოლებს ვნახულობ. ვიცი, რომ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ‘ზესტაფონის” ბუბა დაუშვილი დაასახელეს.
- როგორ ფიქრობთ, წონაში მომატება არ გჭირდებათ?
- მჭირდება და ვცდილობ კიდეც. რასაც ექიმი მეუბნება, ყველაფერს ვიღებ, კვირაში სამჯერ შევდივარ ტრენაჟორების დარბაზში. ალბათ, ადრე თუ გვიან მოვიმატებ.
- და ამ დროს სიმსუბუქე რომ დაკარგოთ?
- ნამდვილად ვიცი, იმდენს არ მოვიმატებ, რომ სისწრაფე და სისხარტე დავკარგო.
- ალან ძაგოევი განიცდიდა ამას.
- მე ასე არ მინდა. უკეთესია, გამხდარი და სწრაფი ვიყო.
- რომელი სათამაშო მინუსების გამოსწორება გსურთ?
- მარცხენა ფეხი სუსტი მაქვს. უფრო სწორად, ძალიან სუსტი. აი, სწორედ ამის გამოსწორება მინდა.
- ანუ, მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება გიჭირთ?
- ასეა. მარჯვნიდანაც მიჭირს. ისე, დაუმიზნებლად ჩაწოდება კი, რა თქმა უნდა, პრობლემა არაა.
- დრიბლინგი, პასი, დარტყმა – ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?
- საგოლე პასის მიცემა უკეთესი და სასიამოვნოცაა, ვიდრე ორი კაცის მოტყუება და ბურთის დაკარგვა. 
- “სპარტაკში” ვისთან მეგობრობთ?
- პარშივლიუკთან, იაკოვლევთან, მახმუდოვთან. სანამ საბიტოვი გუნდში იყო, მასთანაც.
- “სპარტაკს” მიღმა?
- “ვოლგას” მათე ვაწაძესთან და გოგიტა გოგუასთან, ოთარ მარცვალაძესთან, რომელიც “ვოლგადან” “კრასნოდარში” გადავიდა და უკვე მოასწრო გოლის გატანა. მარცვალაძეს ჯერ კიდევ კიევის “დინამოდან” ვიცნობ. გოგუა ნაკრებში გავიცანი და მაშინვე დავმეგობრდით, ვაწაძეს კი ახალგაზრდულ ნაკრებში დავუმეგობრდი.
- როგორც ვატყობ, რუსულ ენასთან პრობლემა არ გაქვთ.
- რაც მთავარია, მწვრთნელის მესმის. თავად კი აქცენტით ვლაპარაკობ. კიევის “დინამოში” ვისწავლე რუსული, მანამდე ვერ ვლაპარაკობდი.
- თქვენი ყველაზე ლამაზი გოლი?
- “სპარტაკის” დუბლებში, “კრილიასთან” მატჩში – ერთი შეხებით შორიდან თავზე გადავუგდე ბურთი მეკარეს. ასევე, “კრასნოდართან” თასზე.
- 12-ნომრიან მაისურს რომელ ნომერზე გაცვლიდით?
- 7-ნომრიანზე. ამ ნომრით ვიყავი ბავშვობაში თბილისის “დინამოში”, მერე კი კიევის “დინამოშიც”.
- ეგებ, რომელიმე ვარსკვლავის გამო გსურთ 7 ნომერი?
- და ვინ თამაშობდა 7 ნომრით? კრიშტიანუ რონალდუ. სხვას ისეთს ვერ ვიხსენებ. თუმცა, ერთი რონალდუც საკმარისია. ვინაა მასზე უკეთესი...
- თქვენი საყვარელი საჭმელი ისევ ხინკალია?
- არა.
- აბა?
- ხინკალი ქართველებისთვის მუდამ საყვარელი საჭმელია, თუმცა როცა დედა “იახნის” აკეთებს, ის უფრო მომწონს.
- “იახნი” რომელია?
- საცივი იცით? დაახლოებით საცივივით კეთდება, თუმცა არის განსხვავება.
- მითხრეს, ნამდვილ ხინკალს 14 ნაოჭი უნდა ჰქონდეს და თუ არ აქვს, ესე იგი, არასწორადაა გაკეთებულიო. დამიმოწმებთ?
- ვერა. ამაზე არაფერი გამიგია. 
- გოგონა გყავთ?
- მოსკოვში არა. 
- საქართველოში?
- ჰა-ჰა, არც იქ!
- თავს მოსკოველად გრძნობთ?
- არა. მეოთხე წელია, რაც იქ ვარ. 20-30 თუ იცხოვრებ, მაშინ ხარ მოსკოველი. ყველაფერს მივეჩვიე მოსკოვში, მაგრამ...
- თქვენი საყვარელი მუსიკა?
- 15-16 წლის რომ ვიყავი, რეპი. ახლაც, თუ განწყობა მჭირდება. აი, ჩემპიონები თუ გავხდებით, რეპს შეუსვენებლად მოვუსმენ. ხოლო ძილის წინ ქართული სიმღერები უკეთესია. 
- ქართველი ხართ თუ აჭარელი?
- ასე არასწორია. დავიბადე ქობულეთში, აჭარაში. ამიტომაც, ქართველიც ვარ და აჭარელიც. 
- მაშინ მომასმენინეთ თქვენი ვერსია ერთ ტესტ-ფრაზაზე.
- რა ფრაზაა?
- “ბაკაკი ცკალში კიკინებს”.
- ჰა-ჰა, აი, მე კი ნამდვილად არ ვიცი, ეს რუსულად როგორ ვთქვა!…
- “ლიაგუშკა ვ ვოდე კვაკაეტ”.
- სწორია. ქართულად კი ასეა – ბაყაყი წყალში ყიყინებს.
- ეს ხომ ერთი და იგივეა?..
- არა, სხვადასხვაა. რუსულ ენაში არაა ბგერები "ყ", “წ”. არა მარტო თქვენ, სხვა რუსებსაც არ შეუძლიათ ამის სწორად გამოთქმა. იაკოვლევს და საბიტოვს ვასწავლიდი, მაგრამ ამაოდ. მეცინებოდა, თუმცა, როცა რუსულად ლაპარაკისას ვწვალობდი, ისინიც ხმამაღლა ხარხარებდნენ.
 
მოამზადა ილია ნანობაშვილმა 
 
 
0.115852