ინტერვიუები

15:45 | 9.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: “იმედია, ნაკრების სასტარტოში დავბრუნდები”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელსაც დიდი ხანია ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, დუმილი დაარღვია და “სპარტაკელთა” ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა.  
- გასულ ზამთარს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა იჯარით სათამაშოდ სხვა კლუბში წასულიყავით. თუმცა, “სპარტაკში” დარჩით. ასე რატომ გადაწყვიტეთ?
- იმიტომ, რომ სწორედ ამ კლუბში მინდა, რომ ავთამაშდე. წინადადებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. ძალიან მინდოდა დამემტკიცებინა, რომ “სპარტაკში” თამაშს შევძლებდი. ბოლო დროს თითქოს საქმე ნორმალურად მიდის. აქამდე, ძალიან იშვიათად ვთამაშობდი და ვაღიარებ, რომ ამის გამო, თავს კარგად არ ვგრძნობდი.  
- ახლა მოედანზე არცთუ ცოტა დროს ატარებთ. ძალა გყოფნით?
- დიახ. იმდენი ხანი ვიჯექი თადარიგში და ზოგჯერ განაცხადშიც ვერ ვხვდებოდი, რომ ძალა დამიგროვდა. ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა – თამაში. რაც მეტი, მით უკეთესი.
- საქართველოს ნაკრებში თქვენი საქმე როგორ მიდის?
- ნორმალურად. როდესაც “სპარტაკში” სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სასტარტოში არ მაყენებდა. ეს ლოგიკური იყო. სხვა ბიჭები ხომ საკუთარ კლუბებში მუდმივად თამაშობდნენ. ახლა იმედი მაქვს, რომ სასტარტოში დავბრუნდები, რადგან “სპარტაკში” რეგულარულად ვთამაშობ.  
- საბჭოთა პერიოდში საქართველოს უდიდესი საფეხბურთო ტალანტები ჰყავდა. თბილისის “დინამოს” თამაშების ძველი ვიდეოჩანაწერები ნანახი გაქვთ?
- YouTube –ზე არაერთი ეპიზოდი მინახავს დავით ყიფიანის და სხვების მონაწილეობით. მამა ბევრს მიყვებოდა ქართველი ფეხბურთელების მაშინდელ თაობაზე, რომელიც უდიდესი ოსტატებისგან შედგებოდა. 70-იანი და 80-იანი წლების თბილისის “დინამოსა” და ამჟამინდელს შორის ისეთი განსხვავება, როგორც ცა და დედამიწა. მაშინ, რესპუბლიკის მთავარ გუნდში მოხვედრას ყველა ოცნებობდა.
- პირადად, თბილისის “დინამოს” რომელ ლეგენდებს იცნობთ?
- ჩელებაძეს, გუცაევს, ჩივაძესა და გაბელიას. ეს დიდი ადამიანები არიან, რომლებმაც ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს.  
- განვლილ ტურში “სპარტაკმა” ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა “კრილია სოვეტოვთან” შეხვედრისას. მეტოქე დიდი ანგარიშით რის ხარჯზე დაამარცხეთ?
- ჩვენ ბურთს ვფლობდით და კომბინაციურ ფეხბურთს ვთამაშობდით. ორი გოლის გაშვების შემდეგ, სამარელები სრულად გაიხსნენ და თავისუფალი ზონები გაუჩნდათ, რის შემდეგ, მეტოქეს კონტრშეტევებზე ვიჭერდით. ამასთანავე, როგორც მე მომეჩვენა მეორე ტაიმში “კრილია” დაღლილი იყო. ჩვენ კი, პირიქით თამაში “დავიჭირეთ” და ამ დროს ბევრი რამ გამოგდის.
- გატანილი გოლის შემდეგ, მის აღსანიშნავად სათადარიგოთა სკამზე მჯდომი მეკარე დიკანისკენ რატომ გაიქეცით?
- შესვენებაზე მან მითხრა: “შენ აუცილებლად გაიტან”. ანდრეის შევპირდი, რომ გავიტანდი. მას ვალი დავუბრუნე, რადგან ჯერ კიდევ 2 ტურის წინ დავპირდი, რომ თავს გამოვიჩენდი.
- ეს “სპარტაკის” შემადგენლობაში თქვენ მიერ გატანილი ყველაზე ლამაზი გოლია?
- თუ არ ჩავთვლით თასზე “კრასნოდართან” ჩატარებულ პირველ მატჩს, ჩემპიონატში ალბათ საუკეთესო გოლია.
- სადებიუტო მატჩი კარგად გახსოვთ?
- რა თქა უნდა.
- მაშინ, მოედანზე გასვლისას რა გრძნობა გქონდათ?
- მიხაროდა. ნდობისთვის კარპინის ძალიან მადლობელი ვარ. მაშინ, ხომ მხოლოდ 16 წლის ვიყავი და ვალერი გეორგევიჩმა დუბლებიდან ძირითად გუნდთან ერთად სავარჯიშოდ გადამიყვანა. “კრასნოდართან” სათასო მატჩზე კი, თამაშის შანსი მომცა. როდესაც მთავარი მწვრთნელი გენდობა, ფრთებს გამოისხამ.
- “კრასნოდართან” სადებიუტო მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანეთ...
- დიახ. პაუზა გავაკეთე და დაწოლილ მეკარეს ბურთი ზემოდან გადავუგდე.  
- იცოდით, რომ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყავით, რომელსაც “სპარტაკის” არსებობის ისტორიაში გოლი გაუტანია?
- თავდაპირველად არა. შემდეგ რადიოში გავიგე, რომ ამ ასაკში “სპარტაკში” ჯერ არავის გაუტანია.
- მას შემდეგ სამწელიწადნახევარი გავიდა. თქვენში რა შეიცვალა და რა დარჩა იგივე?
- გამოცდილება და თავდაჯერება მომემატა. 16-17 წლისა მოედანზე გასული გაცილებით მეტს ვნერვიულობდი. ახლა მსგავსი რამ არ მაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგაში და საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონ იტალიელების წინააღმდეგ ვითამაშე. იგივე კი, ფეხბურთისადმი სიყვარული დარჩა. დარწმუნებული ვარ, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება.     
- როგორ ფიქრობთ, უპირველესად რომელ კომპონენტში უნდა მოუმატოთ?
- ფიზიკურ მომზადებასა და მეტოქისთვის ბურთის ართმევაში. გასაგებია, რომ ბურთს ისე ვერასოდეს წავართმევ, როგორც პროფესიონალი მცველი. თუმცა, როგორც ნახევარმცველმა დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესო.
- “სპარტაკის” შემადგენლობაში ჩატარებულ რომელ მატჩს თვლით თქვენთვის საუკეთესოდ?
- 2009 წელს “ლოკომოტივთან” ჩატარებულ თამაშს. მაშინ, თავით გოლი გავიტანე და საგოლე პასი გავაკეთე.  
- მომდევნო ტურში “კრასნოდარს” შეხვდებით. ამ გუნდის შემადგენლობაში ნაცნობები გყავთ?
- რა თქმა უნდა. ალექსანდრე ამისულაშვილი და ნუკრი რევიშვილი. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს.
- კვირას გასამართ მატჩამდე მათ ხომ არ დაენიძლავებით თუ ვინ მოიგებს?
- შესაძლოა. თამაშის შემდეგ კი, ერთად მოსკოვიდან თბილისში მივფრინავთ, სადაც 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ თამაშს ეგვიპტესთან ჩაატარებს. ჰოდა, განვლილ თამაშსაც გავარჩევთ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა


 

0.115364