ფეხბურთი

16:25 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონი: “მწვრთნელთან სიახლოვე ფეხბურთელს შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ეხმარება”

“სკუადრა აძურასა” და ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მორიგი სეზონისთვის მონდომებით ემზადება. ჯიჯიმ ინტერვიუ მისცა გამოცემა La Stampa-ს და ჟურნალისტთან საუბრისას წინასასეზონო განწყობა გაანდო მკითხველს.

- შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ “იუვენტუსში” ახალი დამრიგებელი დაგხვდათ. მასიმილიანო ალეგრის სამუშაო მეთოდები კარდინალურად განსხვავდება ანტონიო კონტეს მიდგომისგან. როგორ მიდის “რევოლუცია” “ბიანკონერიში”?

- რამდენიმე მიმართულებით რადიკალური ცვლილებები მოხდა, მაგრამ ადრე თუ გვიან მოვლენათა ამგვარი განვითარება მოსალოდნელიც გახლდათ. “იუვეს” რამდენიმეწლიანი წარმატებათა ციკლი ჰქონდა, ახლა კი სიახლეების ზღურბლზე ვდგავართ.

- კონტეს დამრიგებლობისას გუნდში ლამის სამხედრო დროის კანონები იყვნენ დამკვიდრებულები. ალეგრი უფრო რბილი ხასიათის მწვრთნელია. იგრძნობა ცვლილება?

- ნებისმიერ ადამიანს თავისი, სხვებისგან განსხვავებული ხასიათი აქვს. ყველა დიდი სპეციალისტი თავისებურია. მაგალითად ლუის ვან გაალს “დიქტატორად” მოიხსენიებენ, კარლო ანჩელოტის კი უპირველეს მიზნად გუნდის მოთამაშეებთან საერთო ენის გამონახვა აქვს დასახული. ორივე კი მწვრთნელ-გამარჯვებულია.

- პირადად თქვენ უფრო რომელი ყაიდის დამრიგებელთან გირჩევნიათ მუშაობა და ურთიერთობა?

- ორივე მიდგომას თავისი პლუსი აქვს. ვფიქრობ, ახალგაზრდობაში კარგი განათლება მივიღე და გაგებით ვეკიდები იმ სპეციალისტს, რომელსაც სურს თავიანთ ნებას დაუქვემდებარონ ფეხბურთელთა ნება. ამ დროს ბევრი რამ მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ფეხბურთელი უნდა მიხვდეს, როგორი ფორმითაა უმჯობესი დამრიგებელთან ურთიერთობა. სინიორ კარლო ანჩელოტი ყოველთვის ამბობდა, ალენატორე ყოველთვის ფეხბურთელთა წრეში უნდა ტრიალებდეს და მოთამაშეებს ზემოდან არ უნდა უცქერდესო. ანალოგიური მიდგომა აქვს ალეგრის და ეს მომწონს. თუკი ფეხბურთელი მოტივირებულია, დამრიგებელთან სიახლოვე მას შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ეხმარება.

- “იუვეს” ტიფოზერიის ნაწილი მიიჩნევს, რომ კონტეს წასვლით უკუსვლა გარანტირებულია...

- კონტეს “იუვეს” აღორძინების საქმეში განუზომლად დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გულშემატკივარს კი უნდა ახსოვდეს, რომ მწვრთნელის ცვლილება ნებისმიერი გუნდის აუცილებელი, გარდაუვალი პროცესია. შესაძლოა, სადავო მხოლოდ დრო და ფორმა იყოს.

- ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, “რომას” სკუდეტოს მოგების პერიოდი დაუდგაო. რას უპასუხებთ ჩესკოს?

- კარგად მესმის ტოტის ენთუზიაზმის. შარშანდელი სეზონის შემდეგ რომაელ ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა მოემატათ, ამასთან გუნდის შემადგენლობაც მოძლიერდა. ჩემპიონატის სტარტზე კი პირველობის შანსი ყველა ფავორიტს თანაბრად აქვს.  

- ჩემპიონთა ლიგაში “იუვენტუსის”  შანსს რა შეფასებას მისცემთ?

- ევროთასებზე ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა კლუბის ფინანსურ მდგომარეობას აქვს. ამასთან, რომელი კლუბიც ყოველ ცენტს ყაირათიანად ხარჯავს, უპირატესობაც მის მხარესაა. ამის ნათელი მაგალითი დორტმუნდის “ბორუსია” და მადრიდის “ატლეტიკოა”. ნუ გავიკვირვებთ, თუკი “იუვე” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გააღწევს.

- ანდრეა პირლო “მილანიდან” მასიმილიანო ალეგრის მთავარმწვრთნელობისას აიბარგა. მას შემდეგ, რაც სინიორ მასიმილიანო “იუვეში” მოვიდა, ანდრეასთან ამ თემაზე არ გისაუბრიათ?

- შვებულებაში ვიყავით და ეს ჯერ თემა არ განგვიხილავს. ისე კი, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანებს შორის მომხდარი გაუგებრობა შესაძლოა ერთადერთი ფრაზით ან სახუმარო ჟესტით აღმოიფხვრას.

 

0.117517