ფეხბურთი

10:47 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯანფრანკო ძოლა: “მარადონას პარტნიორობა რომ არა, მაღალი კლასის ფეხბურთელი ვერ დავდგებოდი”

 კუნძულ სარდინიაზე დაბადებულ-აღზრდილ ჯანფრანკო ძოლას მართლაც რომ გამორჩეული საფეხბურთო კარიერა აქვს.იგი 39 წლამდე თამაშობდა პროფესიულ დონეზე და ყველგან (“ნაპოლი”, “პარმა”, “ჩელსი”, “კალიარი”) გამორჩეული ფიგურა გახლდათ. ნეაპოლში ძოლა დიეგო არმანდო მარადონასა და კარეკას მხარდამხარ თამაშობდა, 2003 წელს კი “ჩელსის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სამოთამაშეო კარიერის განმავლობაში ჯანფრანკომ 628 მატჩი ჩაატარა, 193 გოლი გაიტანა, ბუცების ლურსმანზე დაკიდების შემდეგ კი სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი – ჯერ “ვესტ ჰემ იუნაიტედს” ედგა სათავეში, ამჟამად კი “უოტფორდის” დამრიგებელია.

 - თქვენი სამოთამაშეო კარიერა 2 ათეულ წელს უტოლდება. სხვადასხვა ტურნირსა და დონეზე უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაგიტარებიათ. ყველაზე მეტად რომელმა მატჩმა გაგახარათ და დაგწყვიტათ გული?

- ყველაზე მეტად ავადმოსაგონებელი შეხვედრა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავატარე. არასდროს დამავიწყდება ბოსტონის “ფოქსბოროს” სტადიონი. ნიგერიელებთან სამერვედფინალო დაპირისპირების 65-ე წუთზე ბეპე სინიორი შევცვალე, თუმცა, თავის გამოჩენის საშუალება არ მომეცა – ათიოდე წუთში მექსიკელმა არბიტრმა ბრისიომ ცხვირწინ წითელი ბარათი ამიფრიალა და გასახდელისკენ მიმითითა. საამაყო და ბედნიერ წუთებს რაც შეეხება, ასეთი მრავლად მქონდა, თუმცა, მაინც 2 მატჩი უნდა გამოვყო. ორივე შემთხვევა “უემბლის” უკავშირდება. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც “ჩელსისთან” ერთად პირველად მოვიგე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შეხვედრაც, როდესაც “სკუადრა აძურას” მაისურათი  ინგლისის ნაკრებს გოლი გავუტანე.

- ამ გოლმა მოგანიჭათ ყველაზე დიდი სიხარული?

- ულამაზესი ბურთი გავუტანე “ნორვიჩს”, განსაკუთრებით კი ის გოლი მსურს გამოვყო, რომელიც “იუვენტუსს” გავუტანე – მატჩის ბოლო წუთზე ტურინელ მცველებზე მაღლა ავხტი და თავით დარტყმის შემდეგ ბუფონს შანსი არ დავუტოვე. შესაძლოა, ეს გოლი იმიტომაც დამამახსოვრდა ასე მკაფიოდ, სერია A-ში უკანასკნელ სეზონს რომ ვატარებდი.

- როდესაც ბავშვი იყავით, გჯეროდათ, იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რომ  გახდებოდით?

- ამაზე არასდროს მიფიქრია. ფეხბურთი უზომოდ მიყვარდა, ამიტომაც დავიწყე მისის თამაში და ჩემი საზრუნავ-საფიქრალი მხოლოდ ოსტატობის შემდგომი ზრდა და დახვეწა გახლდათ. ძალიან ბევრს ვშრომობდი, თუმცა გამიმართლა კიდეც. თავის დროზე დიეგო არმანდო მარადონას პარტნიორობა რომ არა, ვეჭვობ, ამგვარი კლასის ფეხბურთელი დავმდგარიყავი.

- რა გრძნობა გეუფლებოდათ, როდესაც მარადონას პარტნიორი იყავით? როდესაც თქვენი საფეხბურთო გზები გაიყო, ხომ არ გაგიჭირდათ უმისოდ თამაში?

- აკი მოგახსენეთ, კარგი ფეხბურთელი რომ გავხდი, მარადონას დამსახურებაა. ყოველთვის ვცდილობდი არგენტინელისთვის მიმებაძა და მისი სათამაშო ელემენტები გადმომეღო. სრულად, ცხადია, ეს ვერ შევძელი, ნაწილობრივ კი მოვახერხე. მას შემდეგ კი რაც ერთმანეთს დავშორდით და სხვადასხვა კლუბებში გავაგრძელეთ ასპარეზობა, უხერხულობა სულაც არ მიგრძვნია. დიეგოსთან მხარდამხარ გამოსვლა უდიდესი სკოლაა და მისის “სრული კურსის” გავლის შემდეგ დამოუკიდებლად თამაში არავის გაუჭირდება.

- მარადონასთან მინდორზე ურთიერთობისას უპირველესად რომელი ეპიზოდები გახსენდებათ?

- დიეგო ყოველთვის 10 ნომრიანი მაისურათი თამაშობდა. ერთხელაც პიზაში იტალიის თასის მატჩის წინ მან მითხრა, მოდი, მაისურები გავცვალოთო და მინდორზე “ცხრიანით” გავიდა. მან მითხრა, ჩემ მეგობარ კარეკას მსურს პატივი ამგვარი ჟესტით მივაგოო. მოგვიანებით კი მივხვდი, დიეგო “ათიანით” თამაშს მაჩვევდა. მან მიმანიშნა, რომ შემცვლელად მიმიჩნევდა, რაც ჩემთვის ფრიად საამაყოა.

- იტალიელ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიაშურეთ ავტორიტეტულ ინგლისურ კლუბს. ლონდონის “ჩელსიში” გადასვლისას რამდენად იმოქმედა თქვენზე ჯანლუკა ვიალის წარმატებულმა გამოსვლამ “სტემფორდ ბრიჯზე”?

- როდესაც ლონდონელებმა მათ გუნდში გადასვლის წინადადებით მომმართეს, ბევრი არ მიფიქრია, იმდენად კარგი პირობები შემომთავაზეს. ცხადია, “ჩელსიში” თანამემამულის, თანაც ისეთი დიდი ფეხბურთელის, როგორიც ლუკაა, ყოფნა ნისლიან ალბიონზე გადაბარგების დამატებითი სტიმული გახლდათ.

- “ჩელსიში” ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ირიცხებოდნენ. ყველაზე მეტად რომელი მათგანი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათითა და ფსიქიკით?

- ყველანი პიროვნებები ვიყავით, ამიტომაც რომელიმეს გამოყოფა მიჭირს, თუმცა, მაინც მცველს დენის უაიზს დავასახელებდი. იგი გუნდის კაპიტანი იყო და ბიჭების შეკავშირების იშვიათი უნარით გახლდათ დაჯილდოვებული. იმდროინდელ “ჩელსიში” ძირითადად უცხოელები ვთამაშობდით, თუმცა, საგანგებოდ მსურს აღვნიშნო, რომ გუნდში “ინგლისური სული” სუფევდა.

- ინგლისურ პრემიერლიგაშიც გითამაშიათ და იტალიურ სერია A-შიც. თქვენი აზრით, რომელი დივიზიონია უფრო ძლიერი?

- ძნელი სათქმელია. გასული საუკუნის 90-იან წლებში იტალიის ჩემპიონატს ვერც ერთი ლიგა ვერ შეედრებოდა. ჩვენს ქვეყანაში ხომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობდნენ. შემდეგ “კალჩოში” სხვადასხვა ხასიათის სირთულეები წარმოიშვა. მარტო ფინანსურს არ ვგულისხმობ. მოთამაშეებმა გარკვეულწილად თამაშისადმი მიდგომა შევცვალეთ. ეს ძალაუნებურად მოხდა და ვერ აგიხსნით გამომწვევ მიზეზს. როდესაც “ჩელსიში” გადავედი, ინგლისური ფეხბურთი ხელმეორედ დგებოდა ფეხზე. კლუბების საევროთასო იზოლაციამ ალბიონურ ფეხბურთს დიდი დარტყმა მიაყენა და ძველ სიმაღლეებზე დასაბრუნებლად გარკვეული დრო იყო საჭირო. ინგლისური ფეხბურთის რენესანსში დიდი როლი უცხოელმა ფეხბურთელებმა შევასრულეთ.

- ხომ არ გგონიათ, რომ ინგლისში თამაში “სკუადრა აძურაში” გამოძახებაში ხელს გიშლიდათ? იტალიის ეროვნულ ნაკრებში ხომ მხოლოდ 35 შეხვედრა გაქვთ ჩატარებული და ლონდონში გადასვლის შემდეგ თქვენი ქვეყნის უპირველეს გუნდში პრაქტიკულად აღარ გითამაშიათ...

- მოდით ასე ვთქვათ – ინგლისში გადასვლამ სანაკრებო კარიერას ხელი არ შეუწყო. როდესაც “ჩელსიში” თამაში განვიზრახე, კარგად მესმოდა, “სკუადრა აძურაში” გამოსვლას საფრთხეს რომ ვუქმნიდი, მაგრამ ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სწორედ “ჩელსი” გახდა ნაკრები.

- 1998 წლის მუნდიალზე რატომ არ წაგიყვანეს?

- ამ კითხვით უმჯობესია ჩეზარე მალდინის მიმართოთ. ისე კი, ჩემ ამპლუაში მას რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო ჰყავდა. უნდა ვაღიარო, რომ ორივენი მჯობდნენ.

- თქვენი თაობის იტალიელ ფეხბურთელთაგან საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?

- რობერტო ბაჯოს. მეორე-მესამე საფეხურებზე კი პაოლო მალდინისა და ფრანკო ბარეზის დავაყენებდი.

- “ჩელსის” ამჟამინდელი ფორმაციის გუნდში თამაში სიამოვნებას მოგანიჭებდათ?

- თანამედროვე “ჩელსიში” არ მგონია ისეთივე ბედნიერი ვიყო, როგორიც 2 საუკუნის მიჯნაზე გახლდით. მართალია, ინგლისის ჩემპიონობა ვერ მოვიგეთ, მაგრამ ნებისმიერი ჩვენთაგანი იმ პერიოდს უდიდესი კმაყოფილებითა და სიხარულით იხსენებს. ჩვენ ფეხბურთით ვცხოვრობდით. ერთი სიტყვით, მე იმ “ძველი” “ჩელსის” ნაწილი ვარ.

- კარიერის “კალიარიში” დასრულება რატომ გადაწყვიტეთ?

- მე ხომ სარდინიის პატარ ქალაქ ოლიენაში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელის რანგში ადრე თუ გვიან სამშობლოში დავბრუნდებოდი. გაცილებით უფრო მაღალანაზღაურებად კონტრაქტებზე მთავაზობდნენ ხელის მოწერას, მაგრამ 2003 წელს ფულს სამშობლო ვამჯობინე.

0.115777