საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “როსტოვის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რუსეთის თასის ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შარშან ზაფხულში მოსკოვის “სპარტაკიდან” “როსტოვში” იჯარით გადასვლის დროს, თასის მოგებას ვერ წარმოიდგენდა.
ჯანო ანანიძე: “საწყისი 15-20 წუთი მოედანზე არეული ვითარება იყო. ამის შემდეგ ნორმალურად ვთამაშობდით. ორივე გუნდს შეტევაში ვითარების გამწვავების ეშონოდა, რათა კონტრშეტევა არ გამოპარვოდა. ნათელი იყო, რომ მატჩის ბედს ერთი გოლი გადწყვეტდა, ხოლო ბოლოს გუნდებს პენალტების სერიამდე მიღწევა სურდათ.
- უმცირესობაში დარჩენილი “კრასნოდარი” თავის ნახევარზე რატომ ვერ მიაჯაჭვეთ?
- “კრასნოდარს” კარგი გუნდი ჰყავს, ისევე როგორც – ჩვენ. თამაშის მონაწილეთა დიდი უმრავლესობისთვის ეს ფინალი პირველი იყო და ამიტომ, ყველა ბოლომდე იხარჯებოდა. უმრავლესობაში იყავი თუ უმცირესობაში, მთავარია შეცდომა არ დაგეშვა. ფინალში დაშვებული შეცდომა, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაგიჯდეს. ეს ჩემპიონატი არაა, სადაც შეგიძლია გარისკო.
- მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “როსტოვის” მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა განაცხადა, რომ თამაში არ გამოგივიდათ, რადგან ბურთს იშვიათად იღებდით.
- მართლაც, ეს ჩემთვის საუკეთესო მატჩი არ იყო და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ ყოვლისა ტრავმა: ბარძაყის კუნთი მაქვს დაჭიმული და კოჭი მაწუხებს. ფინალი ტკივილგამაყუჩებელი ნემსების ფონზე ჩავატარე. ჩემპიონატში “დინამოსთან” თამაშიც გამოვტოვე და 5 დღე არ ვვარჯიშობდი. ფაქტობრივად, წვრთნა ფინალამდე ორი დღით ადრე დავიწყე. ძალიან განვიცდიდი, შევძლებდი თუ არა სეზონის მთავარ მატჩში თამაშს. მე და ძიუბა “სპარტაკის” მოთამაშეები ვართ და უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ტყუილუბრალოდ არ გაგვანათხოვრეს და აქ რაღაცას მივაღწიეთ.
მეორე მიზეზი თავად მატჩის სტატუსია – თამაში ძალიან ჩაკეტილი გამოვიდა. როგორც ჩემპიონატის მატჩებში ვართ მიჩვეული, შეტევაში ასე წასვლა არ შეიძლებოდა და დაცვაში თამაშს ბევრ ყურადღებას ვუთმობდი. ისევე როგორც მარცხენა ფლანგზე მოთამაშე მილიჩი, რომელიც ჩემპიონატის შეხვედრებში ტრადიციულად კარგად მეხმარება, მაგრამ ამჯერად შეტევაში იშვიათად ერთვებოდა. ჩემთვის გამორჩეული მატჩი არ იყო, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. თამაში რომ შეგვიძლია, ჩემპიონატში უკვე დავამტკიცეთ.
- ამ ორი მიზეზიდან მთავარი რომელია?
- მთავარი ტრავმაა. საბოლოო ჯამში, შეცვლა მოვითხოვე, რადგან ტკივილის ატანა აღარ შემეძლო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, რადგან უმრავლესობაში აღმოვჩნდით და მატჩის დარჩენილი დრო შეტევებაში უნდა გაგვეტარებინა.
- სეზონის დარჩენილ მატჩებში მოედანზე თქვენი კიდევ ნახვის შანსი არის?
- ულტრაბგერით გამოკვლევას ჩავიტარებ და სიტუაცია უფრო ნათელი გახდება. ვგრძნობ, რომ უმჯობესი პაუზის აღებაა. მე “სპარტაკზე” უნდა ვიფიქრო, რომ ზაფხულში შეკრებას კარგ მდგომარეობაში შევხვდე. გარდა ამისა, მაისის ბოლოს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ატარებს. მეორე მხრივ, ჩემპიონატის მიწურულიც მნიშვნელოვანია, რადგან მე-7 ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს.
- ძიუბას თამაში გამოუვიდა?
- ფინალამდე ვისაუბრე და შევთანხმდით, რომ მთავარი, ლამაზი თამაში კი არა, გამარჯვებაა. ძიუბას მიზნად ფინალში გოლის გატანა არ ჰქონია. მას თასის მოგება სურდა. მან კარგად ითამაშა და 120 წუთი გუნდისთვის თავდაუზოგავად იმუშავა.
- “კრასნოდარზე” რას იტყვით?
- მეტოქეს არ მივეცით ისე თამაშის საშუალება, როგორც უყვარს – ერთი-ორი შეხებით. კრასნოდარელებს ჩვენ კართან არაფერი შეუქმნიათ. ეს უფრო ბრძოლა იყო, ვიდრე თამაში და მათ ბრაზილიური ტექნიკა არ გამოადგათ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვება ჩვენზე ნაკლებად სურდათ. იგივე ბრაზილიელები მატჩის მერე ტიროდნენ.
- შარშან ზაფხულში “როსტოვში” რომ გადადიოდით, სეზონის ასეთი დასასრული წარმოგედგინათ?
- თასს ნამდვილად არ ველოდი. საერთო ჯამში, სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ - როგორც ჩემი, ასევე, გუნდის თამაშით. კიდევ იმით, რომ ძიუბას ბევრი საგოლე პასი მივეცი. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს იმსახურებს. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გაგვიმართლა ჩემპიონატის კალენდარში, როდესაც გამარჯვებათა სერია გვქონდა, აგრეთვე, თასის ბადეში, როდესაც ჩვენ ნახევარში ძლიერი გუნდები არ დარჩნენ. თუმცა, გამართლება დავიმსახურეთ და ეს ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი.