მუნდიალ2014-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა ტურში, დანიასთან თამაშისას ჯანლუიჯი ბუფონმა 137-ედ მოირგო “სკუადრა აძურას” მეკარის მაისურა და ამ მაჩვენებლით იტალიის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გახდა. ჯიჯიმ ერთი მატჩით გაუსწრო ყოფილ თანანაკრებელ ფაბიო კანავაროს, მესამეზე კი 126 მატჩით პაოლო მალდინია.
- იტალიის დღევანდელ ნაკრებზე რა აზრის ხართ?
- “სკუადრა აძურას” რეალურად მაღალი პოტენციალი გააჩნია. ბიჭებს ენთუზიაზმს ვატყობ. ყოველთვის ასეა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი გვიახლოვდება. გასულ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგიც კარგი გვქონდა და თამაშიც სოლიდური ვაჩვენეთ, რაც პოზიტიურ იმპულსს შესძენს ნაკრებსაც და მთლიანად იტალიურ ფეხბურთსაც.
- ჩეზარე პრანდელის მუშაობას დადებითად აფასებთ?
- გითხრათ სიმართლე, წინა მუნდიალზე “სკუადრა აძურასგან” კარგ შედეგს არ ველოდი, ახლა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი – პრანდელიმ ნამდვილი გუნდი შეკრა და ჩამოაყალიბა. ძალიან ძნელია სათანადოდ შეცვალო ისეთი ქარიზმატული ფიგურა, როგორიც მარჩელო ლიპია. სინიორ ჩეზარეს ეს კარგად გამოუვიდა. პრანდელი “სკუადრა აძურაში” ახალი იდეებით შეიარაღებული მივიდა და მათი გატარებაც მოახერხა.
- ფრანჩესკო ტოტის ნაკრებში დაბრუნებაზე რას იტყვით?
- ტოტი არაორდინალური ოსტატობით გამოირჩევა, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. მეტსაც გეტყვით – როგორც ფეხბურთელი, ტოტი უკვდავია. ისეთ ფორმაში მყოფი ჩესკო, როგორც სადღეისოდაა, ნებისმიერი გუნდისთვის მეტად სასარგებლო იქნებოდა და გამონაკლისი არც “სკუადრა აძურაა”. ტოტი ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ სულით ნამდვილი ჩემპიონია.
- სანაკრებო მატჩების შემდეგ კვლავ საკლუბო ტალღაზე გადართვა მოგიწევთ. 23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე შეხვედრას მადრიდში “რეალთან” ჩაატარებთ...
- სპეციალისტთა და გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ სადღეისოდ “რეალი” თავისი საუკეთესო ფორმისგან შორსაა, მაგრამ ამგვარი ავტორიტეტისა და შემადგენლობის გუნდისგან ბევრია მოსალოდნელი. ეჭვიც არ მეპარება, ჩვენთან დაპირისპირებისას მადრიდელები მოსაგებად და სალიდერო პოზიციის კიდევ უფრო განსამტკიცებლად იბრძოლებენ. პოზიციის დათმობას არც “იუვენტუსი” აპირებს. საწყის 2 ტურში 4 ქულა დავკარგეთ და უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს. “რეალის” წინააღმდეგ კარგი თამაში ჩვენთვის ორმხრივადაა მნიშვნელოვანი – წარმატება სატურნირო თვალსაზრისითაცაა ბევრი რამის განმსაზღვრელი და ფსიქოლოგიური ასპექტითაც.
- ბევრს საუბრობდნენ თქვენი “იუვენტუსიდან” წასვლის თაობაზე, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც “ბებერი სინიორას” სასარგებლოდ გააკეთეთ, რომლის ღირსებასაც 2015 წლის ზაფხულამდე დაიცავთ...
- ჩემი ტურინიდან აბარგების თემა არახალია. ისე კი, 2001 წელს ცოტა დამაკლდა კარიერა “იუვეს” ნაცვლად “ბარსელონაში” გამეგრძელებინა. ტურინში მამის დაჟინებული რჩევით გადავედი და დღევანდელი გადასახედიდან, მშობელს ძალიან ვუმადლი. თანაც იმდროინდელი “ბარსელონა” დღევანდელს არ ჰგავდა და საერთაშორისო არენაზეც ასე ვერ ბრწყინავდა. 2013 წლის იანვარში ახალი კონტრაქტი გავაფორმე “იუვენტუსთან”, რაც ჩემი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კლუბში დარჩენა გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ფინანსური თვალსაზრისით მეტად სარფიან წინადადებებს მთავაზობდნენ. იმედი მაქვს, მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში შევძლებ.
აქვე ერთ ფაქტსაც გავიხსენებ, რომელიც ჩემი საფეხბურთო კარიერის დასაწყისს უკავშირდება. 14 წლისამ “პარმას”, “მილანისა” და “ბოლონიას” სკაუტები დავაინტერესე. საქმეში მაშინაც მშობლები ჩაერივნენ და მირჩიეს პარმაში წავსულიყავი. ალბათ, სხვა შემთხვევაში მშობლები შვილს “როსონერიში” გადასვლას ურჩევდნენ, ჩემებმა კი იმ დროისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მიმაღებინეს. “პარმაში” გამოცდილებაც მივიღე და სათანადოდაც დავოსტატდი.