ფეხბურთი

14:27 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე 2013 წლის სიმბოლურ ნაკრებში

რუსულმა ინტერნეტპორტალმა sportbox.ru-მ პრემიერლიგის 2013 წლის ლეგიონერთა სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და “როსტოვის” შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოხვდა.

“სიმბოლური” ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გამოსული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ხსენებულმა გამოცემამ მას დსთ-ს ნაკრები უწოდა. თუმცა, საქართველო, ესტონეთი და მოლდოვა ე.წ. “თანამეგობრობის” წევრები არ არიან.

2013 წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

სერგეი ვერემკო (“კრილია სოვეტოვი”, ბელარუსი), ალექსანდრ ეპურიანუ (“დინამო”/ “ანჟი”, მოლდოვა), ალექსანდრ მარტინოვიჩი (“კრასნოდარი”, ბელარუსი), ვიტალი დენისოვი (“ლოკომოტივი”, ყაზახეთი), ტიმოფეი კალაჩიოვი (“როსტოვი”, ბელარუსი), ანტონ პუტილო (“ვოლგა”, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”/ “როსტოვი”, საქართველო), კონსტანტინ ვასილიევი (“ამკარი”, ესტონეთი), არაზ ოზბილისი (“ყუბანი”/ “სპარტაკი”, სომხეთი), ანდრეი ვორონინი (“დინამო”, უკრაინა), იურა მოვსისიანი (“სპარტაკი”, სომხეთი).

 “სუსტი აღნაგობის ნახევარმცველისთვის “სპარტაკის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ძნელი იყო. უკვე რამდენიმე სეზონია ქართველი ნახევარმცველი როტაციის მოთამაშედ ითვლებოდა და მეტზე პრეტენზიას ვერ აცხადებდა. “როსტოვში” ანანიძე “სასტარტოს” ფეხბურთელია და გუნდის შეტევების კრეატიულ დასაწყისს დიდად განსაზღვრავს. მიოდრაგ ბოჟოვიჩის გუნდში მან საუცხოო გამთამაშებლის რეპუტაცია მოიხვეჭა: მიმდინარე სეზონში ანანიძის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტების სიაში, ის მხოლოდ ბულგარელ იველინ პოპოვს ჩამორჩება “ყუბანიდან” – იუწყება sportbox.ru ანანიძის შესახებ.

 

 

0.121739