მოსკოვის “სპარტაკის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ ნაოპერაციები მუხლი არ ტკივა და ბურთი მოენატრა.
- სად დაისვენეთ?
- თითქმის მთელი შვებულება სახლში გავატარე, მხოლოდ 2 კვირა ვიყავი თბილისში, სადაც რეაბილიტაციის პროცესი გავიარე, ხოლო დანარჩენი დღეები – ქობულეთში.
- ამინდში გაგიმართლათ?
- დიახ. საუცხოო ამინდი იყო - ახალი წლის წინ პლუს 15-16 გრადუსი. ასე რომ კარგად დავისვენე, საფეხბურთო სეზონის გასაგრძელებლად ძალა მოვიკრიბე.
- ნაოპერაციები ფეხი როგორ გაქვთ?
- ჯერ არ მაწუხებს. პირველ ვარჯიშებზე დატვირთვა ნორმალურად გადავიტანე.
- დაიღალეთ?
- ცოტა, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა. საშინლად მომენატრა ფეხბურთი და ბურთი. მე ხომ ტრავმის გამო ბურთს უკვე ორი თვეა არ შევხებივარ. შვებულებაში ყოფნის დროს, ექიმებმა თამაშის ნება არ დამრთეს, მხოლოდ კუნთებს ვავარჯიშებდი ტრენაჟორებზე. ვარჯიშზე, მანეჟში ბურთით ცოტა ვითამაშე, მაგრამ “კვადრატში” შესვლის ნება არ დამრთეს. არა უშავს, ცოტას კიდევ მოვითმენ.
- განვლილი წელი თქვენთვის ძალიან რთული იყო. ახალ წელს როგორი განწყობით ხვდებით?
- მთავარია, ტრავმები არ მქონდეს. ძალიან მინდა, რეგულარულად ვითამაშო სასტარტო შემადგენლობაში და “სპარტაკს” სარგებლობა მოვუტანო. რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ და გამოჩნდება, რა გამოვა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა