ტურინის “იუვენტუსისა” იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ახალი სეზონისთვის ემზადება, გუშინ ლივერპულის “ევერტონის” წინააღმდეგ ჩატარებულ ტესტ-მატჩს რაც შეეხება, ამჯერად “ბებერი ქალბატონის” კარს მარკო სტორარი იცავდა, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა. ტურინელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაუშვეს გოლი, ანგარიში კი ასპარეზობის მიწურულს ასამოამ გააყაიმა. ბუფონთან ინტერვიუმდე იტალიის მოქმედი ჩემპიონის გუშინდელ შემადგენლობას გაგაცნობთ: სტორარი, ლისტშტაინერი, ოგბონა, პელუზო, დე ჩელიე (პადოინი, 75), ასამოა, ისლა, მარონე (პირლო, 75), ვიდალი, ლიორენტე (ვუჩინიჩი, 75), ტევესი (მატრი, 85).
- როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი? კმაყოფილი ხართ გუნდის მზადებით?
- ახალ სეზონში “იუვენტუსი” უწინდელთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერი გახდება. კლუბმა ნაყოფიერი სატრანსფერო სამუშაო ჩაატარა. კარლოს ტევესის გადმოყვანის შემდეგ ჩვენი სამომავლო პოზიცია კიდევ უფრო მყარი გახდა. ვფიქრობ, ევროპის მასშტაბითაც თავის გამოჩენის დრო დაგვიდგა. ახალწვეულები გუნდს მშვენივრად შეერწყნენ და კოლექტივში საქმიანი განწყობა სუფევს. მომავალს ყველანი ოპტიმისტურად ვუმზერთ.
- იზიარებთ თვალსაზრისს, თითქოს “იუვენტუსი” უშუალო კონკურენტებს კიდევ უფრო დაშორდა?
- ამის გადაჭრით თქმა ნამდვილად არ შემიძლია. მართალია, კარლოს ტევესი, ფერნანდო ლიორენტე და ანჯელო ოგბონა დავიმატეთ, მაგრამ სხვა კლუბებიც არ ყოფილან გულხელდაკრეფილები. “ნაპოლიში” გონსალო იგუაინის, ხოლო “ფიორენტინაში” მარიო გომესის მისვლა სერია A-ს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაყურებლისთვის. პრინციპში, ნეაპოლელები და ფლორენციელები ბოლო წლების განმავლობაში ლამაზი ფეხბურთითა და სოლიდური გამოსვლით გამოირჩეოდნენ, მომავალი სეზონის წინ კი კიდევ უფრო განვითარდნენ. ვფიქრობ, ასეთი დონის მოთამაშეების ჩართვით იტალიური ფეხბურთი პროგრესს განაგრძობს. კალჩო სუსტი რომ იყოს, ერთბაშად რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი სერია A-ში გამოსვლაზე არჩევანს არ გააკეთებდა.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, მომავალი ჩემპიონი წინაზე უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს...
- წინ საინტერესო და გაცილებით უფრო რთული ჩემპიონატი გველის. მიუხედავად იმისა, “მილანს” ხმაურიანი ტრანსფერები რომ არ განუხორციელებია, მეტად კონკურენტუნარიანი გუნდია. “როსონერის” თანაქალაქელის, “ინტერის” საუკეთესო შენაძენი ახალი მთავარი მწვრთნელია. ამასთან, ვალტერ მაცარის განკარგულებაში 6-7 გამოცდილი ფეხბურთელისგან შემდგარი ძირითადი ბირთვი და ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეებია. ვფიქრობ, “ინტერი” მაღალი მიზნების გადაჭრას დაისახავს ამოცანად. იგუაინის გარდა, “ნაპოლი” მწვრთნელითაც გაძლიერდა. რაფა ბენიტესი გამარჯვებული ფსიქიკის დამრიგებელია. იგი ბრწყინვალე სპეციალისტია და კარგად იცის, როგორ მიაღწევინოს თავის გუნდს წარმატება. მარიო გომესთან ერთად, ჯუზეპე როსი “ფიორენტინაში” მძლავრ სათავდამსხმელო წყვილს შეკრავს. ყოველივე ამის ფონზე სკუდეტოს შენარჩუნება მეტად რთული იქნება. თუმცა ერთიცაა – კონკურენტების გაძლიერება ჩვენც დამატებით სტიმულს გვაძლევს და იძულებულები ვიქნებით, მუდმივად ტონუსში ვიყოთ. დიდი იმედი გვაქვს ანტონიო კონტესი. ჩვენი დამრიგებელი მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს.
- “იუვენტუსის” მიზნებზე რას გვეტყოდით?
- მიზანი სკუდეტოს ზედიზედ მესამედ დაუფლებაა, ოცნებად კი ჩემპიონთა ლიგის მოგება გვაქვს. ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე წარმატების მიღწევა შეუდარებლად რთულია. ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიუნხენის “ბაიერნს” და “ბარსელონას” ვთვლი. ეს უკანასკნელი ნეიმარის დამატებით კიდევ უფრო ძლიერი გახდა.
- რას ნიშნავს თქვენთვის ტურინის “იუვენტუსი”?
- ოჯახი, რომელშიც გავიზარდე და ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. “იუვე” ჩემი ცხოვრების არჩევანია და მოხარული ვარ, ადრეულ ასაკში აქ რომ მოვხვდი.