ინტერვიუები

16:45 | 1.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონი: “ესპანელებს მცირე ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვთ”

რამდენიმე საათში უკრაინის დედაქალაქში ევროპირველობის გადამწყვეტი მატჩია აიღებს სტარტს. კიევის ფინალის წინ იტალიის ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფიგურასთან, ჯანლუიჯი ბუფონთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 
- შეადარეთ ის შეგრძნება, რომელიც 6 წლის წინანდელი გადამწყვეტი მატჩის წინ გქონდათ და ამჯერად, ევრო2012-ის ფინალამდე დაგეუფლათ?
- ზუსტა იგივე ემოციაა. წლევანდელ კონტინენტის პირველობაზე გამოსვლას რაც შეეხება, “სკუადრა აძურა” ფინალამდე მოვიდა და ცხადია, ჩემპიონობით დასრულება გვსურს. საამისოდ არაფერს დავიშურებთ, თუმცა, რა გამოვა ჩვენი მცდელობიდან, ძნელი სათქმელია.
- ესპანეთთან მატჩის წინ საგანგებო ღია წერილით იტალიის პრეზიდენტმა მოგმართათ. ქვეყნის მეთაურის წერილმა მოტივაცია გაგიზარდათ?
- პრეზიდენტმა ძალა ჯერ კიდევ ტურნირის სტარტამდე გვშთაბერა. გაიხსენეთ, იტალიის ეროვნული ნაკრების წარმატების თითქმის არავის სჯეროდა, მაგრამ “სკუადრა აძურამ” ჯგუფური ეტაპიც წარმატებით დაძლია, პლეი ოფის 2 ეტაპიც და კივში ცასატარებელი ფინალის საგზური დამსახურებულად დაისაკუთრა.
- გერმანელთა დამარცხების შემდეგ განაცხადეთ, რომ იტალიის ნაკრები კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე საუკეთესო თამაშს აჩვენებს, თუმცა, უძლიერესი მაინც არაა. აზრი ხომ არ შეგიცვლიათ?
- არა. შემადგენლობის მხრივ ესპანეთის ნაკრები საუკეთესოა. სწორედ მასთან მოგვიწევს გადამწყვეტ მატჩში შებმა.
- მარიო ბალოტელი შეჯიბრების მსვლელობისას უმატებს თამაშს...
- მიმდინარე ჩემპიონატზე მარიო საუცხოოდ ასპარეზობს. ბალოტელი ნიჭიერი ფეხბურთელია, “მანჩესტერ სიტიში” მრავალი ვარსკვლავის გვერდიგვერდ თამაშობს, მაგრამ შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას მხოლოდ ჩეზარე პრანდელის დამრიგებლობით ახერხებს. მარიოს გამოსვლით მწვრთნელების კმაყოფილები არიან, პარტნიორებიც და ტიფოზებიც.
- საფინალე მოწინააღმდეგეს შორის ყველაზე მეტად რომელ ფეხბურთელებს უფრთხით?
- “ფურია როხა” ყველა რგოლში მეტად მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის ნებისმიერ წევრს დიდ პატივს ვცემ. პირენელთა ნაკრები ბოლო 4-5 წელია მსოფლიოში დომინირებს, თუმცა, “სკუადრა აძურა” ყველასთან მხოლოდ მოგებაზე თამაშობს.
- საყოველთაო თვალსაზრისით, ესპანეთის ნაკრები თქვენთან შედარებით უფრო გამოცდილი კოლექტივია და ცალკეულ მოთამაშეთა საფეხბურთო პარამეტრებით იტალიის ეროვნულ გუნდს ცოტათი სჯობს. გადამწყვეტ მატჩში წარმატების მისაღწევად, რა უნდა დაუპირისპიროთ პირენელებს?
- შესაძლოა, ესპანელთა ნაკრების წევრებს ერთობლივი თამაშის მეტი გამოცდილება აქვთ, მეტისთვისაც მიუღწევიათ, რაც მათ დამაჯერებლობას მატებს, მაგრამ ფინალში გასვლით “სკუადრა აძურამ” ერთი სენსაცია უკვე მოახდინა და ახლა კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგის ჩვენება გვწადია. გადამწყვეტი ასპარეზობის წინ კი გუნდების შედარება უადგილოდ მიმაჩნია. ფინალში ბევრი რამ სხვაგვარად ხდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უძლიერესი გაიმარჯვებს და იმედია, ეს იტალია იქნება.
- იტალიის ნაკრები საერთაშორისო არენაზე ტრიუმფულად მაშინ გამოდის, როცა “კალჩოში” სკანდალია აგორებული. გავიხსენოთ 1982 და 2006 წლების მუნდიალები. სირთულეეების სათანადოდ გადალახვაში მტკიცე იტალიური მენტალიტეტი გეხმარებათ?
- პრობლემებისა და აგორებული ჭორების მიუხედავად, ტიფოზები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით არიან განმსჭვალულნი “სკუადრა აძურას” მიმართ. ნაკრების ფეხბურთელები ყოველმხრივ ვცდილობთ მათი იმედის გამართლებას. იტალიის ნაკრების ძალა სოლიდარობაშია.
- ამბობენ, ინგლისელთა წინააღმდეგ ჩასატარებელი მეოთხედფინალის წინ ნაცვლად იმისა, ალბიონელი მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები ვიდეოჩანაწერის მეშვეობით რომ შეგესწავლათ, პარტნიორებთან ერთად კინოფილმის ცქერით იყავით დაკავებული...
- არც პოლონეთში ყოფნისას და არც უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი ნაკრების წევრებს ფილმის კოლექტიური ჩვენება არ გვქონია.
- ესპანელებს სანაკრებო ისტორიული რეკორდის დამყარება სურთ. ჯერჯერობით არცერთ ეროვნულ გუნდს მიჯრით 3 უმნიშვნელოვანესი ტურნირი არ მოუგია. “ფურია როხასთვის” ეს მომენტი პლუსია თუ ფსიქოლოგიური წნეხი?
- ესპანელებს ჩვენთან შედარებით მცირე ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვთ. ისე კი, სიამოვნებით ჩავდგებოდი მათ ადგილას.
- იტალიის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას მეტად ემოციურად გამოიყურებით...
- ჩემთვის უდიდესი პატივია სამშობლოს საფეხბურთო ნაკრების ღირსების დაცვა. ჩემი ორი დიდი პაპა ომში დაიღუპა, მე კი ჩემებურად ვემსახურები იტალიას.
 
 
გოჩა კაჭარავა
 
0.129217