ინტერვიუები

18:32 | 7.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონი: “აგვისტოდან მოყოლებული მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი”

ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონობას ზეიმობს. იტალიის ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი კლუბის მწვრთნელები და ფეხბურთელები მასმედიელთა ყურადღების ცენტრში არიან, ჩვენ კი “ბებერი სინიორას” კარის მცველ ჯანლუიჯი ბუფონის სახელდახელო ინტერვიუს გთავაზობთ.

- გილოცავთ სკუდეტოს მოპოვებას. წლევანდელი ტიტული თქვენთვის განსაკუთრებულია?
- დიახ. ენით აუწერელ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი წინა ტურში “ლეჩესთან” დაშვებული შეცდომის გამო. მეშინოდა, ბიჭები მორალურად არ გამტყდარიყვნენ და სამი დღის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ “კალიარისთან” დაპირისპირებაზე ვფიქრობდი. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ეს ბოლო დღეები გამოდგა ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემ საფეხბურთო კარიერაში. ჩემი შეცდომის გამო “იუვეს” ჩემპიონობა რომ დაეკარგა, თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი და შესაძლოა, თამაშიც დამესრულებინა. მთლიანობაში ურთულესი სეზონი გამოგვივიდა და ბედნიერი ვარ, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ რომ დასრულდა.
- წოდებები და აღიარება არსდროს გაკლდათ. მართლა ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ წლევანდელ სკუდეტოს დაუფლებას?
- მსოფლიოს პირველობაზე გამარჯვების შემდეგ ასე არასდროს გამხარებია. ფრაზა იმის თაობაზე, რომ დაუღალავ შრომას სათანადო შედეგი ყოველთვის მიჰუვება, გამართლდა. ადრე ვთვლიდი, რომ ეს გამონათქვამი ჭეშმარიტებას 20 პროცენტით შეესაბამება, დანარჩენი 80 კი სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. დღეს პირიქით ვფიქრობ – წარმატების 80 პროცენტი შრომას მოაქვს და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ნიჭი, იღბალი და სხვა ფაქტორები.
- როდესაც მსაჯის “საჩემპიონო” საფინალო სასტვენის ხმა გაიგეთ, პირველად რა გაიფიქრეთ?
- უპირველესად გონებაში იმან გამიელვა, თუ ვისთვის მიმეძღვნა სკუდეტო. ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია – ჩემპიონობას პირველ რიგში ალესანდრო დელ პიეროს ვუძღვნი. ალექსთან ერთად არ შემიძლია მაურო კამორანეზი, დავიდ ტრეზეგე, პაველ ნედვედი და ყველა ის დიდი ფეხბურთელი და ადამიანი არ გავიხსენო, რომელთაც ტურინის “იუვენტუსი” უმძიმეს მომენტში არ მიატოვეს და მასთან ერთად სერია B-ში თამაშს დათანხმდნენ.
- 2006 წელს თავისუფლად შეგეძლოთ ისეთ კლუბში გადასვლა, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა, თქვენ კი დაბალ ლიგაში ასპარეზობა ისურვეთ. რატომ?
- დაუფარავად გეტყვით, “იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი რაოდენობის სარფიანი წინადადება სწორედ მე მივიღე. როგორ გგონიათ, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ სერია B-ში თამაში ფსიქოლოგიურად ადვილი იყო? მაგრამ “იუვეს” სიყვარულმა ყველაფერი გადაძალა. თანაც, არ მინდოდა ტურინში დარჩენილი ფეხბურთელებისთვის მეღალატა. არათუ ვნანობ 2006 წელს “იუვენტუსში” დარჩენას, ღმერთს მადლობას ვწირავ, ასე რომ მოხდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ საბოლოოდ უდიდესი სიხარული განვიცადე.
- ბევრს საუბრობენ იმაზე, “იუვემ” 28-ე სკუდეტო მოიპოვა თუ 30-ე...
- ეს დავა არასდროს დასრულდება. მინდორზე 5 სკუდეტო მოვიგე, ქაღალდზე – 3.
- ამ სასიხარულო დღეს რას ეტყოდით ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებს?
- მათთან ხშირი კონტაქტი მაქვს. ვულოცავ ჩვენ ერთგულ ქომაგს მორიგ ტიტულს და მსურს შევახსენო მათ “იუვეს” სტადიონის გახსნის დღეს რა ვუთხარი. ცერემონიალის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს მივუახლოვდი და პირდაპირ განვუცხადე, რომ სკუდეტოს არავის დავუთმობდით. სეზონის წინ იგივე ვუთხარი “მილანის” ფეხბურთელებსაც. “როსონერის” მოთამაშეებს ჩემი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოთ, რამათ ძალიან გამაბრაზა და გამაღიზიანა. აგვისტოდან მოყოლებული მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი და როგორც ხედავთ, ოცნება ამიხდა.

 
მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.11698